ხმა მიეცით ზაზა ფაჩულიას!

AutoSharing Option
მერვინ უილიამსი "ატლანტასთვის" შეუცვლელი კალათბურთელი ყოფილა - მას მერე, რაც მან ტრავმა მიიღო, გუნდმა სამი მატჩი წააგო, მერვინი მომჯობინდა, სასტარტო შემადგენლობას დაუბრუნდა და "ატლანტამ" მეორე მატჩიც მოიგო. ამჯერად ჯორჯიელებმა ინდიანაში ადგილობრივ "პეისერსს" 10 ქულის სხვაობით სძლიეს.

თანაგუნდელთა გამარჯვებაში 5-ქულიანი წვლილი შეიტანა ზაზა ფაჩულიამ, რომელმაც პირველის გარდა ყველა პერიოდში ითამაშა. მან საკუთარი ანგარიში მეორე მეოთხედის დასაწყისში გახსნა და ტაბლოზე "ატლანტას" მხარეს ის რიცხვი აანთო, რაც ზურგზე აწერია - 27 (ეს ერთი 27). იმ მომენტისთვის წინ "ინდიანა" იყო - 31:27 (ეს ორი
27).

მესამე პერიოდის შუამდე თანაბარი თამაში გაგრძელდა, 30-ე წუთზე კი უილიამსმა ჯარიმიანი ორქულიანი ჩააგდო, სმიტმა სამქულიანი მიაყოლა და "ატლანტა" 9 ქულით დაწინაურდა (64:55). როგორც შემდეგ აღმოჩნდა, ეს იყო მატჩის საკვანძო ეპიზოდი. მალე მოედანზე ფაჩულიაც დაბრუნდა, რომელმაც სხვაობა 12 ქულამდე გაზარდა. "ატლანტამ" მესამე თორმეტწუთეული 27:16 (ეს სამი 27) მოიგო.

შეხვედრის ბოლო პერიოდში მასპინძლებმა დიდი მცდელობის მიუხედავად სხვაობის მხოლოდ 5 ქულამდე შემცირება მოახერხეს, რაც დროებითი მოვლენა აღმოჩნდა - საბოლოოდ 102:92 სტუმართა სასარგებლოდ.

მიუხედავად იმისა, რომ ზაზამ მხოლოდ 12 წუთი ითამაშა, მწვრთნელს მისდამი უნდობლობას ვერ დავწამებთ. "ატლანტას" თავკაცი ლარი დრიუ ქართველ ცენტრს გუნდისთვის ერთერთ ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში, მეოთხე პერიოდის დასაწყისში მუდმივად ათამაშებს. ფაჩულიაც ნდობას უმართლებს, დაცვაში ჯორჯიელთა ფარქვეშ ფუტკარივით შრომობს, ხოლო შეტევისას შანსს ხელიდან არ უშვებს. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ გუნდს არ აქვს კომბინაცია, რომლის დაგვირგვინება ზაზას უნდა დაეკისროს.

რაც შეეხება ჯეისონ კოლინზს, რომელიც უილიამსის არყოფნაში სასტარტო ცენტრი იყო, "ინდიანასთან" მხოლოდ 5 წუთი ითამაშა და 2 ქულა ჩააგდო. შესაბამისად უპასუხოდ რჩება კითხვა: მერვინ უილიამსის არყოფნაში მწვრთნელი ხუთეულში რატომ ათამაშებდა მაინცდამაინც კოლინზს და არა ფაჩულიას? სხვათა შორის, ეს კითხვა გამოცემა შB.NAთION-ის ჟურნალისტსაც თავში უტრიალებდა და ერთი სტატიაც მიუძღვნა. კორესპონდენტი მსჯელობს იმ მიზეზებზე, რასაც შეიძლება კოლინზის სასატრტო ხუთეულში მოხვედრა გამოეწვია, თუმცა ვერ პოულობს ახსნას, რა პრინციპით ამჯობინა მწვრთნელმა კოლინზი ფაჩულიას. ამერიკელი ქართველს მხოლოდ იმით სჯობია, რომ ნაკლები რაოდენობის ჯარიმებს იღებს, ყველა სხვა კომპონენტში ზაზას უპირატესობა აშკარაა. ქულა (საშუალოდ): ზაზა - 6.9, კოლინზი - 2.3; მოხსნა: ზაზა - 4.3, კოლინზი - 1, პასი: ზაზა - 0.5, კოლინზი - 0.5; ჩაჭრა: ზაზა - 0.4, კოლინზი - 0, დაფარება: ზაზა - 0.5, კოლინზი - 0.2.

ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ "ატლანტამ" თამაში გამოასწორა და სადღეისოდ აღმოსავლეთის კონფერენციაში მეოთხე ადგილზეა - 8 მოგება, 4 მარცხი. მესამეა "ჩიკაგო" - 6 გამარჯვება, 3 წაგება. მეორეა - "ორლანდო" (7/3).

20 ნოემბერს "ჰოქსი" "დალას მავერიქსს" მიიღებს.

ინდიანა-ატლანტა 92:102
ზაზა ფაჩულია: 12:09 წუთი, 5 ქულა (3-დან 2 ორქულიანი, 2-დან 1 საჯარიმო), 1 მოხსნა, 1 დაფარება, 4 ფოლი.

ქრონოლოგია
II პერიოდი
11:13 ფოლი: 1
09:03 ფოლი: 2
08:49 ორქულიანი: 2ქ (27:31)
08:44 ჰორფორდმა ზაზა შეცვალა
III პერიოდი
03:45 ზაზამ ჰორფორდი შეცვალა
03:29 ორქულიანი: 4ქ (70:58)
01:58 ორქულიანი: არაზუსტი
00:22 ფოლი: 3
00:22 ჯონსონმა ზაზა შეცვალა
IV პერიოდი
11:07 საჯარიმოები: 2/1 (5ქ, 78:67)
09:29 დაფარება: 1 (გრეინჯერს დაუფარა)
08:22 ფოლი: 4
06:30 მოხსნა: შეტ-0, დაც-1
06:30 სმიტმა ზაზა შეცვალა


ფაჩულია საუკეთესოდ ჩაცმული ქალაქ ატლანტაში?
მოდით, ერთად შევიხედოთ "ატლანტა ჰოქსის" ოფიციალურ საიტზე: www.hawks.com პირველივე გვერდზე მოწოდებაა: ხმა მივცეთ ზაზას. ნებისმიერი ქართველი დაინტერესდება, რად სჭირდება ფაჩულიას ხმები. იქვე, საიტზე ინგლისურად წერია: ხმის მიცემისთვის აქ დააწკაპუნეთ...

...და გადავდივართ საიტზე, რომელსაც ასე ჰქვია: Atlanta Fashion Awards. როგორც ირკვევა, ქალაქ ატლანტაში უკვე მეორედ იმართება პოპულარულ მაღაზიებსა და ცნობილ ხალხს შორის საუკეთესოთა დაჯილდოვება. ღონისძიება 2010 წლის 9 დეკემბერს ჩატარდება.

გამოკითხვამ უნდა გამოავლინოს საუკეთესო დიზაინერი, მაღაზია, ფოტოგრაფი სტილისტი, მოდელი, ყველაზე გემოვნებიანად ჩაცმული ცნობილი მამაკაცი... სწორედ ბულო კატეგორიის ნომინანტადაა დასახელებული "ატლანტა ჰოქსის" ცენტრი ზაზა ფაჩულია. საინტერესოა, რომ სადღეისო მონაცემებით სწორედ ფაჩულია ლიდერობს. საუკეთესოდ გამოწყობილი მამაკაცის გამოსავლენ გამოკითხვაში 17 ნოემბრამდე 3143-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, რომელთაგან 1172-მა ხმა ფაჩულიას მისცა. მას ხმების 37 პროცენტი აქვს და პირველ პოზიციაზე მყარადაა. მეორეადგილოსნები, "აშერი" და "ანდრე 3000" ზაზას საგრძნობლად ჩამორჩებიან - ხმების 17-17 პროცენტი მიიღეს. გამოკითხვა დეკემბრამდე გაგრძელდება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული