ჰოსლი ნიკა მეტრეველის გვერდით

AutoSharing Option
მკითხველს ემახსოვრება, რომ ნიკა მეტრეველმა ნაკრების მწვრთნელ იგორ კოკოშკოვს ევრობასკეტის დაწყებამდე სთხოვა დათხოვნა, რათა ახალ კლუბ "სისარი დინამოში" დროულად ჩასულიყო. მწვრთნელმა ნება დართო და ნიკაც თითქმის ერთი თვეა იტალიაშია.

სერია A 9 ოქტომბერს იწყება. პირველობისთვის დინამოელები გამალებით ემზადებიან - ეთამაშნენ როგორც ევროპის გამორჩეულ, ასევე მეორეხარისხოვან გუნდებს. რაც მთავარია, ნიკა მეტრეველს თამაში ყოველ მატჩში უწევს და არც მოედანს ტოვებს უქულოდ.

ვიდრე კონკრეტულად შეხვედრებს შევეხებოდეთ, მოგახსენებთ, რომ სისარელთა რიგებში ოთხი ამერიკელია: ტრევის და დრეიკ დიენერები, კეიტ ბენსონი და ქუინტონ ჰოსლი. ეს უკანასკნელი
ქართველ ქომაგს კარგად ემახსოვრება - გასულ სეზონში საქართველოს მოქალაქეობა მიიღო და ჩვენს ეროვნულ გუნდში საკონტროლო შეხვედრებიც ითამაშა. იგი სარდინიულ კლუბში ესპანური "ხუვენტუდიდან" გადავიდა.

ასე რომ, ნიკა მეტრეველის ახალმა გუნდმა მომავალ სეზონში შეიძლება ოქროსთვის ვერ იბრძოლოს, მაგრამ არავისზე ნაკლები გუნდი იქნება.

ახლა თითო აბზაცით საკონტროლო მატჩებს შევეხოთ. ბოლო შეხვედრაში "დინამო სისარი" ამერიკელებით გაძლიერებულ ყაზახურ "ასტანას" დაუპირისპირდა და ბოლო წუთებზე 76:79 დამარცხდა. მეტრეველმა 4 ქულა ჩააგდო, ჰოსლიმ - 16.

სარდინიელები ყაზახებამდე რუსებს "დაეჭიდნენ" და პეტერბურგის "სპარტაკთან" 75:81 დათმეს. მეტრეველმა 8 ქულა მოაგროვა, ჰოსლიმ 13 ბალს უწია.

სისარელთა ყველაზე ძლიერი მეტოქე თურქული "ბეშიქთაში" იყო, რომლის რიგებშიც დერონ უილიამსი ირჯება. მატჩის 38-ე წუთამდე იტალიელები გამარჯვების შანსს ინარჩუნებდნენ, მაგრამ საბოლოოდ 71:82 ანგარიშით დამარცხდნენ.

"ბეშიქთაშთან" ქუინტონ ჰოსლიმ 11 ქულას მოუყარა თავი, ხოლო მეტრეველი 2-ს დასჯერდა.

თურქულ გრანდთან თამაშამდე "დინამო სისარი"-მ ასევე თურქეთის წარმომადგენელ "ოლინ ერდინესთან" გაინავარდა - 72:58. ამ მატჩში ვერც ნიკა ასცდა 10-ქულიან ნიშნულს და ვერც ქუინტონი. პირველმა 4 ქულა მოინაგრა, მეორემ - 9.

გაცილებით დასამახსოვრებელი იყო "ვარალოს" ტურნირის ფინალში "მილანთან" გამარჯვება - 84:73. მესამე პერიოდის შემდეგ "სისარელებს" შეხვედრის ბედი სათავისოდ ჰქონდათ გადაწყვეტილი, 71:51-ს იგებდნენ. მატჩის ბომბარდირობა არავის დაუთმო ქუინტონ ჰოსლიმ, ხოლო ნიკა მეტრეველი თანაგუნდელებს 4 ქულით შეეწია.

სერია A-ს პირველ ტურში, 9 ოქტომბერს "დინამო სისარი" "მონფერატოს" მიიღებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული