ზაზა აენთო, NBA დაიწყო

AutoSharing Option
ცეცხლი აენთო, თამაში დაიწყო - ეს ფრაზა პატარებისგან, ალბათ, თქვენც გაგიგონიათ. მართლაც, თითქოს ბავშვებში თამაშობდაო, ზაზა ფაჩულია NBA-ს 2010-11 წლების სეზონის გახსნის მატჩში რასაც მოისურვებდა, ყველაფერს აკეთებდა: ქართველი ცენტრი მართლაც აენთო - 17 ქულა და 11 მოხსნა მოაგროვა. ...და რაც მთავარია:

- ჩემი გუნდი ფარქვეშიდან ფაჩულიამ "მოკლა". მისი შეჩერება მთელი თამაშის განმავლობაში ვერ მოვახერხეთ. სწორედ ეს იყო "მემფისის" წაგების მთავარი მიზეზი, - განაცხადა "გრიზლისის" მთავარმა მწვრთნელმა ლიონელ ჰოლინსმა. "ატლანტამ" საგამოფენო მატჩებში არადამაჯერებელი თამაშის შემდეგ პირველივე ოფიციალურ შეხვედრაში გულშემატკივრები სასიამოვნოდ გააკვირვა
- მემფისში 119:104 გაიმარჯვა.

როგორც მასპინძელთა მთავარმა მწვრთნელმა თქვა, ფაჩულია მთელი თამაშის განმავლობაში შეუჩერებელი იყო. ზაზა მოედანზე შეხვედრის მესამე წუთზე შევიდა. მანამდე ჯორჯიელთა სასტარტო ცენტრმა ელ ჰორფორდმა ორი ჯარიმა მიიღო და მწვრთნელმა, ლარი დრიუმ მისი დასვენება გადაწყვიტა. როგორც ყველა მნიშვნელოვანი მატჩისთვის, ზაზა "მემფისთან" სათამაშოდაც კარგად მოემზადა, კონცენტრაციაც არ დაჰკლებია და საქმეს მოედანზე გასვლისთანავე შეუდგა. მან პირველ მეოთხედში 4-4 ქულა-მოხსნა მოაგროვა. ფაჩულია მეორე პერიოდში უფრო უკეთ ათამაშდა და პირველი ტაიმი 13 ქულითა და 9 მოხსნით დაასრულა. ეს რიცხვები არაერთ ამერიკულ გამოცემაში დაფიქსირდა და კომენტარიც შესაბამისი იყო - დიდ შესვენებაზე "ატლანტა" 12-ქულიანი უპირატესობით რომ გავიდა, უმთავრესად ქართველის დამსახურება იყოო.

"დათვებმა" თამაშის შემოტრიალება მესამე პერიოდში სცადეს, სხვაობა 4 ქულამდეც შეამცირეს (75:79), მაგრამ ჯერ ჯეფ ტიგისგან ორქულიანი მიიღეს, მერე ზაზასგან - ორი საჯარიმო და მას მერე მასპინძლები ჯორჯიელებს ვეღარ მიუახლოვდნენ. "ატლანტას" 12:0 გაქცევა ფაჩულიამ ორი მორიგი ზუსტი საჯარიმოებით დააგვირგვინა და "ქორების" სასარგებლოდ 91:75 დააფიქსირა. საფინალო ანგარიში ზემოთაც მოგახსენეთ და აქაც გავიმეორებთ: 119:104.


კომენტარები

საინტერესოდ ჟღერდა მატჩისშემდგომი კომენტარები, რომელთაგან მხოლოდ ქართველთათვის საყურადღებოებს შემოგთავაზებთ.

- გახსნის მატჩი მოვიგეთ. ეს შესანიშნავი გრძნობაა. უნდა ვეცადოთ, ასევე გავაგრძელოთ. ბევრი არაფერი გამიკეთებია, მხოლოდ გუნდს დავეხმარე, - განაცხადა გახარებულმა ფაჩულიამ.

"მემფისის" თავკაცმა ლიონელ ჰოლინსმა შესავალში მონათხრობს დაამატა:

- ფარქვეშ ვერც ერთმა ჩვენმა ტანმაღალმა კალათბურთელმა ვერ ივარგა. სამიდან ორი უფრო დაცვაზე ორიენტირებული ცენტრია, ზაკ რენდოლფი კი დამაგვირგვინებელ ფაზაში გამორჩეულია. თუმცა სხვა შეხვედრებისგან განსხვავებით მოწოდების სიმაღლეზე ვერ იყო.

"ატლანტას" მწვრთნელმა ლარი დრიუმ სასტარტო ცენტრი ელ ჰორფორდი მხოლოდ 18 წუთი ათამაშა. ეს გადაწყვეტილება მან ასე ახსნა:

- მეორე პერიოდში ელ ჰორფორდი იმიტომ არ დავტვირთე, რომ ზაზა კარგად თამაშობდა. ფაჩულიას მოედნიდან გაყვანა არ შეიძლებოდა. ამ საკითხზე ელს ველაპარაკე და აღნიშნა, რომ გახარებულია თანაგუნდელის კარგი გარჯითა და გუნდის წარმატებით.

ეს ჰორფორდმა ჟურნალისტებთან ლაპარაკისასაც დააფიქსირა:

- ზაზამ დიდებული თამაში ჩაატარა. იგი ფარქვეშ კარგად იდგა. ვფიქრობ, მწვრთნელმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო, მეორე პერიოდში რომ არ მათამაშა. მოტივირებული ვარ და პარასკევის მატჩისთვის მოვემზადები.

"ჰოქსის" თავკაც ლარი დრიუსთვის ეს იყო პირველი გამარჯვება მთავარი მწვრთნელის რანგში, პრესკონფერენციაზეც აღფრთოვანებული ლაპარაკობდა. იგი სათადარიგოების თემას მიუბრუნდა:

- შემცვლელებმა დიდი სამუშაო შეასრულეს. ვფიქრობ, სწორი მიმართულებით მივდივართ, იმისთვის, რომ გუნდმა ბოლომდე ენერგიულად ითამაშოს, საჭიროა სათადარიგოების სათანადოდ დატვირთვა.

თემა კაპიტანმა ჯო ჯონსონმა განაგრძო:

- არის მატჩები, როცა სათადარიგოები თამაშობენ და ჩვენ ვეხმარებით. "მემფისთან" სწორედ ასეთი შეხვედრა იყო.


მიმოხილვებიდან

სათაურშივე გამცნეთ, რომ "მემფისთან" მატჩის შემდეგ ზაზა ფაჩულიას არაერთი კომპლიმენტი უძღვნეს. დავიწყოთ გაზეთ "მემფის ფლაიერით":

"მასპინძლთა რიგებში ცენტრის პოზიციაზე ხან დარელ არტური, ხანაც ჰაშიმ თაბიტი თამაშობდნენ... მათ წინააღმდეგ კი ნამდვილი ცენტრი იდგა - ზაზა ფაჩულია, რომელმაც 7-დან 5 ორქულიანი ჩააგდო და 11 მოხსნიდან 5 "მემფისის" ფარზე მიითვალა. ფაჩულიას ვერც რენდოლფი გაუმკლავდა".

NBA-ს ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებულ მიმოხილვაში ორი საინტერესო აბზაცია. ერთს Hოტ (ცხელი) ჰქვია, მეორეს - Nოტ (არა):
" Hოტ: ფაჩულია მატჩში ჰორფორდის ნაცვლად ჩაერთო და პირველ ტაიმში 13 ქულას 9 მოხსნა მიამატა. სწორედ იგი იყო მთავარი მოქმედი პირი. საერთოდ, "ატლანტას" სათადარიგოებმა "მემფისის" შემცვლელებს 50:28 მოუგეს.

Nოტ: მასპინძელმა ჰაშიმ თაბიტმა ფაჩულია ვერ შეაჩერა. გარდა იმისა, რომ ჰაშიმი ქართველს დაცვაში ვერ გაუმკლავდა, შეტევაშიც ვერ ივარგა - ოთხივე სროლა გააცუდა."

გაზეთ შბ ნატიონ-ში ასეთი სათაური იყო - "ზაზამ ითამაშა". პირველივე წინადადებაში ქართული გვარი ფიგურირებს:
"სამი პერიოდის შემდეგ "ჰოქსი" 91:75-ს იგებდა, რაშიც დიდი წვლილი ფაჩულიას მიუძღოდა. იგი ნამდვილი ვარსკვლავი იყო, 36 წუთის შემდეგ ლიდერობდა როგორც მატჩის ბომბარდირთა შორის, ასევე მომხსნელებში - 17 ქულა, 10 მოხსნა."
EშPN-ზე ზაზასთან მიმართებაში სიტყვა "ტერორს" ვხვდებით:

