გიორგი შერმადინი: ვემზადებით ვალენსიისთვის

AutoSharing Option
ადრიატიკის თასზე ბოსნიური "შიროკის" ძლევის (107:70) შემდეგ სატურნირო ცხრილის სათავეში მოექცა სლოვენიური "ოლიმპია". გიორგი შერმადინის გუნდს 5 მოგება და 2 წაგება აქვს. ბოსნიელებთან 216 სმ სიმაღლის ქართველმა ცენტრმა 13 წუთში 5-დან 4 ორქულიანი, 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, 10 ქულას 2 დაფარება და თითო ჩაჭრა-პასი მიამატა.

- "შიროკი" ლიგის ფავორიტი ნამდვილად არ არის. ასეთ გუნდთან კი საშინაო მატჩის მოგება არ უნდა გაგვჭირვებოდა. ასეც მოხდა, დიდი სხვაობით გვიმარჯვეთ. ჩემს თამაშზე კი რა უნდა ვთქვა, რითაც შემეძლო, გუნდს იმით დავეხმარე.

ბოსნიელებთან მატჩი ერთგვარი
მოთელვა იყო ევროლიგაზე მნიშვნელოვანი შეხვედრის წინ: ოთხშაბათს "ოლიმპია" ესპანურ "ვალენსიას" მიიღებს.

- ვალენსიელების ძლევის შემთხვევაში ჯგუფიდან გასვლის საკითხს ფაქტობრივად დადებითად გადავწყვეტთ. ამიტომ მეტად მობილიზებულები ვართ და ვფიქრობ, გავიმარჯვებთ კიდეც. ამის იმედს ის თამაში მაძლევს, რაც ევროლიგის საწყის სამ ტურში ვუჩვენეთ.

გასულ ოთხშაბათს "ოლიმპია" მოსკოვს სტუმრობდა და პირველ პერიოდში იმდენად ჩამორჩა, რომ მატჩის ბოლომდე დაწევა ვეღარ მოახერხა. იმ მატჩში გიორგიმ 5 წუთი ითამაშა...

- საწყის 10 წუთში 5 ქულა ჩავაგდეთ, საიდანაც 2 ჩემს ანგარიშზე იყო. სულ 5 წუთი ვითამაშე, ცოტა მეტი დრო რომ მქონოდა, გუნდს მეტ სარგებელს მოვუტანდი. თუმცა, იმ დღეს ცსკა-სთან ძალიან გაგვიჭირდა.

გიორგის ვლადიმერ ბოისას ამბავიც ვკითხეთ. მოგეხსენებათ, ვოვა მუხლის ტრავმას მკურნალობს.

- ბოისა რეაბილიტაციის პროცესს გადის. იგი სავარაუდოდ იანვრის დასაწყისში შემოგვიერთდება და სერიოზულადაც გაგვაძლიერებს, - დასძინა გიორგი შერმადინმა.



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული