გიორგი ცინცაძის "ბუდიველნიკმა" უკრაინის ჩემპიონატი პირველ ადგილზე დაასრულა

AutoSharing Option
უკრაინის ჩემპიონატის რეგულარულ ეტაპზე 2 აპრილს ბოლო ორი შეხვედრა გაიმართა.

პირველში "ოდესა" "ხიმიკს" ესტუმრა და 85:70 გაიმარჯვა, მეორეში გიორგი ცინცაძის "ბუდიველნიკი" დონეცკში ჩავიდა და 69:80 დათმო.

მესამე პერიოდის შემდეგ ცინცაძის თანაგუნდელები 59:56-ს იგებდნენ, მაგრამ მეოთხე რაუნდში "დონეცკის" მოძალებას ვერ გაუძლეს და ბოლო ათწუთეულში 10:24 დათმეს.

ვერ ვიტყვით, რომ ეს გიორგის გამორჩეული მატჩთაგანი იყო. მან თამაშიდან 8-ჯერ სტყორცნა და მხოლოდ ერთი ორქულიანი გამოიყენა. გიორგის მონაგარი ასეთი იყო: 27 წუთი, 6 ქულა, 3 მოხსნა, 3 პასი, 1 ჩაჭრა.

"დონეცკის" მოგება ალოგიკური ნამდვილად
არ იყო, თუნდაც იმიტომ, რომ მის შემადგენლობაში არაერთი ცნობილი სახელია: ფესენკო ("ექსიუტელი"), სონგაილა (ლიტვის ნაკრების კალათბურთელი), ფიშერი (ესპანეთის ჩემპიონატში გამოცდილი უკანახაზელი), ლუკაშოვი, ლიპოვოი, გლებოვი, პუსტოზვონოვი (უკრაინის ნაკრების წევრები) და კურტის მილეიჯი.

ეს უკანასკნელი სეზონის დასაწყისში თბილისის "არმიაში" თამაშობდა და "დონეცკში" დორონ პერკინსი შეცვალა.

მილეიჯი შეხვედრის ბომბარდირი გახდა - 21 ქულა ჩააგდო.

"ბუდიველნიკმა" რეგულარული ჩემპიონატი პირველ ადგილზე დაასრულა (28 მოგება, 11 წაგება) და მეოთხედფინალში მერვეადგილოსან "ჰოვერლას" შეხვდება. სერიის პირველი შეხვედრა კიევში 8 აპრილს გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული