გიორგი შერმადინის დღიური

AutoSharing Option
დღიურის მეორე გვერდს ვწერ. შედარებით თამამად, ვიდრე პირველს. ისევე თამამად, როგორც "ბარსელონასთან" საღამოს მატჩში ვაპირებ გასვლას. ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს მეტოქის წარმომავლობას, არც იმას, თამაშობდა თუ არა ნდონგი NBA-ში, მწვრთნელისგან დავალება მაქვს მიღებული და ვცდილობ, ყოველთვის გულიანად შევასრულო.

დღეს მატჩისწინა შთაბეჭდილებებს გაგიზიარებთ, ხოლო უშუალოდ "ბარსელონასთან" საევროლიგო დაპირისპირებაზე ხვალ, ცივი გონებით დავწერ.


***
გახსოვთ, დღიურის პირველი გვერდი (გუშინ) რითი დავასრულეთ? - ოთხშაბათს დილის ვარჯიშის შემდეგ შინ რომ დავბრუნდი... გამოვიძინე და საღამოს ვარჯიშზე გამოვცხადდი.

როგორც მოსალოდნელი იყო, საწყისი 20 წუთი "მიტინგს" დაეთმო.
ოღონდ საქართველოსგან განსხვავებით ამ სიტყვას სლოვენიურ კალათბურთში სხვა მნიშვნელობა აქვს: ვიკრიბებით და მწვრთნელი ვიდეოჩანაწერების მიხედვით მოწინააღმდეგის თამაშს გვირჩევს. ჯერ "ბარსელონას" სათამაშო სისტემები განვიხილეთ. სხვა გუნდებისგან განსხვავებული ბევრი არაფერი აქვთ. შემდეგ მწვრთნელმა თითოეული კალათბურთელი დაგვიხასიათა, დიდი ყურადღება მაღლებს უნდა მივაქციოთ, რადგან ძალიან მობილურები არიან და შეტევაშიც სწრაფად გადადიანო. ასევე დაცვისას თავისუფალი ზონები არ უნდა დავტოვოთო. იყო კიდევ სხვა მითითებები, მაგრამ ჩემთვის შევინახავ, თამაშის მერე მოგიყვებით.

რჩევა-დარიგებების მიღების შემდეგ "ბარსელონას" კომბინაციები გავათამაშეთ. ბოლოს კი კაპიტანმა გორან იაგოდნიკმა მოედნის შუაში გვიხმო და გვირჩია - ახლა ყველამ კარგად დავისვენოთო.

როგორც წესი, თამაშების წინა საღამოს ვარჯიშის შემდეგ შინიდან არ გავდივარ, რათა მატჩისთვის ყოველმხრივ მზად ვიყო.


***
27 იანვარს დილას "სტოჟიცეს" არენაზე ჯერ სტუმარმა "ბარსელონამ" ივარჯიშა. ჩვენ 12 საათზე შევედით. არც ერთი გუნდის წვრთნას გულშემატკივარი არ დასწრებია. შესასვლელში ორი ბარსელონელი ჩემს თანაგუნდელებს შეეყოვნებინათ - იაკა ლაკოვიჩი და ერაზემ ლორბეკი მშობლიურ, სლოვენიურ ენაზე საუბრობდნენ.

ვარჯიშის წინ კვლავ "ბარსელონაზე" ლაპარაკით გავხურდით, შემდეგ მწვრთნელმა თითო ფურცელი დაგვირიგა, რომლებზეც მეტოქის კალათბურთელების პლუს-მინუსები ეწერა.

ვარჯიშის ბოლოს კი გამარჯვებისთვის საჭირო "რეცეპტი" მოგვაწოდა: მზადყოფნა, დაცვა და მოხსნა. ამ ფრაზიდანაც ნათლად ჩანს, რაოდენ მნიშვნელოვანია "ბარსელონას" წინახაზელების შეკავება და მოხსნა. ამიტომ, როგორც ყველა მატჩს, საღამოს შეხვედრასაც მაქსიმალურად მობილიზებული შევხვდები.


***
რადგან დღიურს შუადღეს ვწერ და თამაშის პერიპეტიებზე თხრობას ხვალისთვის შეგპირდით, დღეს მატჩისწინა მზადებაზე დავწერ. ყოველ შეხვედრისთვის საათნახევრით ადრე მივდივართ, ვიცვლით და მოედანზე ვხურდებით. 45 წუთით ადრე მწვრთნელი გასახდელში გვიხმობს, კრება დაახლოებით 15 წუთს გრძელდება. მანუჩარ მარკოიშვლის დღიურში წავიკითხე, თურმე 2006 წელს "ოლიმპიაში" ყოველი მატჩის წინ "ჰაკას" ასრულებდნენ. საინტერესოა, თუმცა დღეს მსგავსი ტრადიცია აღარაა, გასახდელიდან მატჩის დაწყებამდე 30 წუთით ადრე გამოვდივართ, გასასვლელში ვდგებით, ერთმანეთს ხელს ვკიდებთ და ერთხმად ვიძახით: "უნიონ ოლიმპია"!


***
ეს სახელი სლოვენიაში გადმოსვლის შემდეგ ძალიან შემიყვარდა... რადგან სახელი ვახსენე, აქვე ამ თემას განვავრცობ. საქართველოში ძალიან გვიყვარს მეტსახელების შერქმევა, სლოვენიაში კი არ მახსენდება ოლიმპიელს მეტსახელით რომ მიმართავდნენ. მეც ყველასთვის გიო, გიორგი ვარ, იშვიათად "გრუზიათი" მომმართავენ. საბერძნეთშიც გიორგი ვიყავი, თუმცა ზოგი ხუმრობით გიორგიოსს მეძახდა. საბერძნეთში ერთი კარგი პიროვნება გავიცანი - სახელად ილიასი: არ მახსოვს ზუსტად რომელი ქვეყნის აეროპორტში ვიყავით, მაგრამ ის კი მახსოვს, რომ ათენში მივფრინავდით. ეს ადამიანი რომ დავინახე ვიცანი, მისკენ გავემართე და ერთმანეთი გავიცანით. იმ დღეს ტელეფონები გავცვალეთ, მას მერე მე და ჯარჯი ზვიადაური - ილიას ილიადისი - ერთმანეთის გულშემატკივრებად ვიქეცით. ძალიან გამიხარდა 2010 წელს მსოფლიოს ჩემპიონატი რომ მოიგო. ის "პანათინაიკოსში" ჩემს თამაშებს ხშირად ესწრებოდა, მე კი ჯარჯის ბაზაზე შევლა მიყვარდა - გემრიელ მწვადებს ვაშიშხინებდით.






.



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული