გრინმა 30 წუთში 15 ქულა, 5 მოხსნა და 7 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა. მან 6-დან 3 სამქულიანი, 5-დან 1 ორიანი და 5-დან
"რეალის" ძლევის შემდეგ ესპანურ გაზეთებში მისი გვარი არაერთ სათაურში მოხვდა: "გენიალურმა გრინმა "რეალი დაამარცხა"; "გრინმა 25 წლის იუბილე მადრიდელების ძლევით აღნიშნა" და ა.შ.
გამოცემა "ლაპროვინციაში" საქართველოს ნაკრების უკანახაზელს ერთი სტატია მიეძღვნა:
"გრინს დაბადების დღე ასე კარგად ჯერ არ აღუნიშნავს - მისი შეწევნით "კანარიამ" "რეალი" დაამარცხა.
- "გრან კანარიას" ერთგული ქომაგი ჰყავს. მათ გუნდის წარმატებები ძალიან ახარებთ და მეც კმაყოფილი ვარ, რომ მადრიდის "რეალის" ძლევით ქომაგს დიდი სიხარული მოვუტანეთ, - აღნიშნა ტორინ გრინმა.
იგი მატჩის ბოლო წუთებსაც შეეხო:
- ძალიან ხისტად და აგრესიულად ვთამაშობდით, მეტოქეს ბოლომდე, უშეღავათოდ ვებრძოდით და არ შეიძლებოდა ჩვენი მონდომება არ დაფასებულიყო.
გრინმა საკუთარ დამსახურებაზე მეტად მწვრთნელის, პედრო მარტინესის ღვაწლზე ილაპარაკა:
- მატჩის წინ მწვრთნელთან ერთად "რეალის" ტაქტიკას ვიხილავდით. სწორედ მაშინ დავრწმუნდით, რომ შეგვეძლო ევროპისა და ესპანეთის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის დამარცხება. საბოლოოდ, ასეც მოხდა.
გრინს რეალელი უკანახაზელი სერხიო როდრიგესის წინააღმდეგ უწევდა თამაში, რომელთანაც 2006-07 წლების სეზონში "პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსში" ასპარეზობდა.
- როდრიგესს კარგად ვიცნობ. იგი არაჩვეულებრივი კალათბურთელია. მანაც კარგად ითამაშა, თუმცა ბოლო წუთებზე ჩვენს წინააღმდეგ ვერაფერი გააწყო. გასახდელში ძალიან გავიხარეთ.
შეგახსენებთ, რომ გრინის რეალელმა თანაამპლუელებმა შეტევაში თავი ვერ გამოიჩინეს: პრიჯიონიმ 3 ქულა ჩააგდო, ხოლო როდრიგესმა - 4.
"სარაგოსას" და აეკ-ის მოვლის შემდეგ, გრინმა, როგორც იქნა, იპოვნა თავისი ადგილი. იგი "გრან კანარიაში" თავს კარგად გრძნობს:
- იმედი მაქვს, რომ გულშემატკივრები კვლავ ჩვენს გვერდით იქნებიან და ვეცდებით, ისეთივე ბედნიერი დღეები ვაჩუქოთ, როგორიც "რეალის" ძლევისას იყო.
30 ნოემბერს "გრან კანარიას" ევროთასზე ლიტვურ "შიაულიაისთან" გასვლითი მატჩი უწევს:
- ლიტვაში რთული ბრძოლა გველის. ვფიქრობ, ხისტი თამაში იქნება, თუმცა ვეცდებით ევროთასზე მეორე გამარჯვება მოვიპოვოთ, -
დასძენს "გრან კანარიას" ახალი ვარსკვლავი."
***
ნიკა ცქიტიშვილისა და მისი "ლაგუნ აროსთვის" მეცხრე ტური წარუმატებელი გამოდგა. ბასკებმა "ვალენსიასთან" შინ წააგეს - 75:82. ცქიტომ 10 წუთში 2 ქულა და 3 მოხსნა მოაგროვა.
***
სტუმრად გაიმარჯვა ქუინტონ ჰოსლის "ხუვენტუდმა" - "ალიკანტეს" 75:71 აჯობა.
ქუინტონმა მატჩი სასტარტო ხუთეულში დაიწყო და 29 წუთში 8-8 ქულა-მოხსნა გაიფორმა.
***
საქართველოს ნაკრების ყოფილი წევრის, ტაირონ ელისის "ესტუდიანტესმა" სარაგოსაში, ამავე სახელწოდების გუნდთან 70:84 დათმო. ელისმა 34 წუთში 6 ქულა, 1 მოხსნა და 2 პასი მოინაგრა.
***
ესპანეთის პირველობის სატურნირო ცხრილსაც გადავხედოთ. მეოთხე ადგილზეა "ხუვენტუდი" (6 მოგება, 3 წაგება), მეცხრე-მეათე ადგილებს ინაწილებენ "გრან კანარია" და "ლაგუნ არო" (5-5 გამარჯვება, 4-4 მარცხი). "ესტუდიანტესს" 9 ტურის შემდეგ 3 მოგება უწერია და ცხრილში მეთოთხმეტეა.