როკი სოფიაში ჩაიჭრა

AutoSharing Option
ევროჩელენჯზე "სტუდენტურ" დერბიში "ლუკოილ აკადემიკმა" "ტარტუ როკი" 74:64 დაამარცხა. ეს მოგება მასპინძელ ბულგარელებს ბევრს არაფერს მატებდა, ტარტუელებს კი ჰაერივით სჭირდებოდათ, რათა მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი შეენარჩუნებინათ. გამარჯვების შემთხვევაში ესტონელები გუშინ, გვიან გასამართ "ლუგანო"-"ბენფიკას" მატჩს დაელოდებოდნენ და თუ მასპინძლები მოიგებდნენ, ორეულში მოხვედრის კარგი შანსი რჩებოდათ - მომდევნო კვირას უშუალო კონკურენტ "ბენფიკას" მიიღებენ.

შანსი რომ არსებობდა, "როკერები" ამიტომაც მონდომებით ეკვეთნენ ბულგარელებს, თუმცა ზედმეტი მონდომების გამო პირველ პერიოდში თამაშის დალაგება გაუჭირდათ და 6:17 წააგეს. "როკმა" მეორე ათწუთეული 19:14 მოიგო და გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვება
მესამე პერიოდში სცადა, გიორგი ცინცაძემ სამქულიანი და ორიანი ერთმანეთს მიაყოლა და სხვაობა 5 ქულამდე შეამცირა - 32:37. თავის მხრივ გულხელდაკრეფილნი არც "აკადემიკოსები" იყვნენ. მათი უპირატესობა 5-8 ქულას შორის მერყეობდა.

გადამწყვეტი რაუნდი ცინცაძემ სამქულიანით გახსნა, სირენამდე 4:48 წუთით ადრე კი შედეგიანი გადაცემით ვეიდემანს სამქულიანი ჩააგდებინა და სხვაობა ოთხამდე შემცირდა - 57:61. ეს იყო და ეს, მომდევნო ორ წუთში "როკი" 57-ზე გაიყინა და ბულგარელებმა 10-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს, რაც ბოლო წამებამდე შეინარჩუნეს.

გიორგიმ მატჩი სასტარტო ხუთეულში დაიწყო, სულ 26 წუთი ითამაშა, 12 ქულა, 5 მოხსნა, 4 პასი მიითვალა. მან 9-დან 3 ორქულიანი და 4-დან 2 სამიანი გამოიყენა. უარყოფით გრაფაში კი 4 შეცდომა და 3 ფოლი ჩაიწერა. ცინცაძემ "როკის" ბომბარდირობა ვეიდემანთან გაიყო. მატჩის სნაიპერი კი "აკადემიკის" ლატვიელი ცენტრი კასპარს კამბალა გახდა - 19 ქულა, 13 მოხსნა.

ხუთი ტურის შემდეგ "ტარტუ როკს" 1 მოგება აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ორეულში ვეღარ მოხვდება.

21 დეკემბერს ტარტუელები ევროჩელენჯთან გამოსამშვიდობებელ მატჩს ითამაშებენ - "ბენფიკას" მიიღებენ.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული