ნიკა ცქიტიშვილი: გარნეტისგან ბევრი ვისწავლე

AutoSharing Option
ნიკა ცქიტიშვილის "ლაგუნ არომ" კვირას ესპანეთის ჩემპიონატის მეოთხე მატჩი ჩაატარა და მესამედ მოიგო. სანსებასტიანელებმა ტაირონ ელისის "ესტუდიანტესს" უმასპინძლეს და 75:59 დაამარცხეს. დიდი შესვენებიდან დაბრუნებულმა ლაგუნაროელებმა მატჩი ენერგიულად განაახლეს და გამარჯვებულის ბედი მესამე ათწუთეულში გადაწყვიტეს (26:10). ამ მომენტში ცქიტიშვილი თანაგუნდელებს სამქულიანებით შეეხიდა. მან "სტუდენტებს" ოთხი სამიანი ჩაუგდო (ექვსიდან) და 15 ქულას 5 მოხსნა მიამატა. ცქიტომ მატჩი სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო და მოედანზე 23 წუთი გაატარა. ნიკამ სნაიპერობა თანაგუნდელ ალბერტ მირალესს გაუყო, მანაც 15 ქულა ჩააგდო. ბასკური გამოცემების თქმით, ფარქვეშიდან მატჩის ბედი მირალესმა
გადაწყვიტა, ხოლო პერიმეტრიდან - ცქიტიშვილმა. "ესტუდიანტესის" ბომბარდირი ელისი გახდა: 24 წუთში 14 ქულა (5-დან 3 სამქულიანი) მოაგროვა.

ბასკურ გაზეთ "დიარიო ვასკოში" სკიტას ვრცელი ინტერვიუ გამოქვეყნდა, რომლის თარგმანსაც ქვემოთ შემოგთავაზებთ, მანამდე საქართველოს ნაკრების კიდევ ორ კალათბურთელზე ვთქვათ.

ტორინ გრინის "გრან კანარიამ" ცქიტიშვილის ყოფილ კლუბ "ფუენლაბრადას" უმასპინძლა და 71:70 დაამარცხა. სხვათა შორის, ამავე ანგარიშით წააგო "ბარსელონამ" შინ "სარაგოსასთან".

გრინმა "ფუენლაბრადასთან" 21 წუთში 2 ქულა, 5 პასი და 1 მოხსნა მოაგროვა.

ქუინტონ ჰოსლი მაღალ კლასს "ხუვენტუდში" ამჟღავნებს. სკიტას მსგავსად, მანაც არავის დაუთმო ბომბარდირობა: 16 ქულა და 11 მოხსნა მოაგროვა. მისმა "ხუვენტუდმა" კატალონიაში "მანრესას" 82:67 სძლია.

ნიკას "ლაგუნ აროს" 3 მოგება, 1 წაგება აქვს და მეორე-მერვე ადგილებს ექვს გუნდთან ერთად ინაწილებს. მათ შორისაა "ხუვენტუდიც". მომდევნო ხუთეულშია "გრან კანარია" - 2-2 მოგება-მარცხი. "ესტუდიანტესმა" კი ოთხივე შეხვედრა წააგო.

მივადექით დაპირებულ ინტერვიუს ნიკა ცქიტიშვილთან, რომელიც ჟურნალისტმა ბორხა სანტამარიამ "ესტუდიანტესთან" მატჩამდე ჩაწერა.

- "ლაგუნ აროში" თავს როგორ გრძნობთ?
- გუნდს ნელ-ნელა ვეგუები. თანაგუნდელებიც კარგად გავიცანი და შესანიშნავად გავიაზრე, რას ითხოვს მწვრთნელი ჩემგან. აქ თავს კომფორტულად ვგრძნობ. მოხარული ვარ, რომ ჩვენი შრომა უკვალოდ არ ქრება და ეს ესპანეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილსაც ეტყობა. ვაუმჯობესებთ როგორც გუნდურ, ასევე ინდივიდუალურ თამაშს.

- წინასასეზონო მზადება მძიმე იყო...
- ამერიკის შემდეგ ასეთი რთული ვარჯიშები არც ერთ კლუბში არ მქონია. ეს ჩემპიონატის დაწყების შემდეგ ეს გუნდზე დადებითად აისახა.

