მარკოიშვილს მოტეხილობა აღმოუჩინეს

AutoSharing Option
ამ უკანასკნელით დავიწყოთ: ერთი კვირის წინათ მანუჩარ მარკოიშვილმა ფეხის ცერი დაიზიანა - მას იატაკზე დაშვებისას მეტოქე ბობი ჯონსი მთელი სიმძიმით დაეცა. იტალიელმა ექიმებმა გამოთქვეს ვარაუდი, რომ მანუს ტრავმა სერიოზული არ იყო და იგი 18 დეკემბერს "ბრინდისის" წინააღმდეგ თუ არ ითამაშებდა, 21-ში "გალათასარაისთან" მატჩში მაინც დაეხმარებოდა თანაგუნდელებს.

"ბრინდისისთან" "კანტუმ" 85:62 მოიგო. მანუს არ უთამაშია. ქართველი უკანახაზელის ტრავმა იმდენად მსუბუქი არ აღმოჩნდა, როგორც თავიდან ეგონათ: "კანტუს" ოფიციალურ საიტზე მოკლე ინფორმაცია გამოქვეყნდა, რომლის თანახმად, ექიმებმა მანუჩარს ცერის მოტეხილობა დაუდგინეს. იქვე ვკითხულობთ: ამ კვირაში
მედიკოსები მარკოიშვილის ფეხს უკეთესად გამოიკვლევენ და ამის შემდეგ გაცხადდება, ტრავმის მოშუშებას რამდენი დრო დასჭირდება.


***
ერთთვიანი შესვენების შემედგ მოედანს დაუბრუნდა იტალიის ჩემპიონატში მოთამაშე მეორე ქართველი - ვიქტორ სანიკიძე (კოჭის ტრავმა ჰქონდა). მისმა "ვირტუსმა" ევროლიგის წარმომადგენელ "მილანს" უმასპინძლა და პირველი მეოთხედი დამაჯერებლად ჩაატარა - 19:9. მატჩის დასაწყისში თანაგუნდელებს 3 ქულა სანიკიძემ შეაშველა.

მეორე პერიოდიდან მილანელებმა თამაში გამოასწორეს და მეოთხე პერიოდის წინ ტაბლოზე საყაიმო ანგარიში დააფიქსირეს - 56:56. ბოლო რაუნდში ბოლონიელთა დაცვა "ძველი საქათმის კარივით" მოირყა, "მილანმა" 38 ქულა ჩააგდო და 94:81 მოიგო.

ვიქტორმა 17 წუთი ითამაშა და სროლის სიზუსტითაც გამოირჩა: 8 ქულა (2-დან 1 ორქულიანი, 2-დან 2 სამიანი), 3 მოხსნა. "ვირტუსის" მაისურით ყველაზე მეტი უინსტონმა ჩააგდო - 18 ქულა. "მილანის" შეტევის ლიდერი კი მანჩინელი იყო - 21 ქულა.

იტალიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში ერთმანეთს კიდევ უფრო დაშორდნენ "კანტუ" და "ვირტუსი". პირველს 10 ტურის შემდეგ 7 მოგება აქვს, ხოლო მეორემ შეხვედრათა ნახევარში გიმარჯვა (5). "კანტუ" მესამე პოზიციაზეა, "ვირტუსი" - მეცხრეზე.


***
ნიკა მეტრეველის "რიმინიმ" სტუმრად "ასიგეკოსთან" დაძაბულ ბრძოლაში წააგო - 78:81. ქართველმა ფორვარდმა 6 წუთი ითამაშა, 2 ქულა (1-დან 1 ორქულიანი) და 3 მოხსნა მოაგროვა. მისი თამაში ლიგის ოფიციალურ საიტზე 6 ბალითაა შეფასებული: "მეტრეველი თამაშში აქტიურად ჩაერთო. ერთი ორქულიანი იმ დროს ჩააგდო, როცა "რიმინის" ძალიან სჭირდებოდა".

თუმცა ნიკას ორი ქულა მის გუნდს გამარჯვებისთვის არ ეყო. სადღეისოდ "რიმინი" "ლეგადუეს" სატურნირო ცხრილში მეექვსე ადგილზეა.



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული