ელისი ჩვენი ეროვნული გუნდის ღირსებას ოთხი წლის განმავლობაში იცავდა (2006-2009). ამ ზაფხულს ნაკრებში იმიტომ ვერ ჩამოვიდა, რომ მისი მეუღლე ბავშვს ელოდა. ამიტომ ტაირონმა კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებს სთხოვა, ერთი წლით დაესვენებინათ. ელისი მზადაა ჩვენს ნაკრებში დასაბრუნებლად და თუ მწვრთნელი იგორ კოკოშკოვი გამოუძახებს, სიამოვნებით ჩამოვა. ასე რომ, ისევე, როგორც შარშან, ტაირონ ელისის მიერ ჩატარებულ საკლუბო მატჩებს ძველებური ინტერესით უნდა მივადევნოთ თვალი.
არის
რაც შეეხება მესამე ნატურალიზებულს - ქუინტონ ჰოსლის, იგი წლეულს საქართველოს ნაკრებთან ერთად ვარჯიშობდა, თუმცა ოფიციალურ შეხვედრებში არ უთამაშია (მწვრთნელს კონკრეტული მატჩის განაცხადში ერთი ნატურალიზებულის შეყვანის უფლება აქვს). აქედან გამომდინარე, ნაკლებად სავარაუდოა, მას 2011 წელს საქართველოს ნაკრებში თამაშის საშუალება მიეცეს. თუმცა, ესპანეთის ჩემპიონატის მიმოხილვებში ცქიტიშვილზე, გრინსა და ელისზე წერისას ორიოდე სიტყვით ჰოსლის თამაშსაც შევეხებით.
***
დავიწყოთ ნიკა ცქიტიშვილით, რომელსაც თბილისში ბავშვი შეეძინა და ესპანეთიდან სამშობლოში რამდენიმე დღით ჩამოვიდა. ნიკა "ლაგუნ აროს" უკვე დაუბრუნდა და სანსებასტიანელებთან ერთად მორიგი საკონტროლო მატჩი ჩაატარა. ბასკების მეტოქე ფრანგული "პო ორტეზი" იყო, რომელმაც მასპინძლებს საწყის 30 წუთში დიდი წინააღმდეგობა გაუწია, მეოთხე რაუნდში კი "ლაგუნ აროს" კალათისკენ "გზა დაეკარგა" და 6:20 დათმო. საბოლოოდ 78:60 ცქიტიშვილის გუნდის სასარგებლოდ.
"გამარჯვებულთა შორის ყველაზე სასარგებლო ალბერტო მირალესი იყო - 15 ქულა, 8 მოხსნა. წარმატებაში არცთუ მცირე წვლილი შეიტანა ცქიტიშვილმა: 24 წუთი, 7 ქულა, 5 მოხსნა. მან 4-დან 2 ორქულიანი და 3-დან 1 სამიანი ჩააგდო.
***
ტორინ გრინის "გრან კანარიას" "დიპუტასიონის თასის" მოგებამდე ცოტა დააკლდა. ფინალში კანარის კუნძულელებმა ბოლო წუთებზე წააგეს "კახა ლაბორალთან" - 62:67. არადა, გრინის თანაგუნდელთათვის ყველაფერი კარგად დაიწყო - პირველი მეოთხედი 21:12 მოიგეს. ლაბორალელებმა მეორე ტაიმში მოახერხეს მდგომარეობის გამოსწორება.
საქართველოს ნაკრების ამერიკელმა გამთამაშებელმა მოედანი 11 ქულით დატოვა.
მანამდე "გრან კანარიამ" "ვალიადოლიდთან" სტუმრად 84:87 დათმო. გრინმა 10 ქულა მიითვალა.
***
ტაირონ ელისი სეზონის დასაწყისში "კახასოლიდან" მადრიდის "ესტუდიანტესში" გადავიდა. სტუდენტებმა მორიგ საკონტროლო მატჩში ევროლიგის წარმომადგენელ "ვალენსიასთან" ათქულიანი სხვაობით წააგეს - 65:75.
ტაირონმა 7 ქულა ჩააგდო. მატჩის ბომბარდირი კი ბელგიელი დრიესენი გახდა - 17 ქულა.
ორიოდე დღის შემდეგ "ესტუდიანტესმა" "გრანადასთან" 84:70 იმარჯვა. ტაირონ ელისს ამ მატჩში მონაწილეობა არ მიუღია.
***
ბოლოს ქუინტონ ჰოსლიზე, რომელიც თურქული "იზმირიდან" კატალონიურ "ხუვენტუდში" გადავიდა. ამხანაგურ მატჩში ჰოსლის ახალმა კლუბმა 78:85 დათმო ვოვა ბოისას ყოფილ გუნდ "მენორკასთან". ქუინტონი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 8 ქულით გამოირჩა.
ორიოდე დღით ადრე კი "ხუვენტუდი" კატალონიის ჩემპიონობისთვის "ბარსელონას" "დაეჭიდა". როგორც მოსალოდნელი იყო, გამარჯვება "ბარსას" დარჩა - 95:79.
ამჯერად ჰოსლი სასტარტო იყო და საბოლოოდ 6 ქულა მოუგროვდა.
ესპანეთის ჩემპიონატი 2 ოქტომბერს დაიწყება. მანამდე, 29 სექტემბერს ტორინ გრინის "გრან კანარია" ევროთასის შესარჩევ მატჩში ხორვატიის "ზაგრებს" ესტუმრება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"