2004 წელს "ოლიმპიას" წარმატება თუ ბოისას დამსახურება იყო, ამჯერად ამაში თავისი წვლილი
გიორგი მოედანზე პირველი მეოთხედის დასრულებამდე 2 წუთით ადრე შევიდა. ის მეოთხედი "ოლიმპიამ" 21:9 მოიგო. მწვრთნელმა ქართველი ცენტრი სათადარიგოთა სკამზე მე-14 წუთზე დასვა და მეოთხე პერიოდის დასაწყისამდე დაასვენა. როცა შერმადინი მოედანს დაუბრუნდა "არმანი" 57:51-ს იგებდა. ქართველმა ცენტრმა ჯერ ორი საჯარიმო ჩააგდო, შემდეგ ეფექტური ჩატენვა მიითვალა, რასაც ერთი საჯარიმო მიამატა და ანგარიშში სხვაობა ქულამდე შეამცირა - 58:59. თუმცა, "ოლიმპიას" აღმავლობას მცირე ჩავარდნა მოჰყვა - ფინლისა და მანჩინელის აქტიურობის წყალობით "არმანი" 69:60 დაწინაურდა. მატჩის 36-ე წუთზე გიორგიმ მორიგი ჩატენვა მიითვალა, მომდევნო შეტევაში მისმა თანაგუნდელმა გრეგორიმ ორქულიანი გამოიყენა და სწორედ ამ ეპიზოდზე დაიწერა ევროლიგის საიტზე გამოქვეყნებულ მიმოხილვაში - შერმადინმა და გრეგორიმ "ოლიმპიას" გამარჯვების იმედი დაუბრუნესო.
იმედი რეალობად აქციეს მარკოტამ და იაგოდნიკმა, რომლებმაც სამქულიანებით "ოლიმპია" 74:71 დააწინაურეს. დარჩენილ წუთნახევარში სლოვენიელებმა უპირატესობა შეინარჩუნეს და ევროლიგის წლევანდელ გათამაშებაში მეხუთე მატჩი მოიგეს. ასევე ხუთი გამარჯვება აქვს გიორგის "მშობლიურ" "პანათინაიკოსს" ("ოლიმპიაში" ათენური გუნდიდანაა განათხოვრებული), მაგრამ რადგან ურთიერთშეხვედრაში ოლიმპიელებმა გაიმარჯვეს, სატურნირო ცხრილს სწორედ სლოვენიელები უდგანან სათავეში. სხვათა შორის, "ოლიმპია" ევროლიგაზე მომდევნო მატჩს საბერძნეთში "პანათინაიკოსთან" ჩაატარებს.
საინტერესოა, როგორ შეხვდება ათენური პუბლიკა ათენში დაბრუნებულ შერმადინს, რომელმაც ლიუბლიანელი ქომაგის პატივისცემა უკვე დაიმსახურა: რამდენიმე ეპიზოდში გიორგის თამაშს ფეხზე წამომდგარი გულშემატკივარი ოვაციებით შეეგება, - ეს ვლადიმერ ბოისას სიტყვებია. მას და შერმადინს ტაში დარბაზის გარეთაც დაუკრეს. ამაზე ინტერვიუში თავად გიორგი მოგვითხრობს. მანამდე გეტყვით, რომ იგი ევროლიგის საამსეზონო რეკორდისკენ მიიწევს - ერთმანეთის მიყოლებით 15 საჯარიმო აქვს ჩაგდებული. "ეფესის" ლიდერმა იგორ რაკოჩევიჩმა უშეცდომოდ ნატყორცნ 15 საჯარიმოს, ბოლო ტურში 2 მიამატა, 17 მოუგროვდა და ქართველ ცენტრს ორით უსწრებს. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას და ვნახოთ, აჯობებს თუ არა გიორგი გამოცდილ იგორს, მანამდე შერმადინის ინტერვიუს გავეცნოთ.
- ჩემმა თანაგუნდელებმა მატჩი კარგად დაიწყეს. არც პირველი მეოთხედის ბოლოს შესულ სათადარიგოებს გაგვიფუჭებია საქმე და 21:9 დავწინაურდით. მეორე პერიოდიც სტაბილურად ჩავატარეთ, მესამეში კი ჩავარდნას თავი ვერ ავარიდეთ: დაცვაში გაგვიჭირდა და მილანელებმა რამდენიმე სამქულიანი ჩაგვიგდეს.
- მეოთხე პერიოდში მოედანზე რომ შეხვედი, 6 ქულის სხვაობით აგებდით...
- "მილანთან" მატჩის წაგება არ შეიძლებოდა, ეს ყველას კარგად გვქონდა გაცნობიერებული. მეოთხე პერიოდში მოედანზე შესვლისას ყველანაირად მზად ვიყავი, ფიზიკურადაც და ფსიქოლოგიურადაც. ბურთი შესვლისთანავე მოვხსენი, შემდეგ ჯარიმები ჩავაგდე და მიუხედავად იმისა, რომ მეორე მეოთხედის შემდეგ დიდი ხნით მომიწია დასვენება, ბოლოს სათანადოდ გავხურდი. მატჩის დასკვნით მონაკვეთში ჩემი გუნდელებიც შესანიშნავად გაისარჯნენ, იაგოდნიკმა და მარკოტამ მნიშვნელოვანი სამქულიანები გამოიყენეს და საბედნიეროდ ყველაფერი კარგად დასრულდა.
- შენი ერთ-ერთი ჩატენვა მატჩის საუკეთესო მომენტად აღიარეს...
- სასიამოვნო ფაქტია, მაგრამ ის ეპიზოდი მწარედ მახსენდება - ჩატენვისას მოწინააღმდეგემ უხეშად ჩამარტყა, რგოლზე ხელი უხერხელად მომიხვდა და თითები ახლაც დალურჯებული მაქვს.
- საქართველოს ნაკრების ყოფილი მეტოქის, ბელგიელი ვან დენ შპიგელის წინააღმდეგ მოგიწია თამაში...
- იგი მილანელებმა შუა სეზონში დაიმატეს. თუმცა, ვერც შპიგელმა და ვერც დანარჩენმა ტანმაღლებმა ფარქვეშ ვერ გვაჯობეს. არადა, "არმანის" ურიგო მეფარეები არ ჰყავს, პირველ მატჩში როკამ ბოლო წუთებზე ხუთი ბურთი მოხსნა, ლიუბლიანაში კი არაფერი გამოუვიდა.
- ტოპ-16-ში გასვლა როგორ აღნიშნეთ?
- დარბაზში 13 ათასი კაცი ეტევა. ევროლიგის თამაშებზე არენა ბოლომდე ივსება (რასაც ვერ ვიტყვი ადრიატიკის ლიგის შეხვედრებზე). მილანის "არმანის" დამარცხებითა და მომდევნო ეტაპზე გასვლით ჩვენი ქომაგი ძალიან გავახარეთ. საოცარი ემოციები იყო. მატჩის შემდეგ გასახდელში შევედით, თუმცა, მალე იაგოდნიკი შემოვიდა და გვითხრა - ისევ მოედანზე უნდა დავბრუნდეთ, ხალხი გველისო. გავედით და მხურვალე ქომაგობისთვის მადლობა გადავუხადეთ. ემოციები რომ ჩაცხრა, მე და ბოისა ჰამბურგერის საჭმელად სახინკლის ტიპის პატარა დაწესებულებაში შევედით (ლიუბლიანაში 22:30 საათისთვის თითქმის ყველაფერი იკეტება). მიახლოვებისას ვოვამ მკითხა - ბევრი ხალხია, შევიდეთო? დაწესებულება კალათბურთიდან წამოსული გულშემატკივრებით იყო სავსე. კარებში ჩვენი შესვლა და ხალხის ფეხზე წამოდგომა ერთი იყო - ტაშით მოგვესალმნენ. საოცარი სანახავი იყო... სურათებისა და ავტოგრაფების გარეშე არავინ დაგვიტოვებია.
გიორგიმ იქვე მოგვიბოდიშა, სატრენაჟორო დარბაზში მეჩქარება, ცოტა ადრე უნდა გავიდე, რომ გზაში არ შევფერხდე, რადგან ლიუბლიანაში დიდი თოვლიაო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"