გამყრელიძე: ბედი არ გვწყალობს

AutoSharing Option
ლაშა გამყრელიძის "გისენმა" გერმანიის ჩემპიონატში ზედიზედ მეექვსე მატჩი წააგო. ამჯერად შინ, "გოტინგენთან", 79:85.

შეხვედრის პირველი ტაიმის შემდეგ მცირე უპირატესობა სტუმრებმა მოიპოვეს და მეოთხე პერიოდამდე 4-5 ქულის სხვაობით ლიდერობდნენ. ბოლო რაუნდში "გოტინგენის" უპირატესობა 10 ქულამდე გაიზარდა - 79:69. ამ ეპიზოდის "გისენის" გამოცოცხლება მოჰყვა და გრიფინის ზუსტი თამაშის წყალობით ანგარიშიც გათანაბრდა - 79:79. სირენამდე 26 წამი რჩებოდა, როცა გოტინგენელებმა ბურთი ააცილეს და გადამწყვეტი იერიშის უფლება გისენელებს დარჩათ, რომლებმაც ნაჩქარევად ისროლეს და... მატჩის დასრულებამდე 18 წამით ადრე მასპინძელთა კალათი დუეინ ანდერსონმა დალაშქრა, რამაც
"გოტინგენს" გამარჯვება განაპირობა.

ლაშა გამყრელიძემ 28 წუთში 5 ქულა, 8 პასი, 2 მოხსნა და 1 ჩაჭრა მოაგროვა. ნამატჩევს მან გვითხრა:

- დასანანია, თითქმის მოგებული მატჩი წავაგეთ. ბედი არ გვწყალობს. ბოლოს არაერთი ასეთი შეხვედრა დავთმეთ, არადა, სეზონის დასაწყისში პირიქით იყო...

ლაშამ წაგების კონკრეტული მიზეზიც დაასახელა:

- ტრავმირებულია გუნდის ერთ-ერთი ლიდერი სმიტი. მთელი დატვირთვა ხუთ კალათბურთელზე მოდის და ბოლო წუთებისთვის ენერგია აღარ გვყოფნის. დარწმუნებული ვარ, მეორე წრიდან თამაშსაც გამოვასწორებთ და სატურნირო მდგომარეობასაც.

გამყრელიძემ ერთი სიახლე გაგვაცნო:

- გისენში დღეს დილას ჩამოვიდა იაკობსენი, რომელიც კარგი მსროლელია და გუნდის შეტევით პოტენციალს საგრძნობლად გააუმჯობესებს. მეორე წრიდან კი სმიტიც დაგვიბრუნდება...

მანამდე "ტიუბინგენია", რომელსაც "გისენი" სტუმრად 11 დეკემბერს ეთამაშება:

- "ტიუბინგენი" ლიდერთა კატეგორიას არ განეკუთვნება, შესაბამისად მისი სტუმრად დამარცხება წარმოუდგენელი სულაც არ არის. ვეცდებით წარუმატებელი სერია სწორედ 11 დეკემბერს შევწყვიტოთ, - დასძინა ლაშამ.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული