გიორგი ცინცაძემ "დნიპროსთან" მატჩში პირადი რეკორდი დაამყარა

AutoSharing Option
17 მარტის მატჩამდე გიორგი ცინცაძეს უკრაინის ჩემპიონატში ყველაზე მეტი, 8 პასი ჰქონდა მოგროვილი (2 ნოემბერს "აზოვმაშთან").

17 მარტს კი ეს მაჩვენებელი სამით გააუმჯობესა და სეზონის პირადი რეკორდიც ჩაიწერა - 11 შედეგიანი გადაცემა.

რადგან გიორგის სტატისტიკით დავიწყეთ, ბარემ მის მონაგარზე მსჯელობა აქ განვაგრძოთ. მან, პასების გარდა, 26 წუთში 3 ქულა, 6 მოხსნა და 1 ჩაჭრა მოაგროვა.

ხუთიდან თუნდაც ორი სამქულიანი რომ ჩაეგდო, სეზონის პირველ ორმაგ დუბლს მიუახლოვდებოდა, მაგრამ შორიდან ერთი ტყორცნაც ვერ მოხვდა მიზანში.

ცინცაძის თანაგუნდელთაგან ყველაზე მეტი, 17 ქულა ლეო
ლაიონსმა ჩააგდო, თუმცა არც მისი და არც ქართველი გამთამაშებლის მონდომება "ბუდიველნიკის" გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.

საფინალო სირენამდე ორი წუთით ადრე ცინცაძის პასით სერგეი გორბენკომ სამქულიანი ჩააგდო და "დნიპროსთან" ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირა (74:75). მას მერე მხოლოდ მასპინძლები აგროვებდნენ ქულებს და გამარჯვებაც "დნიპროს" დარჩა - 81:74.

წაგების მიუხედავად, "ბუდიველნიკი" მაინც სოლიდური უპირატესობით ლიდერობს უკრაინის ჩემპიონატს. მას 36 მატჩში 27 გამარჯვება აქვს და ხუთი მოგებით უსწრებს მეორეადგილოსან "აზოვმაშს".

20 მარტს კიეველები ევროთასის პირველი ნახევარფინალის გასამართავად ესპანეთს ესტუმრებიან და "ბილბაოს" დაუპირისპირდებიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული