თორნიკე შენგელიას 27 ქულა "სპრინგფილდს" გამარჯვებისთვის არ ეყო

AutoSharing Option
თორნიკე შენგელიას 27 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა საიმისოდ, რომ "სპრინგფილდ არმორს" NBA-ს განვითარების ლიგაში მორიგი გამარჯვება მოეპოვებინა.

ქართველი ფორვარდის გუნდმა ცენტრალური დივიზიონის ერთ-ერთ ლიდერ "ოსტინ ტოროსს" უმასპინძლა და დამატებით დროში 123:129 დამარცხდა.

სპრინგფილდელები მეოთხე პერიოდში 17 ქულით (99:82) იგებდნენ, თუმცა ოსტინელებმა მოახერხეს გათანაბრება.

ძირითადი დროის ბოლო წუთები სტუმრებმა 7:0 მოიგეს და შეხვედრა ოვერტაიმში გადაიზარდა.

ძირითადი დროის ბოლო შეტევა თორნიკემ ითავა, მაგრამ არაზუსტად. შენგელიამ აცილებული მოხსნა და განმეორებით სროლა მოასწრო, მაგრამ კალათში არც ის ჩაეშვა.

დამატებითი 5-წუთეული სტუმრებმა 8:2 მოიგეს და
გამარჯვებას დაეპატრონნენ. შენგელიამ სპრინგფილდელთაგან ყველაზე მეტი - 41,37 წუთი ითამაშა.

ქართველმა ფორვარდმა 21-დან 11 ორქულიანი, 3-დან 2 სამიანი და 5-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, რამაც მთლიანობაში 27 ქულა შეადგინა. ქართველი ფორვარდის ანგარიშზე 6 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრაც იყო, ბურთი კი 3-ჯერ დაკარგა.

28 ქულითა და 9 პასით არმორელთაგან საუკეთესო NBA-ში თამაშის სოლიდური გამოცდილების მქონე დომინიკ ჯონსი გახდა, ხოლო "ბრუკლინ ნეთსში" შენგელიას თანაგუნდელმა ტაიშონ ტეილორმა 25 ქულა და 7 პასი მიითვალა, თუმცა ბურთიც 7-ჯერ დაკარგა.

17 მოგებითა და აწ უკვე 26 წაგებით "სპრინგფილდი" აღმოსავლეთ კონფერენციაში ბოლო ადგილზე რჩება. 23 მარტს "არმორი" თანადივიზიონელ "მეინს" უმასპინძლებს.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
რავა ერთმანეთს პარავთ სათაურებს.ცოტა თავი გაანძრიეთ და სხვა რამე დაწერეთ.
0

სიახლეები პოპულარული