რა არის საინტერესო? ეს ხომ "ჰელოუინის" წარმართული დღესასწაულისას ხდება! - მეტყვის მკითხველი, რომლისთვისაც "ჰელოუინი" მიუღებელია. თუმცა არ დამიწერია, რომ გოგრაზე მაინცდამაინც დაჯღანული კაცი ამოვჭრათ, ხომ შეიძლება სულაც ღიმილაკი ("სმაილიკი") იყოს?
ასეა თუ ისე, გოგრა და ცეცხლი "ჰელოუინთან" ასოცირდება და ამ დასავლურ დღესასწაულზე წერა მაინც სახიფათოა.
არც შევჩერდებოდი, რომ არა ბოლო დროს სპორტსმენების აქტიურობა: არაერთი გუნდი აღნიშნავს
ფოტოზე: "დალასი"
დააკვირდით ფოტოს, რომელზეც დალასელები არიან გამოსახულნი და დირკ ნოვიცკის თუ ამოიცნობთ... ყოჩაღ! გერმანელი ვარსკვლავი ისე შეუღებავთ, სარკეში ჩახედვას არავინ ურჩევდა...
ბარსელონელებიდან და ლივერპულელებიდან თითო კაცს თუ ამოიცნობთ, ისიც გაჭირვებით. საინტერესო სანახავი კი ნამდვილად არის...
ფოტოზე: "ლივერპული"
...რა არის საინტერესო?! - გამიმეორებს ზემოთ ნახსენები მკითხველი.
სიმართლე გითხრათ, მეც არ მსიამოვნებს მკვდარი სულების ფორმაში გადაცმული ხალხის ყურება, საქართველოში ხომ ისედაც ბევრი მკვდარი სული გვყავს, რომლებიც არჩევნების მოახლოებასთან ერთად აქტიურდებიან...
სიტუაციას მეორე მხრიდანაც შევხედოთ: დღევანდელ ცხოვრებაში, როცა ხალხი სკამზე კომპიუტერითაა მიჯაჭვული, ცოცხალი ურთიერთობის ნაკლებობაა, ესა თუ ის დღესასწაული მეზობელს მეზობლის არსებობას ახსენებს, მეგობარს - მეგობრისას...
ნამდვილად არ მიფიქრია, ჭიაკოკონობა პირველად ვინ დააწესა, ცეცხლზე გადახტომაში რა აზრი დევს, უბრალოდ, გაზაფხულზე, ერთ-ერთ ოთხშაბათს სამსახურიდან რომ ვბრუნდებოდი, უბანში რამდენიმე ადგილას მოგიზგიზე ცეცხლი დავინახე და მესიამოვნა. საინტერესო სანახავი იყო...
...რა იყო საინტერესო?! - მესამედ შემომიტევს მკითხველი.
საინტერესო და სასიამოვნო ის იყო, რომ მეზობლები ვნახე, დიდი ხნის უნახავი მეზობლები, რომლებთან ერთად ბავშვობაში ბურთი მითამაშია, ჭიაკოკონაზეც მიფრენია. ვნახე რობერტ შავლაყაძესავით მოხტუნავე ბავშვები, რომლებიც ეზოში მხოლოდ ჭიაკოკონობისთვის ჩამოსულიყვნენ. ეს დღე რომ არა, "ეშმაკის მანქანასთან", კომპიუტერთან ისხდებოდნენ და ვინ იცის, სად იძრომიალებდნენ.
ბავშვებისთვის, ისევე, როგორც "ბარსელონას" და "ლივერპულის" ფეხბურთელებისთვის, ნამდვილად არ იქნება ცნობილი ის, რომ "ჰელოუინი" ძველი კელტური დღესასწაულია. კელტები 1-ლი ნოემბრისთვის, სავსემთვარეობისას, "ზაფხულის დასასრულს" აღნიშნავდნენ. ეს დღე კელტური ახალი წელიც იყო. ბრიტანეთსა და ირლანდიაში ძველი წლის დასრულების ნიშნად კერაზე ცეცხლს აქრობდნენ. ანთებდნენ დიდ კოცონს და ახალი წელიც იმ წუთიდან იწყებოდა. კოცონიდან ყველა იღებდა მუგუზალს თავის ოჯახში ცეცხლის დასანთებად. ამასთან, კოცონის დანთებით კელტები ბოროტ სულებს აფრთხობდნენ, რომლებიც ცოცხლებს აშინებდნენ.
საინტერესო დამთხვევაა...
...რა არის საინტერესო? - იკითხავს ჩვენთვის უკვე კარგად ნაცნობი მკითხველი.
ფოტოზე: "ბარსელონა"
ჩემი რა ბრალია, თუ საინტერესოდ დაემთხვა? - "ჰელოუინის" მოსტუმრების შემდეგ "ბარსელონამ" ესპანეთის ჩემპიონატში სტუმრად 2:0 დაამარცხა "ხეტაფე", "ლივერპულმა" პრემიერლიგაში ასევე სტუმრად 3:1 სძლია "ჩელსის", ხოლო "დალას მავერიქსმა" NBA-ში მისსავე მოედანზე დაამარცხა "ლოს ანჯელეს ლეიკერსი". გგონიათ, გოგრაში ცეცხლის ანთებამ უშველათ? - ძლიერები არიან, დღენიადაგ შრომობენ და იმიტომაც ადიან ოლიმპზე.
ჰო, მართლა, ოლიმპიური ცეცხლი ზევსის პატივსაცემად ენთებოდა. ზევსი კი ძველბერძნულ მითოლოგიაში ელვის ღმერთი იყო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"