გიორგი ცინცაძის "დონეცკმა" მოიგო, ლევან ფაცაციას "დნიპრო-აზოტმა" კი ვერა

AutoSharing Option
უკრაინის ჩემპიონატში 30 ოქტომბერს ორი მატჩი გაიმართა. გიორგი ცინცაძის "დონეცკმა" "დნიპროს" უმასპინძლა და 105:65 დაამარცხა, ხოლო ლევან ფაცაციას "დნიპრო-აზოტი" მარიუპოლში "აზოვმაშს" ესტუმრა და 60:69 დათმო.

* * *
ვიდრე ქართველთა მონაგარსა და შეხვედრების დეტალებზე გავამახვილებდეთ ყურადღებას, მოგახსენებთ, რომ ფაცაციასა და ცინცაძის გუნდები უკრაინის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში საპირისპირო პოლუსებზე არიან.

"დონეცკს" 3 მატჩიდან სამივე მოგებული აქვს და სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა. ფაცაციას "აზოტი" სამი მატჩიდან სამივე წაგებით ბოლო პოზიციაზეა.

ლევანის გუნდმა ღირსეული ბრძოლა გაუჩაღა გასული სეზონის მეორეადგილოსან "აზოვმაშს". დნიპროელებმა პირველი მეოთხედი
16:21 დათმეს, რის შემდეგაც მეტოქეს დიდი სხვაობით დაწინაურების უფლება არ მისცეს და ბოლო წუთებამდე ინარჩუნებდნენ გამარჯვების შანსს, თუმცა საბოლოოდ მაინც დამარცხდნენ.

მარიუპოლელების შემადგენლობაში ყველაზე შედეგიანი დენი კიკერტი იყო, რომელმაც 19 ქულა და 9 მოხსნა მიითვალა. "დნიპრო-აზოტის" მხრიდან კი ბომბარდირი დონალდ სიმსი გახდა, რომლის ანგარიშზე 16 ქულაა.

გემახსოვრებათ, ლევან ფაცაციამ "აზოტის" შემადგენლობაში სათასო შეხვედრაში 20 ქულა ჩააგდო, 30 ოქტომბერს კი საკმარისი დრო არ ჰქონდა იმისთვის, რომ ქულათა მონაგარი შეევსო.

მარიუპოლურ შეხვედრაში ლევანის სტატისტიკა ასეთი იყო: 8 წუთი, 1 მოხსნა.

* * *

გიორგი ცინცაძემ პირიქით, წინა შეხვედრასთან შედარებით უკეთესად ითამაშა. თუ კვირას ვითიბი-ლიგაზე ესტონურ ტალინში "კალევთან" 3 ქულა ჩააგდო და მისმა გუნდმა ბევრისთვის მოულოდნელად წააგო, ამჯერად "დნიპროსთან" ცინცაძემ 2-დან 2 სამქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო გამოიყენა. მის მიერ ნატყორცნმა მხოლოდ ერთმა ორქულიანმა ვერ მიაღწია მიზანს.

მარტივი გამოთვლით, 2 სამქულიანი და 2 საჯარიმო 8 ქულაა. გარდა ამისა, ცინცაძის ანგარიშზე 4 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა იყო. საინტერესოა ისიც, რომ როცა გიორგი მოედანზე იყო, "დონეცკი" 22 ქულით დაწინაურდა.

გამარჯვებულთა შორის სნაიპერი მაქსიმ კორნიენკო გახდა, რომელმაც 22 წუთში 28 ქულა ჩააგდო.

* * *

ფაცაციას "დნიპრო-აზოტი" მომდევნო შეხვედრას 3 ნოემბერს "ხიმიკის" წინააღმდეგ ჩაატარებს, ხოლო "დონეცკის" უახლოესი შეხვედრა (უკრაინის ჩემპიონატში) 7 ნოემბერს გაიმართება. მისი მეტოქე "მიკოლაივი" იქნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული