მანუჩარ მარკოიშვილმა ცსკა დატოვა

AutoSharing Option
ქართველი კალათბურთელი მანუჩარ მარკოიშვილი, რომელიც მოსკოვის ცსკა-ს ღირსებას იცავდა, კარიერას სხვა გუნდში გააგრძელებს, - იტყობინება რუსული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი.

მარკოიშვილი ცსკა-ში "გალათასარაიდან" გასულ ზაფხულს გადავიდა. ამ ხნის განმავლობაში მან რუსული გუნდის რიგებში 42 შეხვედრა ჩაატარა, აქედან 10 სასტარტო.

ქართველი ფორვარდის სტატისტიკა საშუალოდ მატჩში ასე გამოიყურება: 15 წუთი, 5.7 ქულა, 1.9 მოხსნა, 1.1 გადაცემა, 0.7 ჩაჭრა.

ცსკა-ს რიგებში მარკოიშვილი ვითიბი ლიგისა და რუსეთის ჩემპიონი გახდა.

მანუჩარ მარკოიშვილი:
"მადლიერი ვარ ცსკა-ს ხელმძღვანელობის
და სამწვრთელო შტაბის, რომ მომცეს შესაძლებლობა, ევროპის საუკეთესო კალათბურთელებთან მეთამაშა და საუკეთესო ორგანიზაციის ნაწილი გავმხდარიყავი.

უკმაყოფილო მხოლოდ ერთი რამის გამო ვარ - ევროლიგის მოგება ვერ შევძელით, თუმცა მჯერა, რომ გუნდს ყველაფერი წინ აქვს. ცსკა მოიგებს და მას წარმატებას ვუსურვებ.

მინდა მადლობა გადავუხადო გულშემატკივრებს და თითოეულ ადამიანს კლუბში - მწვრთნელებს, მოთამაშეებს, სამედიცინო შტაბსა და პერსონალს. ისინი მეხმარებოდნენ, რომ ბოლომდე მებრძოლა.

ანდრეი ვატუტინი (ცსკა-ს პრეზიდენტი):
"მანუსთან დაშორება მხოლოდ ერთი მიზეზით არის განპირობებული - ლეგიონერებზე ლიმიტის პირობებში უკანა და წინა ხაზის ბალანსის დაცვა.

სათამაშო ასპექტში მანუჩარმა სრულად გაამართლა ჩვენი მოლოდინი და ერთი წამითაც არ ვნანობ, რომ 2014 წელს ის გუნდში მოვიწვიეთ. უპირველეს ყოვლისა, იმიტომ, რომ მანუმ თავი წარმოაჩინა, როგორც შესანიშნავმა ადამიანმა - გულწრფელმა, პასუხისმგებლობის მქონემ, კეთილსინდისიერმა და ამავე დროს, მოედანზე ის მტკიცე და სანდო მებრძოლი იყო.

ძალიან რთულია, რომ ჩვენს მეგობარს ვემშვიდობებით. განსაკუთრებით სამწუხარო კი ის არის, რომ ცსკა-ს ვიზიტი თბილისში მარკოიშვილის გარეშე ჩაივლის, მაგრამ მას წარმატებას ვუსურვებ. დარწმუნებული ვარ, რომ მას კარიერაში არაერთი დიდი გამარჯვება ელის".