ამ კატალონიური გუნდის ჰოსლისადმი ინტერესზე ესპანური გამოცემები ივნისის ბოლოს წერდნენ, თუმცა მოლაპარაკებები გუშინ დასრულდა და კონტრაქტსაც ხელი მოეწერა. ხელშეკრულების მიხედვით, საქართველოს ნაკრების ფორვარდი "ხუვენტუდში" ერთ სეზონს გაატარებს.
კატალონიელებმა გასული სეზონის რეგულარულ ჩემპიონატში მე-11 ადგილი დაიკავეს და პლეი ოფში ვერ გააღწიეს. მთავარ მწვრთნელ ვისენტე ერნანდესს იმედი აქვს, რომ სხვა ახალწვეულებთან ერთად ქუინტონ ჰოსლი კლუბს მაღალი მიზნებისთვის ბრძოლაში დაეხმარება. ქუინტონთან ერთად "ხუვენტუდში"
ჰოსლი ამერიკიდან ევროპაში 2007 წელს გადმობარგდა და თურქულ "კარშიაკაში" ჩაირიცხა. პირველ სეზონში მას საოცარი სტატისტიკა (2.9 ქულა, 11.7 მოხსნა) ჰქონდა და მადრიდის "რეალის" ყურადღება მიიპყრო. ორმეტრიანმა ამერიკელმა 2008-09 წლების სეზონი "რეალში" დაიწყო, თუმცა ზამთარში პირენეის ნახევარკუნძული დატოვა და თურქულ "გალათასარაიში" ჩაირიცხა. 2009-10 წლების სეზონის წინ ქუინტონმა გადაწყვიტა, ევროპის წამყვანი კლუბების ყურადღება კვლავ სტატისტიკის ეფექტურობით მიეპყრო და რიგით თურქულ კლუბ "ალიაღას" (იზმირი) მიაშურა. ქუინტონის ჩანაფიქრმა გაამართლა, გასულ სეზონში საშუალოდ 18.1 ქულას, 8 მოხსნას და 4 შედეგიან გადაცემას აგროვებდა. მიუხედავად იმისა, რომ მისმა "ალიაღამ" ჩემპიონატში მე-13 ადგილი დაიკავა, ჰოსლიმ საკმაო ყურადღება მიიპყრო - ჯერ საქართველოს ნაკრებში თამაში შესთავაზეს, შემდეგ "ხუვენტუდისგან" მიიღო წინადადება. კატალონიელებთან შედარებით ქართველებს ერთი უპირატესობა გვაქვს: ჰოსლის თამაშს რვა დღეში ვნახავთ - 23 ივლისს სპორტის სასახლეში საქართველოს ნაკრები რუმინეთს დაუხვდება. მატჩში მონაწილეობას ჰოსლიც მიიღებს და ტორინ გრინიც. ამხანაგურ შეხვედრებში ნატურალიზებულებზე ლიმიტი არ ვრცელდება. ოფიციალურ მატჩების განაცხადში კი ერთი უცხოელის შეყვანაა ნებადართული.