კი ვთქვით, შემადგენლობა საბოლოოდ დაკომპლექტდაო, მაგრამ "ვირტუსის" ხელმძღვანელი კლაუდიო საბატინი ორ გვარს ასახელებს და ამბობს - ამ კალათბურთელებთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ, რათა ამერიკაში ლოკაუტის დასრულებამდე ჩვენი გუნდის რიგებში ითამაშონო. პირველია "სან ანტონიო სპურსის" არგენტინელი ვარსკვლავი მანუ ჯინობილი. შეგახსენებთ, რომ იგი ოკეანის გაღმა სწორედ "ვირტუსიდან" წავიდა.
დავუბრნდეთ ვიქტორ სანიკიძეს, რომელსაც ერთი წყარო მადრიდის "რეალში" გადასვლას უწინასწარმეტყველებს. აქვე უნდა შეგახსენოთ, რომ მადრიდული კლუბის ინტერესზე 2010 წელსაც დაიწერა, მაგრამ ტრანსფერი არ შედგა. ამჯერად რამდენად სერიოზულია "სამეფო კლუბის" ქართველისადმი ინტერესი, მალე გამოჩნდება. იტალიის ჩემპიონატი 9 ოქტომბერს იწყება.
პირველ ტურში "ვირტუსი" "რომას" უმასპინძლებს. საინტერესოა, რომ ამ ზაფხულს სანიკიძის გადაყვანა თურქულ "ბეშიქთაშსაც" სურდა, მაგრამ გუნდები ტრანსფერზე ვერ შეთანხმდნენ. ვიქტორს ბოლონიელებთან კონტრაქტის მიხედვით კიდევ ერთი წელი აქვს სათამაშო.
ამასობაში პოპულარულ საიტ "ევრობასკეტზე" გამოქვეყნდა ევროპის ჩემპიონატის საუკეთესოთა ჩამონათვალი. ტურნირის ყველაზე ღირებულ კალათბურთელად ხუან კარლოს ნავაროა დასახელებული. მასვე ერგო საუკეთესო უკანახაზელის ტიტული. ნომერ1 ფორვარდი ანდრეი კირილენკოა, ხოლო ცენტრი - პაუ გასოლი. ევრობასკეტის საუკეთესო მწვრთნელად ესპანელთა დამრიგებელი სერხიო სკარიოლო აღიარეს.
ამას მოსდევს სამი სიმბოლური ნაკრები და საპატიო ათეული. სწორედ ამ ათეულში გვხვდება ქართული გვარი: ვიქტორ სანიკიძე (საქართველო), ანტონის ფოცისი (საბერძნეთი), ანტე ტომიჩი (ხორვატია), ტომას კელატი (პოლონეთი), ანდრეა ბარნიანი (იტალია), ლიორ ელიაჰუ (ისრაელი), გორან დრაგიჩი (სლოვენია), მარკ გასოლი (ესპანეთი), მირზა ტელეტოვიჩი (ბოსნია), რიჩარდს კუკსიკსი (ლატვია).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"