- "მენორკასთან" ბოლო წუთებზე 2 სამქულიანი ჩააგდეთ...
- "მენორკასთან" ყველაფერი კარგად აეწყო, ერთ სამიანს მეორე მიჰყვა... ეს, ერთი შეხედვით, იოლი სათქმელია, მაგრამ რეალურად ასე არაა. სატყორცნ პოზიციაზე რომ დარჩე, თანაგუნდელებმა სივრცე უნდა გამოგითავისუფლონ, თან პასიც დროულად უნდა მიიღო. მოხარული ვარ, რომ ეგოისტი კალათბურთელების გვერდით არ მიწევს ასპარეზობა.

- გუნდის ლიდერ ჯიმი ბარონზე რას იტყვით?
- იგი შესანიშნავი მსროლელია. ასეთი კალათბურთელი ბევრი არ მინახავს. ხუთი ტყორცნიდან ხუთივეს აუღელვებლად ისვრის და ყველას ჩააგდებს...

- რა არის "ლაგუნ აროს" პლუსი?
- ვფიქრობ, შემტევი გუნდი ვართ. ალბათ, იმიტომ, რომ მხოლოდ საკუთარ თავზე არავინ ფიქრობს. ინდივიდუალიზმიც არ გვაკლია, მაგრამ გუნდურად ვთამაშობთ. სწორედ ამას მოაქვს შედეგი. დაცვაში მოსამატებელი გვაქვს, განსაკუთრებით მოხსნებისას. ამ კომპონენტზე უნდა ვიმუშაოთ.

- შორეულ ტყორცნებს პატარაობიდანვე კარგად ასრულებთ?
- სამქულიანები ყოველთვის მიყვარდა. განსაკუთრებით ტონი კუკოჩის სროლების ხილვა მსიამოვნებდა. შორეულ ტყორცნებზე ბევრს ვვარჯიშობდი და ვამბობდი - კუკოჩი ვარ-მეთქი.

- NBA-ში თამაშმა რა გასწავლათ?
- დიდი კალათბურთელების წინააღმდეგ მიწევდა ასპარეზობა. მაშინ ძალიან ახალგაზრდა ვიყავი და სერიოზული გამოცდილება შევიძინე, რაც შემდეგ ძალიან გამომადგა.

- ყველაზე მეტი რომელი კალათბურთელისგან ისწავლეთ?
- კევინ გარნეტისგან. იგი მაშინ NBA-ს რეგულარული სეზონის MVP იყო. თუმცა მაინც დაუღალავად შრომობდა, ვარჯიშებზე ასი პროცენტით იხარჯებოდა. ზოგიერთი კალათბურთელი გარკვეულ სიმაღლეს რომ მიაღწევს, ცოტა დუნდება. გარნეტი პირიქით იყო.

- მაიკლ ჯორდანის წინააღმდეგაც გითამაშიათ.
- ჯორდანი ჩემი კერპი გახლდათ და საოცარი გრძნობა იყო მასთან ერთად მოედანზე დგომა. მფრინავ მაიკლს თავიდან ცოტა ვუჩქმიტე, რათა დავრწმუნებულიყავი, რომ ნამდვილი ჯორდანი იყო.

- თქვენი მეუღლეც ცნობილია საქართველოში...
- ნაციონალური ანსამბლის მოცეკვავეა. ჩემს სამშობლოში ქართულ ცეკვებს დიდ პატივს სცემენ, კონცერტებზე ბევრი მაყურებელი დადის.

- გამოდის, რომ თქვენი მეუღლე უფრო ცნობილია...
- არა. ბოლო დროს კალათბურთმაც დიდი პოპულარობა მოიხვეჭა. ამ ზაფხულს არაერთი ძლიერი მეტოქე დავამარცხეთ და გაისად ევროპის ჩემპიონატზე ვითამაშებთ. თბილისში ათიათასიანი დარბაზი სავსე იყო. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩემს ქვეყანაში სპორტის ამ სახეობას მდიდარი ტრადიციები აქვს.

- სან-სებასტიანზე რას იტყვით?
- დიდებული ქალაქია. წყნარი, ამწვანებული, შესანიშნავი ხედებია. ადვილი წარმოსადგენია, რა სილამაზე იქნება ზაფხულში. აქ თავს თავისუფლად და კომფორტულად ვგრძნობ. თუმცა მთავარი მაინც გუნდთან ადაპტაციაა. როცა კარგი თანაგუნდელები გყავს და კლუბშიც დალაგებული სიტუაციაა, ნებისმიერ ქალაქში ცხოვრება იოლია.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული