ვიქტორ სანიკიძის "სიენა" "არმანისთან" დამარცხდა

AutoSharing Option
ვიქტორ სანიკიძის "სიენამ" იტალიის სერია A-ს მორიგი ტური წააგო. სიენელები მილანში "არმანი ჯინსს" შეხვდნენ და დაძაბულ ბრძოლაში - 68:72 დამარცხდნენ.

სანიკიძე სათადარიგო იყო და მოედანზე მხოლოდ 16 წუთი იმყოფებოდა. ქართველმა ფორვარდმა 2-დან 2 ორქულიანი ჩააგდო, თითო სამიანი და საჯარიმო კი ააცილა. 4 ქულას სანიკიძემ 5 მოხსნა და 2 ჩაჭრაც მოაყოლა. სიენელთაგან საუკეთესო, ტრადიციულად, ბობი ბრაუნი გახდა, რომელმაც 34 წუთში 24 ქულა მოინაგრა.

მატჩის ბოლო წუთებზე მასპინძლები 65:60-ს იგებდნენ, თუმცა სიენელებმა გათანაბრება (65:65) მოახერხეს. გადამწყვეტ მომენტში მილანელებმა მეტი სიმტკიცე გამოავლინეს და
საბოლოოდ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს. მილანელებს 22 ქულით აბდრეა ჯენტილემ ულიდერა, იონას ბურუსისმა კი 14 ქულა მოინაგრა.

ამ წაგების შემდეგ "სიენა" ცხრილში მესამე ადგილზე კი დარჩა, მაგრამ სანიკიძის გუნდს "რომა" წამოეწია.

ორივე გუნდს 14 მოგება და 7 მარცხი აქვს. მომდევნო ტურში, 11 მარტს, "სიენა" სწორედ "რომას" უმასპინძლებს.

საბერძნეთის ჩემპიონატში არ ითამაშა გიორგი შერმადინმა, რომელსაც, სავარაუდოდ, ტრავმა აწუხებს.

ქართველი ცენტრის "ოლიმპიაკოსმა" სტუმრად "კავალა" 94:76 გაანადგურა და ამ მატჩის განაცხადში შერმადინი არ ყოფილა.

gbf.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული