ჰეი, მე აქ ვარ! - "კლიპერსი"-"დალასის" მატჩის გამოხმაურება

AutoSharing Option
AUTO PLAY
"დალას მავერიქსმა" დასავლეთის კონფერენციის ერთ-ერთი ფავორიტი, "კლიპერსი" მეოთხე პერიოდში დამაჯერებელი თამაშის წყალობით, 10 ქულის სხვაობით დაამარცხა - 118:108.

ტეხასელთა ქართველმა ცენტრმა ზაზა ფაჩულიამ მოგებაში "ორმაგი" წვლილი შეიტანა - 10 ქულა, 10 მოხსნა. ხოლო დირკ ნოვიცკი ქულას ქულაში ისე "აჯენდა", ტეხასის ძირძველ მკვიდრ ინდიელსაც კი შეშურდებოდა - 31 ქულას მოუყარა თავი.

შესავლისთვის საკმარისია, დალასელი თუ კლიპერსელი კალათბურთელების მონაგარს კიდევ დავუბრუნდებით. ამ გუნდების
დაპირისპირება კი არც სანახავად იყო ჩვეულებრივი და არც განხილვა გამოვა სტანდარტული.

თამაში კი არა, ჰოლივუდური ფილმი იყო მძაფრი სიუჟეტითა და კეთილი დასასრულით ("დალასის" ქომაგისთვის).

ზაზა-დირკი VS დეანდრე-ბლეიქი
ზაზას თანაგუნდელები "კლიპერსს" სეზონის რიგით მეორე მატჩშიც ეთამაშნენ და სოლიდური სხვაობით, 88:104 დამარცხდნენ. მაშინ ლოსანჯელესელებმა, ბლეიქ გრიფინმა და დეანდრე ჯორდანმა ერთობლივად 32 ქულა და 25 მოხსნა მიითვალეს. მატჩი, ფაქტობრივად, მათ მოიგეს.

ტანმაღალი კალათბურთელების წყალობით "კლიპერსი" ბევრ გუნდს ამარცხებს და "დალასის" მთავარი მწვრთნელის, რიკ კარლაილის მთავარი ამოცანა სწორედ გრიფინი-ჯორდანის დუეტის განეიტრალება იყო.

მწვრთნელმა ცენტრად მოთამაშე ჯორდანს გერმანელი ნოვიცკი მიამაგრა, ხოლო უფრო მოძრავ გრიფინს - ფაჩულია. ერთი შეხედვით, ეს რისკი იყო, რადგან შეტევისას ბლეიქის ხილვა მეტოქის ნახევრის ნებისმიერ წერტილში შეიძლება. მის დევნაში ფაჩულიას საკუთარი ფარქვეშეთის მიტოვება მოუწევდა, რითაც ჯორდანს შეეძლო, მშვენივრად ესარგებლა.

თუმცა მწვრთნელსა და ზაზას კარგად მოეხსენებოდათ, რასაც აკეთებდნენ: "კლიპერსის" შეტევათა დიდი ნაწილი სწორედ გრიფინზე გადის, მისი მჭიდროდ მეურვეობა კი დიდ თავსატეხს გაუჩენდა სტუმრებს. როცა შინ თამაშობ, შეგიძლია ბლეიქს ზედმეტად ხისტადაც ეთამაშო, მთავარია, მსაჯებს აშკარა ფოლები არ დაანახვო...

მართალია, გრიფინმა 21 ქულა ჩააგდო, მაგრამ მეოთხე პერიოდში ზაზასთან ჭიდაობაში ბევრი შეცდომა დაუშვა. მათი დაპირისპირება მოკლედ და ზუსტად შეაფასეს მატჩის ამერიკელმა კომენტატორებმა:

"გრიფინი ფრთხილად უნდა იყოს, ერთი ტექნიკური შენიშვნა უკვე აქვს მიღებული. არადა, ღელავს, თამაში არ გამოსდის, რაშიც ფაჩულიაა დამნაშავე. მშვენივრად იცავს საკუთარ კალათს ბლეიქ გრიფინისგან".

გაღიზიანებული გრიფინის ხილვამ კომენტატორებს კევინ გარნეტი გაახსენა:

"2008 წელს გარნეტმა "ბოსტონთან" ერთად NBA მოიგო. სწორედ იმ სეზონში პლეი ოფის ერთ-ერთი მატჩისას ფაჩულიამ კარგად გამოამჟღავნა თავისი ხასიათი - გარნეტს შეება. არადა, მაშინ მსგავს რამეს გარნეტს რიგითი NBA-ელები კი არა, ტოპ-ვარსკვლავებიც ვერ უბედავდნენ".

რაც შეეხება დეანდრე ჯორდანს, იგი თამაშიდან "დალასის" მწვრთნელმა გამოთიშა: მეოთხე რაუნდში რამდენჯერაც მოედანზე გამოჩნდა, მასპინძლები დეანდრეზე დაუფიქრებლად ჯარიმდებოდნენ. ჯორდანი კი საჯარიმოს ხაზიდან ბურთს სიპი ქვასავით ისროდა (9-დან მხოლოდ 3 ჩააგდო).

მაშინ, როცა მეტოქე ცდილობს, ყოველ შეტევაში ჯორდანზე დაჯარიმდეს, ასეთი კალათბურთელის მოედანზე ყოფნა გუნდისთვის სასარგებლო ნამდვილად არ არის. ამიტომ "კლიპერსის" მწვრთნელ დოკ რივერსს მეოთხე პერიოდის მეორე ნახევარში დეანდრეს მატჩიდან მოხსნა მოუწია.

გადამწყვეტი
მეოთხე პერიოდი ზემოთ ნახსენები ტეხასური "ფილმის" მთავარ სანახაობად იქცა. რამდენიც უნდა ვწეროთ, პირდაპირ ეთერში ნანახისგან გამოწვეულ ემოციებს ნამდვილად ვერ გადმოვცემთ. მატჩმა არა მხოლოდ დარბაზში შეკრებილნი აიტაცა, ტელეეკრანებთან მსხდომებიც "ამერიკან ეალაინსის ცენტრში" შეითრია.

ოსტინ რივერსის, პოლ პირსის სამქულიანებით "კლიპერსმა" "დალასს" მესამე პერიოდში მოპოვებული 14-ქულიანი უპირატესობა გაუბათილა. ქართველი მეფარე მოედანზე რომ დაბრუნდა, მისი გუნდი 95:94-ს იგებდა, საფინალო სირენამდე კი 6:31 წუთი რჩებოდა.

აქ უკვე ქრონოლოგიას უნდა მივყვეთ:

3:16 ფაჩულიამ გრიფინს დაუფარა
2:10 ფაჩულიამ შეტევაში მოხსნა
2:10 ფაჩულიამ შეტევაში მოხსნა
2:06 პირსი ფაჩულიაზე დაჯარიმდა
2:06 ფაჩულია 1+1ქ (108:106)
1:52 გრიფინი (კლიპერსი) - შეცდომა
1:32 ფელტონი (დალასი) 2ქ (110:106)
1:23 პოლი (კლიპერსი) 1+1 (110:108)
1:05 ნოვიცკი (დალასი) 3ქ (113:108)
0:35 უილიამსი (დალასი) 1+1ქ (115:108)
0:27 გრიფინი ფაჩულიაზე დაჯარიმდა
0:27 ფაჩულია 2/1ქ (116:108)
0:27 ფაჩულია ანდერსონმა შეცვალა
0:10 ფელტონი (დალასი) 1+1ქ (118:108)

როგორც ხედავთ, ბოლო წუთებზე თანაგუნდელთა წინსვლაში ზაზამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.

"დალასელებმა ამ ზაფხულს უესლი მეტიუსი და ზაზა ფაჩულია დაიმატეს. ქართველი ცენტრი პრეზიდენტმა მარკ კუბანმა მას მერე აიყვანა, რაც დეანდრე ჯორდანისგან მოულოდნელი უარი მიიღო.

"კლიპერსთან" საშინაო მატჩში ფაჩულია ფარქვეშ ნამდვილი მონსტრი იყო. შეხვედრა ორმაგი დუბლით დაასრულა (10 ქულა, 10 მოხსნა, 2 დაფარება). თუმცა ეს ციფრები ზაზას ღირებულებას ნამდვილად არ შეესაბამება - მისი ღონიერი თამაში დაცვაში დიდ სიმტკიცეს, ხოლო შეტევაში ენერგიას მატებდა "დალასს", რომელსაც მეორე ტაიმში ყველაფერი კარგად გამოსდიოდა.

ზაზა ბლეიქ გრიფინზე უფრო მაღალი და მძიმეა, თუმცა წამით არ მოშორებია. თავისუფალ სატყორცნ პოზიციაში ბლეიქი თითქმის არ დარჩენილა".

"დალასს" მიმდინარე სეზონში 8-დან 4 მატჩი აქვს მოგებული, ხოლო ფაჩულიას 8 შეხვედრიდან ოთხში აქვს მოგროვილი ორმაგი დუბლი. "კლიპერსთან" მან NBA-ური კარიერის 84-ე "დაბლ დაბლი" გაიფორმა.

"დალას მავერიქსი" უახლოეს მატჩშიც ლოსანჯელესურ კლუბს დაუპირისპირდება - "ლეიკერსს" 14 ნოემბერს, თბილისის დროით 5:30 საათზე (გამთენიისას) უმასპინძლებს.

ფაჩულიას დარი მაღალი IQ-თი ბევრი ვერ დაიტრაბახებს
"დალასი"-"კლიპერსის" დაპირისპირების დასრულების შემდეგ არაერთი პუბლიკაცია გაჩნდა დეანდრე ჯორდანის შესახებ. მოგეხსენებათ, ეს კალათბურთელი ამ ზაფხულს "კლიპერსიდან" "დალასში" თითქმის გადასული იყო, თუმცა ბოლო მომენტში უარი თქვა და ლოს ანჯელესში დარჩა.

მატჩის მსვლელობისას ერთ-ერთმა გულშემატკივარმა გამოფინა პლაკატი წარწერით: დეანდრე, ისეთივე სიტყვა გაქვს, როგორც საჯარიმოებს სტყორცნი (აქამდე უკვე მოგახსენეთ, რომ ჯორდანმა ბევრი ჯარიმა ააცილა და დალასელები მასზე ამიტომაც ჯარიმდებოდნენ ხშირად).

ქართველებისთვის დეანდრე ჯორდანის ამბავი საინტერესო იმიტომაცაა, რომ მის ნაცვლად "მავერიქსში" ზაზა ფაჩულია ჩაირიცხა. გუშინდელი თამაშის შემდეგ მწვრთნელი რიკ კარლაილი არჩევანით კმაყოფილი ჩანს.

გამოცემა ESPN-ის ჟურნალისტი ტიმ მაკმაჰონი ჯორდანსაც ესაუბრა, "დალასის" პრეზიდენტ მარკ კუბანსაც, რიკ კარლაილსაც და ზაზა ფაჩულიასაც.

"დავიღალე ერთი და იმავე შეკითხვებზე პასუხის გაცემით. სამი თვის წინ მივიღე გადაწყვეტილება, რომელიც ჩემი კარიერისთვის საუკეთესო ვარიანტი იყო. არაფერი არასწორად არ მომხდარა. თუ გნებავთ, ჰკითხეთ მარკ კუბანს", - უთხრა ჟურნალისტს დეანდრე ჯორდანმა.

მოვუსმინოთ მარკ კუბანს: "ჯორდანთან დაკავშირებით არ ყოფილა ფიცი, სიტყვის გატეხვა და ა.შ. სამუშაო პროცესი იყო და საბოლოოდ კონტრაქტი არ შედგა..."

"კლიპერსთან" მატჩში, გადამწყვეტ მომენტში ზაზა ფაჩულიამ ოთხი საჯარიმოდან სამი გამოიყენა, სულ 8-დან 6 ჩააგდო. რიკ კარლაილს სწორედ ფაჩულია ჰყავდა მხედველობაში, როცა თქვა:

"ჩვენი ბიჭი საჯარიმოებს 90-პროცენტიანი სიზუსტით სტყორცნის. ჩვენ ის ძალიან გვიყვარს, მისი დარი მაღალი IQ-თი ბევრი კალათბურთელი ვერ დაიტრაბახებს. ვეტერანია, ძალიან მონდომებულია, სურს, ისეთი დიდი გუნდის ნაწილი იყოს, როგორც "დალასია". რაც მთავარია, ძალიან უყვარს გამარჯვება".

აი, ზაზა ფაჩულიას მოსაზრება ჯორდანის არშემდგარ ტრანსფერთან დაკავშირებით:

"ნამდვილად არ მაღელვებს, რა მოხდა წარსულში. დეტალები არ ვიცი და არც დავინტერესებულვარ. ახლა მთავარი ის არის, რომ ჯორდანი "კლიპერსში" თამაშობს, მე - "დალასში". არ მიმაჩნია გამართლებულად დეანდრეს ტრანსფერზე ლაპარაკი. ჰეი, მე აქ ვარ, მოდი, ვინერვიულოთ ჩვენს გუნდზე!"

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
წუხანდელ თამაშზე დაწერეთ ლეიკერსთან საუკეთესოდ დაასახელეს ზაზა 18 ქულა, 16 მოხსნა
შაკო
14 ნოემბერი 2015 10:15
0
ზაზა მიმართ სიმპათიას ვოველთვის გამოვხატავ. ეს არის სუკეთესოთა შორის საუკეთესოთა შორის საუკეთესო ქართველი სპორტსმენი. იმსახურებს კიდეც ქართველი ხალხის დიდ სიყვარულსა და სიმპატიას. წინ ზაზა...
მდა
13 ნოემბერი 2015 16:38
0
გილოცავ,მიხარია ყველა ქართველის წარმატება
*
13 ნოემბერი 2015 15:29
0
ზაზა ლომი ხარ! იმ ხალხს რა ვუთხარი, ვისაც შენში აქამდე ეჭვი ეპარებოდა და ეპარება :D
emre
13 ნოემბერი 2015 13:48
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული