ზაზა ფაჩულიას და თორნიკე შენგელიას ტრავმა გაუგრძელდათ

AutoSharing Option
NBA-ს მოედნებზე ისევ არ ჩანან ქართველები. ზაზა ფაჩულია და თორნიკე შენგელია თავიანთი გუნდების განაცხადში ისევ არ ჩანან.

ფაჩულიას აქილევსის მყესი აწუხებს, შენგელიას კი ტვინის შერყევის ნიშნები ჰქონდა და როგორც ჩანს, კლუბის ხელმძღვანელობა მაქსიმალურად უფრთხილდება ახალგაზრდა კალათბურთელს.

NBA-ს განვითარების ლიგიდან დაბრუნების შემდეგ შენგელია, 3 მატჩია, განაცხადში არ ყოფილა. ზუსტად ამდენი მატჩი გამოტოვა ზაზა ფაჩულიამაც.

ორივე ქართველის გუნდმა - "ატლანტამ" და "ბრუკლინმა" 6 თებერვალს გამართული მატჩები წააგეს.

"ატლანტა" სტუმრად დამარცხდა "ინდიანასთან", რომელიც იმდენადაა მოღონიერებული, რომ აღმოსავლეთ კონფერენციაში მესამე ადგილზე აღზევდა. "ქორებმა" ვერაფერი
გააწყვეს ახალამობრწყინებული ვარსკვლავის, პოლ ჯორჯის გუნდთან და საბოლოოდ 103:114 დამარცხდნენ.

"ბრუკლინმა" კი შინ დათმო შეხვედრა "ლეიკერსთან". მართალია, მასპინძლებმა პირველი მეოთხედი მოიგეს, თუმცა მეორეში განადგურდნენ, გვარიანად ჩამორჩნენ და "ლეიკერსს" მატჩის ბოლომდე ვეღარ დაეწივნენ.

საბოლოოდ "ნეთსი" 83:92 დამარცხდა და აღმოსავლეთ კონფერენციის ცხრილში მე-5 ადგილზე ჩამოქვეითდა. მეექვსეზე კი 26 მოგებითა და 21 წაგებით "ატლანტაა".

ბრუკლინელები 7 თებერვალს დეტროიტში ითამაშებენ, "ატლანტა" კი "მემფისს" უმასპინძლებს.

www.gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული