მატჩი დაძაბული გამოდგა, ცქიტიშვილისა და სალგადოს ზუსტი ტყორცნების ხარჯზე "ლაგუნ არო" მე-12 წუთისთვის 31:21
ინდივიდუალური სტატისტიკით ცქიტიშვილმა ჰოსლის აჯობა: 20 წუთში 12 ქულა (1-დან 1 ორქულიანი, 6-დან 3 სამიანი, 2-დან 1 საჯარიმო) და 8 მოხსნა მიითვალა. სხვათა შორის, 8 მოხსნა სკიტას საამსეზონო რეკორდია.
ქუინტონ ჰოსლიმ 30 წუთში 11 ქულა და 6 მოხსნა ჩაიწერა. ერთ ეპიზოდში იგი დევიდ დაბლასის უხეშობამ ძალიან გააბრაზა და საჩხუბრადაც გაიწია...
***
ესპანურ გაზეთ "ლაპროვინციაში" ვკითხულობთ:
"ტორინ გრინმა ერთი კვირის წინანდელი გმირობა გაიმეორა ("რეალთან" მატჩი იგულისხმება), "ბილბაოსთან" გასვლითი შეხვედრის ბოლო წუთებზე 7 ქულა ჩააგდო და "გრან კანარიას" გასვლითი თამაში მოაგებინა - 75:72. გრინმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მაღალი კლასის კალათბურთელია, NCAA ორჯერ შემთხვევით არ მოუგია, მისი NBA-სეული დრიბლინგების შეჩერება ბილბაოელებს ძალიან გაუჭირდათ, ხოლო ბოლო წუთზე სამქულიანით ჯერ ანგარიში გაათანაბრა, შემდეგ საჯარიმოებით თანაგუნდელები დააწინაურა.
- ეს გამარჯვება დავიმსახურეთ. ვფიქრობ, გრინს მეტიც შეუძლია, - განაცხადა კანარელთა თავკაცმა პედრო მარტინესმა."
უფრო კონკრეტულად: გრინმა 33 წუთში 20 ქულა (3-დან 2 ორქულიანი, 10-დან 4 სამიანი, 6-დან 4 საჯარიმო), 5 მოხსნა და 1 პასი მოაგროვა. 20 ქულა ამ სეზონში გრინის რეკორდია.
გამოცემა "ენკანჩამ" ჩამოთვალა მეათე ტურის 10 საუკეთესო კალათბურთელი. მათ შორის მეორეა ტორინ გრინი: "ბლუმსმა და ფიშერმა ტორინის შეჩერება ვერ მოახერხეს. ქართული პასპორტის მქონე ამერიკელმა "გრან კანარიას" დიდი გამარჯვება მოუტანა და სამეფო თასისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა."
აქვე, თქვენს ყურადღებას ერთ კურიოზზე შევაჩერებთ: "გრან კანარიამ" "ბილბაოს" თეთრი მაისურით ითამაშა... ბასკეთის აეროპორტის მომსახურე პერსონალის გაფიცვის გამო ბილბაოში ჩასულმა კანარელებმა მაისურები დროულად ვერ მიიღეს და იძულებულნი გახდნენ თეთრი ფორმა ბილბაოელებისგან ეთხოვათ. ესპანელი ჟურნალისტები ეშმაკურად აღნიშნავდნენ - გრინს "ბილბაოს" ფორმა ძალიან მოუხდაო. საქართველოს ნაკრების წევრი ჩვენთანაც და კანარებზეც 21 ნომრით თამაშობს, თუმცა "ბილბაოს" თეთრ კომპლექტში ეს ნომერი არ აღმოჩნდა და გრინმაც შეაბრუნა - ზურგზე 12 ნომერი ეწერა.
***
საქართველოს ნაკრების ყოფილი უკანახაზელი ტაირონ ელისი სენსაციური მატჩის მონაწილე გახდა. მისმა "ესტუდიანტესმა" "ბარსელონას" უმასპინძლა და 62:63 დაამარცხა. ელისი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 21 წუთი გაატარა. დროის ამ მონაკვეთში მან 5 ქულა, 3 მოხსნა და 1 პასი მოაგროვა.
***
დროა სატურნირო ცხრილსაც შევავლოთ თვალი. "ლაგუნ აროს" "ხუვენტუდისთვის" რომ მოეგო, რვა საუკეთესოში შევიდოდა და სამეფო თასზე მოხვედრის შანსი გაეზრდებოდა... სკიტას გუნდს 5-5 მოგება - წაგება აქვს და ცხრილში მეათეა. 4 გამარჯვებითა და 6 წაგებით მე-13 ადგილზეა "ესტუდიანტესი". გრინისა და ჰოსლის გუნდები კი რვაეულში არიან: 10 ტურის შემდეგ "ხუვენტუდს" 7 მოგება უწერია და ცხრილში მე-4 ადგილზეა, ხოლო "გრან კანარია" 6 მოგებით მეექვსეზე.
მომდევნო ტურში ცქიტიშვილის "ლაგუნ აროს" გრინის "გრან კანარია" ესტუმრება, "ხუვენტუდი" "გრანადას" უმასპინძლებს, ხოლო "ესტუდიანტესი" - ელისის ყოფილ კლუბ "კახასოლს".