"ჯორჯიელებმა მასპინძლებს ფარქვეშ აშკარად აჯობეს. მათ ხომ სმიტი, უილიამსი, ჰორფორდი და ფაჩულია ჰყავთ. "მემფისის" მაღლები ქართული "ტერორის" ქვეშ მოექცნენ. ზაზა ენერგიას კარგად აკონტროლებდა და საჭირო მომენტებში ფეთქდებოდა."
EშPN-ის ჟურნალისტი სეთ ლენდმანი 27 ოქტომბერს ჩატარებული NBA-ს მატჩების ზოგად მიმოხილვაში "მემფისი"-"ატლანტას" შეხვედრას რომ მიადგა, თამამად დაწერა: "ზაზა ფაჩულია გაგიჟდა, შესანიშნავად ითამაშა და "ჰოქსს" სეზონის გახსნის მატჩი მოაგებინა. ელ ჰორფორდმა მოედანზე მხოლოდ 18 წუთი გაატარა. არ ველი, რომ ყოველ მატჩში ეს სცენარი განმეორდება."
ვნახოთ, გამართლდება თუ არა ლენდმანის ნათქვამი. "ატლანტა" მეორე მატჩს 29 ოქტომბერს ფილადელფიაში ჩაატარებს.


სტატისტიკა

ზაზამ ორმაგი დუბლი ბოლოს 2010 წლის 31 მარტს "ლეიკერსთან" მატჩში შეასრულა (10 ქულა, 10 მოხსნა). 17 ქულა მისი 2010 წლის რეკორდია, უფრო მეტი 2009 წლის 20 იანვარს "ჩიკაგოსთან" მატჩში მიითვალა (18 ქულა). ფაჩულიას საუკეთესო მაჩვენებელი 27 ქულაა - 2007 წლის 7 მარტს "ვაშინგტონთან" შეხვედრაში ჩააგდო.

მემფისი-ატლანტა 104:119
ზაზა ფაჩულია: 29:37 წუთი, 17 ქულა (7-დან 5 ორქულიანი, 7-დან 7 საჯარიმო), 11 მოხსნა, 1 პასი, 2 დაფარება, 3 ფოლი, 2 შეცდომა

ქრონოლოგია
I პერიოდი
08:33 ზაზამ ჰორფორდი შეცვალა
07:27 დაფარება: 1 (გაის დაუფარა)
07:18 ორქულიანი: 2ქ, (13:8)
06:42 მოხსნა: შეტ-1, დაც-0
06:40 ორქულიანი: 4ქ (15:10)
05:10 მოხსნა: შეტ-2, დაც-0
02:01 მოხსნა: შეტ-3, დაც-0
02:00 შეცდომა: 1
01:16 მოხსნა: შეტ-3, დაც-1
II პერიოდი
11:26 მოხსნა: შეტ-3, დაც-2
11:25 შეცდომა: 2
11:25 მოხსნა: შეტ-3, დაც-3
10:36 ორქულიანი: არაზუსტი
07:03 პასი: 1 (ჯონსონი 2ქ, 42:31)
05:40 ორქულიანი: 6ქ (46:35)
05:40 საჯარიმო: 1/1 (7ქ, 47:35)
04:54 მოხსნა: შეტ-3, დაც-4
04:50 საჯარიმოები: 2/2 (9ქ, 49:37)
03:09 მოხსნა: შეტ-4, დაც-4
03:08 ორქულიანი: 11ქ (51:41)
00:50 მოხსნა: შეტ-5, დაც-4
00:50 ორქულიანი: 13ქ (59:48)
00:27 პაუელმა ზაზა შეცვალა
III პერიოდი
04:16 ზაზამ ჰორფორდი შეცვალა
02:29 საჯარიმოები: 2/2 (15ქ, 83:75)
00:50 საჯარიმოები: 2/2 (17ქ, 91:75)
00:32 დაფარება: 2 (ქეროლს დაუფარა)
00:00 მოხსნა: შეტ-5, დაც-5
IV პერიოდი
10:54 ორქულიანი: არაზუსტი
10:44 მოხსნა: შეტ-5, დაც-6
10:10 ფოლი: 1
09:35 ფოლი: 2
08:50 ჯონსონმა ზაზა შეცვალა
02:05 ზაზამ ჯონსონი შეცვალა
01:33 ფოლი: 3
ვაჟა სიმონიშვილი



მკითხველის კომენტარები / 1 /
ტერორისტი:))) წარმატებები:)))
state
10:01 30-10-2010
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული