ტორინ გრინის "გრან კანარიამ" იოლად გადალახა ევროთასის საკვალიფიკაციო ეტაპის ბარიერი. განმეორებით მატჩში კუნძულელებმა ხორვატულ "ზაგრებს" 96:60 მოუგეს და ჯგუფურ ტურნირში მონაწილეობის უფლება მოიპოვეს. პირველი მატჩი ხორვატიულ ჰქონდათ მოგებული (71:69) და ესპანეთის კუნძულოვან მხარეში იმედიანად ჩავიდნენ, თუმცა პირველივე მეოთხედმა ყველაფერი თავის ადგილზე დააყენა: გრინის (სასტარტო იყო) თანაგუნდელებმა საწყისი 10 წუთი 27:10 მოიგეს... მომდევნო 30 წუთში "გრან კანარიამ" სხვაობა კიდევ უფრო გაზარდა და ევროთასზე ღირსეულად შეაბიჯა.
საქართველოს ნაკრების უკანახაზელის ტორინ გრინის მონაგარი ასე გამოიყურებოდა: 25 წუთი, 9 ქულა, 6 პასი, 3 მოხსნა.
მან 2-2 ორქულიანი, სამიანი და საჯარიმო ისროლა და მხოლოდ ერთი შორეული ტყორცნა ააცილა. ისიც შეხვედრის ბოლო წუთებზე, როცა ყველაფერი გარკვეული იყო. მასპინძელთაგან ყველაზე მეტი, 24 ქულა ჯეის ქეროლმა ჩააგდო.
ევროთასზე გუნდები ჯგუფებად ჯერ არ გაუნაწილებიათ, წილისყრა 14 ოქტომბერს ჩატარდება. სამაგიეროდ, ცნობილია, რომ ეს შეჯიბრება 16 ნოემბერს დაიწყება. ევროთასის ჯგუფურ ეტაპზე ტორინ გრინის გარდა მანუჩარ მარკოიშვილი ("კანტუ", იტალია) და ტაირონ ელისი ("ესტუდიანტესი", ესპანეთი) ითამაშებენ.