შენგელიას ბელგიაში ელიან

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ფორვარდი თორნიკე შენგელია მომავალ სეზონში ბელგიაში ითამაშებს. მან ჩემპიონ "შარლერუასთან" გააფორმა კონტრაქტი. ეს გუნდი 2010-11 წლების სეზონში ევროთასზე ითამაშებს, თუმცა...

- თორნიკე "შარლერუას" ორწლიანი ხელშეკრულებით დაუკავშირდა, თუმცა ამ სეზონში იგი იჯარის წესით "პეპინსტერში" ითამაშებს. მომდევნო სეზონში კი "შარლერუას" ღირსებას დაიცავს, - გვითხრა შენგელიას მენეჯერმა ლევან მიქელაძემ.

ლევანმა ასევე ილაპარაკა ბელგიის ჩემპიონატსა და უშუალოდ გუნდზე:

- "შარლერუა" ბელგიის ყველაზე ტიტულოვანი გუნდია. სწორედ აქედან წავიდა მადრიდის "რეალში" აქსელ ერველე, ხოლო NBA-ში - მუჰამედ სენე და დი ჯეი მბენგა. ეს იმას
ნიშნავს, რომ ბელგიის ჩემპიონატს სკაუტები დიდ ყურადღებას აქცევენ, რაც გასაკვირი სულაც არ არის - ბელგიელებს ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო პირველობა აქვთ. რაც შეეხება "პეპინსტერს", მასშიც არიან ამერიკელები, თუმცა საჩემპიონო ამბიცია არ გააჩნია.

შარშან "შარლერუაში" ბელგიის ნაკრების უკანახაზელი ჯონათან ტაბუ თამაშობდა, რომელიც გაისად მანუჩარ მარკოიშვილის გვერდით "კანტუში" იასპარეზებს. ახლახან "შარლერუას" მიაშურა ბელგიის ნაკრების მეფარე კრისტოფ ბეგინმა.

- შენგელია ოქტომბერში 19 წლისა გახდება. ამ ასაკში მისთვის მთავარი სათამაშო დროა. "პეპინსტერში" თორნიკეს საკმარისი დრო ექნება და ვიმედოვნებ, შესაძლებლობებს სრულად გამოავლენს. გუნდთან ვარჯიშის პარალელურად იგი ინდივიდუალური პროგრამით ძლიერ სპეციალისტთანაც მოემზადება, - გვითხრა ლევან მიქელაძემ.

საინტერესოა კიდევ ერთი დეტალი - შარშან შენგელიამ "ვალენსიასთან" ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომელსაც ვადა 2011 წელს გასდიოდა...

- "ვალენსიამ" გაზაფხულზე ევროთასი მოიგო და ახლა ევროლიგისთვის ემზადება. ახალ მწვრთნელს ახალგაზრდებისთვის ნაკლებად სცალია, ება-ს ლიგაში თამაში კი სასურველი აღარაა. ამიტომ "ვალენსიას" ხელმძღვანელობასთან ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე კონტრაქტი გავწყვიტეთ, - გაგვარკვია მენეჯერმა.

თორნიკე შენგელია "პეპინსტერს" სანაკრებო მატჩების დასრულებისთანავე შეუერთდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული