გიორგი ცინცაძის 9 საჯარიმო 13 წუთში და გამარჯვება "კრივბასთან"

AutoSharing Option
მცირე საშობაო-საახალწლო შესვენების შემდეგ უკრაინის ჩემპიონატიც განახლდა. მორიგი ტურის მატჩი გამართა გიორგი ცინცაძის "დონეცკმა", რომელმაც "კრივბასს" უმასპინძლა და 77:69 დაამარცხა. ამ გამარჯვებით დონეცკელები გაუთანაბრდნენ ჩემპიონატის ლიდერ "ხიმიკს", რომელთანაც წინა ტურში დამარცხდნენ. ახლა ორივე გუნდს 11 მოგება და 2 მარცხი გააჩნია და 1-2 ადგილებს იყოფს.

ცინცაძე სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა და მოედანზე მხოლოდ 13 წუთით გამოჩნდა. მიუხედავად მცირე სათამაშო დროისა, ქართველი გამთამაშებელი საკმაოდ შედეგიანი იყო. ცინცაძე შეტევაზე იყო ორიენტირებული და გარღვევებს ახორციელებდა, რასაც კრივბასელები ჯარიმებს უპირისპირებდნენ. გიორგიმ მთლიანობაში 9 საჯარიმო შეასრულა,
საიდანაც 7 გამოიყენა. მის ანგარიშზე იყო ასევე 3 ცდიდან ჩაგდებული 1 ორქულინი, რამაც მთლიანობაში 9 ქულა შეადგინა. ამასთან ერთად, ქართველ კალათბურთელს 2 მოხსნა და 2 პასი დაუგროვდა.

დონეცკელთა ძირითად გამთამაშებლად ქცეულმა დარელ მიჩელმა 12 ქულა ისე შეაგროვა, შედეგიანი გადაცემა არ გაუკეთებია და ბურთი 3-ჯერ დაკარგა. კრივბასელთა ძირითადი გამთამაშებელი ამერიკელი ნეით ბოუი გახლდათ, რომელმაც წინა სეზონი საქართველოს სუპერლიგის გუნდ "რუსთავში" გაატარა. ბოუიმ 24 წუთში 9 ქულა, 5 პასი და 2 მოხსნა დააგროვა.

უკრაინის ჩემპიონატში მომდევნო მატჩს "დონეცკი" 22 იანვარს, დედაქალაქურ "ბკ კიევთან" გამართავს.

წყარო: gbf.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული