გიორგი შერმადინი: მოსკოვში შარშანდელი მიღწევა უნდა გავიმეოროთ

AutoSharing Option
გიორგი შერმადინის "პანათინაიკოსმა" სერბული შეკრება დაასრულა და საბერძეთში დაბრუნდა. "მწვანეები" ათენში დიდხანს არ დარჩებიან, რადგან უახლოეს დღეებში სერიოზული საერთაშორისო ტურნირი ელით: 2-3 ოქტომბერს მოსკოვი ალექსანდრე გომელსკის სახელობის მემორიალს უმასპინძლებს. 2 ოქტომბერს, ნახევარფინალში შერმადინის თანაგუნდელები რუსულ "ხიმკის" დაუპირისპირდებიან. გამარჯვებული ფინალში ცსკა-"პარტიზანს" შორის მოგებულს ეთამაშება.

- სერიოზული მატჩები გველის, სეზონის დასაწყისია და ჯერ ძნელია განსაზღვრა, რომელი გუნდი როგორ ფორმაშია, მაგრამ გომელსკის თასზე ყოველთვის ძლიერი გუნდები თამაშობენ და არც ეს შეჯიბრება იქნება გამონაკლისი. შარშან თასი ჩვენ დაგვრჩა, ძალიან მინდა წინა წლის წარმატების გამეორება,
- გვითხრა გიორგი შერმადინმა ათენიდან. "პანათინაიკოსი" საბერძნეთიდან რუსეთში 1 ოქტომბერს მიემგზავრება.

მანამდე ჟურნალისტები და "მწვანეების" მწვრთნელები სერბულ შეკრებას აჯამებენ. საბერძნეთის ჩემპიონმა სერბეთში ოთხი საკონტროლო მატჩი ჩაატარა და ოთხივე მოიგო. ბოლოს "პანათინაიკოსმა" სერბულ "ჟელეზნიკს" სძლია - 91:76. პირველი პერიოდის შემდეგ სტუმრებმა მცირე უპირატესობა მოიპოვეს და ბოლო წუთებამდე მეტოქისთვის გასწრების საშუალება არ მიუციათ.
გიორგი შერმადინმა გამარჯვებაში სამქულიანი წილი დაიდო, ყველაზე მეტი კი კალათესმა და ნიკოლასმა ჩააგდეს - 17-17.
გიორგი სერბული შეკრებიდან ათენში კმაყოფილი დაბრუნდა:

- მძიმე ვარჯიშები გვქონდა. ასეც უნდა ყოფილიყო, სწორედ კარგი შეკრება უნდა გახდეს ოფიციალურ მატჩებში წარმატების საფუძველი. სერბეთში ოთხი მატჩი ჩავატარეთ და ოთხივეში გავიმარჯვეთ. ვიმედოვნებ, ასევე განვაგრძობთ.

საბერძნეთში ჩასულმა "პანათინაიკოსის" მთავარმა მწვრთნელმა, ჟელკო ობრადოვიჩმა იქაურ ჟურნალისტებს ვრცელი ინტერვიუ მისცა. მისი რომლიდანაც რამდენიმე საინტერესო ამონარიდს შემოგთავაზებთ.

- შარშან საბერძნეთის ჩემპიონატი მოვიგეთ, მაგრამ სეზონს მაინც ვერ დავარქმევ წარმატებულს, რადგან ევროლიგის პლეი ოფში ვერ გავედით. ამიტომ წინასწარ მაქსიმალურად კარგად ვემზადებით, რომ სეზონის მსვლელობისას ჩავარდნების რაოდენობა მინიმუმამდე შევამციროთ. სერბული შეკრების მიხედვით შემიძლია ვთქვა, რათა გუნდში შესანიშნავი ატმოსფეროა. ამ ზაფხულს დაგვაკლდნენ იასიკიევიჩუსი და სპანულისი. მათ ადგილზე მოთამაშე ახალმა კალათბურთელებმა ჩემი იმედები გაამართლეს.

"პანათინაიკოსიდან" ამერიკულ "მინესოტაში" გადავიდა ჩერნოგორიელი ნიკოლა პეკოვიჩი. შესაბამისად, წინა ხაზშიც სერიოზული ცვლილებები განხორციელდა. ეს რგოლი ჩვენთვისაც საინტერესოა, რადგან ცენტრის პოზიციაზე ქართველი გიორგი შერმადინი თამაშობს. აი, რას ამბობს ობრადოვიჩი "პანათინაიკოსის" წინა ხაზზე:

- ნიკოლა პეკოვიჩის წასვლის შემდეგ გუნდში გამოჩნდნენ მარიჩი და ვოუგიუკასი. მათ ამხანაგურ მატჩებში კარგი შთაბეჭდილება დატოვეს. თუმცა ფარქვეშ კიდევ არაერთი კარგი კალათბურთელი გვყავს: ბატისტი, შერმადინი, ცარცარისი, ფოცისი, კაიმაკოგლუ. მათ სხვადასხვა პოზიციაზე შეუძლიათ თამაში. ვნახოთ...


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული