გიორგი ცინცაძე: როკში ევროპის ჩემპიონატისთვის ბუ 16 ქულით იწყებს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების გამთამაშებელი გიორგი ცინცაძე ესტონეთში დიდი სიყვარულით მიიღეს. მისი კომენტარებით იქაური გაზეთები აჭრელებულია, ხოლო ტარტუს ერთ-ერთმა საზოგადოებრივ-პოლიტიკურმა გაზეთმა სულაც ბუს გუნდში მისვლის ფოტოგალერეა გამოაქვეყნა.

"როკის" ქომაგებს კარგად ახსოვთ ორი წლის წინანდელი ცინცაძე, რომელმაც გუნდს არაერთი ტიტული მოაგებინა. სხვათა შორის, გიორგიმ მათ "ძველი ცინცაძე" პირველივე საკონტროლო მატჩში გაახსენა: ლატვიურ "ლიეპაიასთან" 16 ქულა ჩააგდო. მეოთხე პერიოდის წინ "როკი" 53:56-ს აგებდა, ბოლო მოთხედში კი სწორედ ქართველის აქტიურობის შედეგად 76:74 მოიგო.

"როკერები" აქტიურად ემზადებიან ბალტიის თასისთვის, რომელიც 24-25 სექტემბერს გაიმართება. ერთი ნახევარფინალური წყვილი
ლიტვურმა "რიტასმა" და ლატვიურმა "ვენტსპილსმა" შეადგინეს, მეორე - ესტონურმა კლუბებმა "ტარტუ როკმა" და "კალევმა".

ინტერნეტ-გაზეთი "პროსტიმეეს" კორესპონდენტმა ანდრიუს ნილკმა ბუს შესახებ საინტერესო მასალა მოამზადა, რომელსაც "ცინცაძე შინ დაბრუნდა" ჰქვია.


როკი

"ტარტუში" ჩამოსულ გიორგი ცინცაძეს ყოფილი თანაკლუბელი გერტ კულმაე დახვდა. იგი ქართველს მწვრთნელის როლში წარუდგა - ინდრიკ ვესპაანუს თანაშემწედ დაინიშნა.

- გუნდის თამაში მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული უკანახაზელებზე. გიორგი ცინცაძე სწორედ ისეთი ტიპისა და ხასიათის კალათბურთელია, რომელსაც თანაგუნდელების აყოლიება შეუძლია, - აცხადებს გერტ კულმაე, რომელსაც ესტონეთის ნაკრებში თამაშის გამოცდილებაც აქვს.

ცინცაძე ტემპერამენტიანი კალათბურთელია, შეტევაში ელვასავით ერთვება და ბახ! ფიბას ევროთასზე მისი "ურალ გრეიტთან" თამაში გულშემატკივარს კარგად ახსოვს, არც მსაჯის მიმართულებით ნატყორცნი ბურთი დავიწყებიათ და არც არბიტრისთვის ნაჩვენები შუა თითი...

- ცინცაძეს შესანიშნავად ვიცნობთ. მისი უარყოფითი მხარეებიც ვიცით და ისიც, რომ ბევრი შეუძლია. იგი გუნდის ნამდვილი ლიდერია, თუმცა ვარჯიშზე კალათბურთელებისთვის არასოდეს მითქვამს: ეს თქვენი ლიდერია-მეთქი. ახლა მთავარია, ცინცაძე ახალ შემადგენლობას კარგად შეეწყოს. დანარჩენს უშუალოდ თამაშები გვიჩვენებს, - მოგვითხრობს "ტარტუ როკის" მთავარი მწვრთნელი ინდრიკ ვესპაანუ.

ქართველი კალათბურთელი ესტონეთში განსაკუთრებით მოტივირებული ჩამოვიდა...

- გიორგი გასული სეზონით უკმაყოფილოა. ოთხ კლუბში იყო, თუმცა სხვადასხვა მიზეზის გამო ვერც ერთგან მოახერხა საკუთარი თამაშის დემონსტრირება. ამიტომ ტარტუში მოტივირებული ჩამოვიდა და გუნდთან ერთად აქტიურად ემზადება. მისი თამაში "როკისთვისაც" ახალი იმპულსი იქნება, - დასძენს გერტ კულმაე.


ნაკრები

ცინცაძის ესტონეთში დაბრუნების ერთ-ერთი მიზეზი ევროპის ჩემპიონატია:

- მქონდა წინადადება გერმანიიდანაც, მაგრამ "ტარტუ როკი" ვარჩიე. აქ იმიტომ დავბრუნდი, რომ ვიცი, "როკი" კარგი ორგანიზაციაა, გუნდიც სერიოზულია. აქაურებს კარგად ვიცნობ და მათაც იციან ჩემი შესაძლებლობები. მინდა, ბევრი ვითამაშო, რათა სათანადო ფორმაში შევიდე და მომავალი წლის სექტემბერში საქართველოს ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატზე ღირსეულად გამოვიდე.
საქართველოს ეროვნულმა გუნდმა შესარჩევ ტურნირში 8-დან 5 მატჩი მოიგო. გიორგი ცინცაძე სასტარტო ხუთეულში იყო (5.5 ქულა, 2.6 პასი), თუმცა ნაკრებში ისეთი სტატისტიკა არ ჰქონია, როგორიც მანამდე...

- გასულ სეზონში საკლუბო წარუმატებლობებმა სანაკრებო თამაშებზეც იქონია უარყოფითი გავლენა. მწვრთნელიც ბოლომდე არ მენდობოდა. თუმცა მესმის, რომ ეს არადამაჯერებელი სეზონის გამო მოხდა. რაც მთავარია, ნაკრებმა ითამაშა კარგად და გაისად ევროპის ჩემპიონატზე ვითამაშებთ, - ოპტმიზმით ამბობს 24 წლის გამთამაშებელი.

- ნაკრებში ცინცაძის სტატისტიკური მონაცემები ისეთი არ იყო, როგორიც უნდა ყოფილიყო. ქართველთა ნაკრების თამაში არ მინახავს, მაგრამ მივიღე ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც შეიძლება ასეთი სტატისტიკის გამართლება, - ამბობს ინდრიკ ვესპაანუ.


კარიერა

გიორგი ცინცაძემ ახალგაზრდულ ასაკში მიაღწია აღიარებას. 2003 წელს ბათუმის გუნდში ითამაშა და საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო კალათბურთელი გახდა. 17 წლისა მოსკოვის ცსკა-ში ჩაირიცხა, შემდეგ იყო "სამარა", "ურალ გრეიტი", მოსკოვის "დინამო"...
2006-07 წლების სეზონში ბუ პირველად გამოჩნდა "ტარტუ როკის" შემადგენლობაში. 21 წლის ახალგაზრდა თავიდანვე გუნდის ლიდერად იქცა, თუმცა სეზონის ბოლოს მწვრთნელმა არვიდას ბრაზისმა სასტარტო ხუთეულში ჩასვა ახალწვეული დევიდ ბეილი, რომელმაც იმედები ბოლომდე ვერ გაუმართლა.

2007-08 წლებში "როკში" უკეთესი მწვრთნელი მოვიდა: ულარ კერდეს დანიშვნის შემდეგ "ტარტუს" თამაში დაბალანსდა და ცინცაძემაც საკუთარი თავი იპოვა. ფიბას ევროთასის მეოთხედფინალში "ურალ გრეიტთან" "როკს" ძალიან გაუჭირდა. სწორედ ამ დროს თამაში საკუთარ თავზე ცინცაძემ აიღო და მეოთხე პერიოდში მასპინძლებს გამარჯვება მოაპოვებინა. "ტარტუმ" მეოთხედფინალში მომავალ ჩემპიონ ლატვიის "ბარონსთან" დათმო, გიორგი კი ფიბას ევროთასის სიმბოლურ ხუთეულში მოხვდა.

2008-09-ის სეზონის დასაწყისში ქართველი გამთამაშებელი ერთგვარად ნერვულად თამაშობდა. ვილნიუსში "რიტასსთან" მატჩისას მან მსაჯს ბურთი ესროლა, რის გამოც 310 ევროთი დაჯარიმდა. ესტონეთის ჩემპიონატის ფინალურ სერიაში გიორგიმ "კალევის" გამთამაშებელ ნეით ფოქსთან იჩხუბა (ჯარიმა 5 000 კრონი), თუმცა სეზონის ბოლოს იგი დამსახურებულად დასახელდა ესტონეთის პირველობის საუკეთესო კალათბურთელად."


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული