ზაზა ფაჩულიამ დირკ ნოვიცკის გამარჯვება ტეხასში აართვა

AutoSharing Option
"ატლანტა ჰოქსს" მეორე მატჩია, ეხმარება ტრავმამოშუშებული ზაზა ფაჩულია. მის გარდა, გუნდს დაუბრუნდა დევინ ჰარისი და ჯორჯიული მექანიზმიც ჩვეულად ამოქმედდა. "ატლანტამ" დამაჯერებლად ითამაშა დალასში - "მავერიქსი" 105:101 დაამარცხა.

ვახსენეთ ფაჩულია, ჰარისი, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ გამარჯვებაში ლომის წილი NBA-ს ერთ-ერთ გამორჩეულ ფორვარდ ჯოშ სმიტს მიუძღვის, რომელმაც სირენამდე 1:25 წუთით ადრე სამქულიანით "ჰოქსის" უპირატესობა 5 ქულამდე გაზარდა (99:94).

არ ნებდებოდა დალასელთა გერმანელი თავდამსხმელი დირკ ნოვიცკი. მანაც შორეული ტყორცნით სხვაობა მინიმუმამდე
დაიყვანა, თუმცა ბოლო წუთზე იმავე სმიტმა, ტიგმა, კორვერმა საჯარიმო ტყორცნები უშეცდომოდ ისროლეს და შინ გამარჯვებულები გაბრუნდნენ.

ჯოშ სმიტმა 26 ქულა და 13 მოხსნა მოაგროვა, მეორე ორმაგი დუბლი მისმა თანაგუნდელმა ელ ჰორფორდმა შეასრულა - 21 ქულა, 10 მოხსნა. მათზე თითქმის ორჯერ ნაკლებ სათამაშო დროში ზაზა ფაჩულიაც მიუახლოვდა "დაბლ-დაბლს" - 8 ქულა და 10 მოხსნა გაიფორმა.

16-წუთში ასეთი შედეგი მეტად რთული მისაღწევია. მეტსაც გეტყვით, ზაზამ რვავე ქულა პირველი პერიოდის ბოლოსა და მეორის დასაწყისში, 7-წუთიან მონაკვეთში მოაგროვა. მისი კარგი თამაშის წყალობით "ატლანტა" 10-ქულიან უპირატესობას ინარჩუნებდა.

ქართველი ცენტრი მოედანზე მესამე პერიოდის ბოლოს დაბრუნდა, თუმცა ისეთივე შედეგიანი ვერ იყო, როგორიც დასაწყისში.

"ატლანტა" მომდევნო თამაშს 13 თებერვალს "ორლანდოში" გამართავს. ამ შეხვედრის ფავორიტად ჯორჯიული გუნდის მიჩნევა შეიძლება.

მთავარია, "ჰოქსმა" აკრეფილი ტემპი არ დააგდოს. მისთვის თითოეულ მოგებას დიდი ფასი აქვს, რადგან პლეი ოფში მოხვედრილს (თუმცა ჯერ ეს მიზანიც მისაღწევია) რაც შეიძლება მეტ გუნდთან სჭირდება მოედნის უპირატესობა.

ამჟამად "ატლანტას" ანგარიშზე 28 მოგებაა (22 წაგება) და აღმოსავლეთის კონფერენციაში მეექვსე ადგილზეა. მეხუთეა "ბრუკლინ ნეთსი" (30 გამარჯვებით), ხოლო მეშვიდეადგილოსან "ბოსტონ სელტიკსს" "ჰოქსზე" ერთით ნაკლები მოგება უწერია.

* * *

ფასეული გამარჯვება მოიპოვა ინდიანაში თორნიკე შენგელიას "ბრუკლინ ნეთსმა", რომელმაც მასპინძლები ოვერტაიმში 89:84 დაამარცხა.

ორკვირიანი შესვენების შემდეგ (ტვინის შერყევის ნიშნები ჰქონდა) ბრუკლინელთა მწვრთნელმა ქართველი ფორვარდი განაცხადში შეიყვანა, მაგრამ თამაშში არ ჩაურთავს. იმედი დავიტოვოთ, რომ თორნიკეს უახლოეს მატჩში მოუწევს მოედანზე გასვლა.

13 თებერვალს "ბრუკლინი" "დენვერ ნაგეტსს" მიიღებს.

დალასი-ატლანტა 101:105
ზაზა ფაჩულია: 16 წუთი, 8 ქულა (7-იდან 3 ორქულიანი, 4-იდან 2 საჯარიმო), 10 მოხსნა, 1 პასი, 2 შეცდომა, 2 ფოლი.

ინდიანა-ბრუკლინი 84:89 დ.დ.
თორნიკე შენგელია განაცხადში იყო, მაგრამ არ უთამაშია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ღმერთმა უმრავლოს საქართველოს ზაზასნაირი სახელოვანი ადამიანები.
moqalaqe 1
17:13 13-02-2013
0

სიახლეები პოპულარული