"მილუოკი" სადაც არ უნდა თამაშობდეს, ბოლომდე იბრძვის და იოლად არც ერთ მატჩს არ თმობს. ასე იყო მემფისშიც, სადაც დასავლეთისა და სრულიად ლიგის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბ "გრიზლისს" ზაზა ფაჩულიას გუნდი ღირსეულად ებრძოლა, თუმცა საბოლოოდ ანგარიშით 83:96 წააგო.
"ჩვენ ვიბრძოლეთ და მეტოქეს წინ არ ვუშვებდით. ბოლო მეოთხედში ჩამორჩენა 10 ქულას ჩამოვაცილეთ, მაგრამ ძალები არ გვეყო" - განაცხდა ზაზა ფაჩულიამ ამერიკულ მედიასთან მატჩისშემდგონ კომენტარში.
ქართველმა ცენტრმა შედეგიანად ითამაშა. ის სასტარტო ხუთეულში იყო
და მოედანზე გატარებულ 27 წუთში 14 ქულა, 4 მოხსნა, 1 პასი და 1 დაფარება მიითვალა, ბურთი კი 2-ჯერ დაკარგა. ზაზამ 8-დან 5 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. მილუოკელთაგან მასზე მეტი ქულა გიანის ანტეტოკოუმპომ (19) და კრის მიდლტონმა (17) ჩააგდეს. მოედანზე ფაჩულიას ოპონენტმა მარკ გასოლმა შეხვედრა 12 ქულით, 7 მოხსნით და 7 პასით დაასრულა.
34 მოგებითა და 32 მარცხით "მილუოკი" აღმოსავლეთ კონფერენციაში მყარად მე-6 ადგილზეა. მომდევნო მატჩს ფაჩულიას გუნდი 17 მარტს, ნიუ ორლეანში "პელიკანსთან" გამართავს.
წყარო: gbf.ge