გეშინოდეთ მეტოქენო, ბოისა დაბრუნდა!

AutoSharing Option
"ბარსელონასთან" საევროლიგო მატჩის შემდეგ "ოლიმპიამ" ერთი დღე დაისვენა და ადრიატიკის თასზე სერბულ "ჰემოფარმს" დაუხვდა. დახვედრაც ამას ჰქვია - სლოვენიელებმა სერბები 104:62 დაამარცხეს. ამ მოგებით "ოლიმპია" სატურნირო ცხრილის სათავეში დაბრუნდა (12 გამარჯვება, 7 წაგება).

თუმცა ცხრილსა და დიდი სხვაობით მოგებაზე გაცილებით მნიშვნელოვანი ამბები ქართველებს უკავშირდება.

ივნისის შემდეგ პირველი მატჩი ჩაატარა საქართველოს ნაკრების ფორვარდმა ვლადიმერ ბოისამ, რომელმაც შარშან ხორვატიის ჩემპიონატის ფინალში მიღებული მუხლის ტრავმის გამო ჯერ ოპერაცია გაიკეთა და შემდეგ თითქმის 7 თვე მკურნალობდა.

- "ოლიმპიაში" ხუთი წელი ვთამაშობდი, აქაურობა ჩემთვის შინაურია.
თავს უკვე კარგად ვგრძნობ და ყოველმხრივ მზად ვარ გუნდის დასახმარებლად, - თქვა ვოვამ ნამატჩევს.
მან 10 წუთი ითამაშა, 2 ქულა, 3 მოხსნა და თითო პასი-დაფარება მოაგროვა.

გიორგი შერმადინი კი მწვრთნელმა სასტარტო ხუთეულში გაამწესა. ქართველმა ცენტრმა 16 წუთში 11 ქულა (6-დან 5 ორქულიანი, 2-დან 1 საჯარიმო), 6 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება ჩაიწერა.

გამოცემა "სიოლზე" გამოქვეყნებული მიმოხილვის რამდენიმე მონაკვეთი ქართველ მკითხველსაც დააინტერესებს. შესავალში ავტორი შერმადინზე ლაპარაკობს: "მწვრთნელმა იურე ჟდოვცმა წინა მატჩებისგან განსხვავებით სასტარტო ხუთეულში კევინ პინკნის ნაცვლად გიორგი შერმადინი დააყენა. ქართველი კალათბურთელი ბოლო დროს კარგ ფორმაშია და ხუთეულს ნამდვილად იმსახურებდა. მან ეს შანსი ხეირიანად გამოიყენა.

შერმადინი სერბებისთვის გადაუჭრელ პრობლემად იქცა - 11-დან 7 ქულა პირველ პერიოდში ჩააგდო. გარდა ამისა, იგი კარგად ხტებოდა და მეტოქეებს სივრცეებსაც შესანიშნავად უზღუდავდა...

პირველი მეოთხედის მთავარი მოვლენა მე-17 წუთზე მოხდა: დამირ მარკოტას ნაცვლად მოედანზე ვლადიმერ ბოისა შევიდა. მისთვის ეს სეზონის პირველი მატჩი იყო. ბოისას გამოჩენას მქუხარე აპლოდისმენტები მოჰყვა, გულშემატკივარს მასთან თბილი მოგონებები აკავშირებს - სლოვენიის პასპორტით ქართველი 2001-05 წლებში "ოლიმპიას" ერთ-ერთი ლიდერი იყო."

მატჩის შესახებ შეგიძლიათ გიორგი შერმადინის დღიურში დამატებით წაიკითხოთ. პოსტსკრიპტუმის სახით კი დავამატებთ: ცნობილმა სლოვენიელმა ანალიტიკოსმა, მაიკ პავლოვიჩმა "ბარსელონასთან" თამაშის შემდეგ "ოლიმპიას" წაგების მიზეზებსა და მომავალზე ლაპარაკისას აღნიშნა: "გუნდისთვის გაცილებით უკეთესი იქნებოდა, გიორგი შერმადინზე მეტი შეტევა წასულიყო. ის საღამო ქართველისთვის განსაკუთრებული იყო."





.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული