შერმადინის ოლიმპია ვარსკვლავებს დაერია

AutoSharing Option
გიორგი შერმადინის "ოლიმპია" ვარსკვლავებს დაერია, თანაც "წითელ ვარსკვლავებს" - ჯერ ევროლიგაზე მოსკოვის ცსკა დაამარცხა, შემდეგ სერბეთის "ცრვენა ზვეზდა". ბელგრადელებს რუსებზე უკეთესი დღე არ დაადგათ, სლოვენიელებმა მათ 80:67 სძლიეს.

საქართველოს ნაკრებისა და "ოლიმპიას" ცენტრმა შერმადინმა 8 წუთი ითამაშა და თითო ქულა-მოხსნა მოაგროვა. მან მეტოქეებს წესები ორჯერ დაარღვევინა, თავადაც ორჯერ დაჯარიმდა და ამდენივე შეცდომა დაუშვა.

12 ტურის შემდეგ "ოლიმპია" ადრიატიკის თასის სატურნირო ცხრილში პირველობას ჩერნოგორიულ "ბუდუჩნოსტთან" ინაწილებს. მათ 8-8 მოგება აქვთ. სხვათა შორის, სლოვენიელებს ერთადერთი საშინაო მარცხი სწორედ "ბუდუჩნოსტმა" აგემა. ადრიატიკის ლიგის
მე-13 ტურში "ოლიმპია" სერბულ "რადნიჩკის" 24 დეკემბერს ეწვევა, მანამდე კი ევროლიგის პირველ ჯგუფურ ეტაპზე ბოლო მატჩს ჩაატარებს - ესპანურ "ვალენსიას" სტუმრად ეთამაშება (22 დეკემბერს).

ქართველი ლეგიონერების შესახებ ინტერნეტ-სივრცეში ყოველდღიურად ახალ ინფორმაციებს ვეძებთ. გუშინ მოულოდნელი სათაური აღმოვაჩინეთ - "ბოისა ბარსელონაში". მოგეხსენებათ, "ოლიმპიას" გამოცდილი ფორვარდი ვლადიმერ ბოისა ამჟამად ტრავმირებულია. იგი მოედანზე დაბრუნებას იანვრისთვის აპირებს. რაც შეეხება სათაურს, "ბოისა ბარსელონაში", გამოცემა "კოჩინა ინტეგრალში" კალათბურთზე სულაც არ იყო ლაპარაკი - თურმე, ბარსელონაში გაიხსნა ცენტრი "ბოისა", რომლის მიზანია, ხალხს სწორი კვებით ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში დაეხმაროს.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული