გიორგი შერმადინმა მეუღლე თავის ჭკუაზე გადაიყვანა

AutoSharing Option
ასეთი მხიარული წყვილი ალბათ არ გინახავთ. საქართველოს საკალათბურთო ნაკრების წევრ გიორგი შერმადინსა და ანი ამაშუკელთან ინტერვიუ სკაიპით ჩავწერეთ, რადგან გიორგი ამჯერად ერთ-ერთ სლოვენიურ გუნდში - ”ოლიმპიაში” ასპარეზობს და ლუბლიანაში ცხოვრობს მეუღლესთან ერთად.

ამჟამად წყვილთან ერთად ანის დედაც იმყოფება. გიორგი და ანი მალე მშობლები გახდებიან. პატარას სქესი უკვე იციან. მათთან ინტერვიუმ რომ ძალიან სახალისოდ ჩაიარა, ამაში თავადაც დარწმუნდებით.

ანი:
- ახალი წლის დღესასწაულები აქ, სლოვენიაში ზღაპრულად გავატარეთ. გოჭი, ქათამი, ინდაური, ბაჟე და ღომი არ მოგვკლებია.
გიორგი:
- ფაქტობრივად, მთელი ოჯახი ერთად
ვიყავით ახალი წლის ღამეს. შევხვდით თბილისის დროითაც და სლოვენიური დროითაც. უამრავი ფეიერვერკი იყო. ახალ წელს აქ მშვენივრად აღნიშნავენ.
ანი:
- გოზინაყიც გვქონდა, გიორგის დედამ გამოგვიგზავნა თბილისიდან. მართალია, 31 დეკემბერს არა, მაგრამ პირველ იანვარს ჩამოგვივიდა გოზინაყი.

- გიორგი, ისე, სამზარეულოში ანის ტრიალით როგორი კმაყოფილი ხარ?
ანი:
- ოოო, ეგ არ უნდა გეკითხა. გიორგი, უნდა შემაქო ახლა...
გიორგი:
- არა უშავს, მშვენიერი დიასახლისი დავაყენე (იცინის). ყველაფერს ამზადებს, სულ მთლად თავისი ძალებითაც ვერ, დედამისი, ქალბატონი ნინო ეხმარება. ცდილობს ისწავლოს რაღაც. ვერმიშელის მოხარშვა და ასეთი რამეები იცის.
ანი:
- უყურე შენ, რა თავხედია!.. ხუმრობს, დედას გეფიცები. ხარჩოსაც ვამზადებ, ბორშჩსაც და კატლეტსაც.
გიორგი:
- რა არის იცით? ხან მარილი აკლია, ხან ხახვია ზედმეტი, ხან საერთოდ არ აქვს.
ანი:
- გიორგი პრეტენზიული მჭამელია და რა ვქნა?! დედაჩემი ძალიან კარგი კულინარია და მისგან ვსწავლობ.
გიორგი:
- ეს ორი თვეა სწავლობს, კარგ გაკვეთილებს იღებს აქ.

- კულინარიულ თემებზე რომ კამათობთ, ეგ გასაგებია. კიდევ რაზე გაქვთ ასეთი პატარა-პატარა კამათი?
- ამას კამათს ვერ დავარქმევ. თუ რაიმე არ მომეწონება, ისიც იშვიათად, ვეუბნები. ძირითადი თემა ხახვია (იცინიან).
ანი:
- გეტყვი, რაზე ვკამათობთ. როცა ვარჯიშიდან მოდის, შემდეგ ვარჯიშამდე, ანუ საღამომდე დაძინება უყვარს. მე კი არ მიყვარს, როცა იძინებს და არ ვასვენებ. ხან საბანს გადავხდი, ხან ბალიშს თავზე ვახურავ, გააჩნია, როგორ ხასიათზე ვარ.

- გიორგი, შენი დღის რეჟიმის შესახებ მოგვიყევი...
- საკმაოდ რთულია, დილას და საღამოს ვარჯიშები გვაქვს. ყოველი დღე ერთმანეთს ჰგავს. დილის თერთმეტზე მაქვს ვარჯიში, შუადღეს ვბრუნდები, თუ არ ვიძინებ, მე და ანი ცენტრში მივდივართ გასასეირნებლად. საღამოს ისე ვარჯიშზე ვბრუნდები. ამ სპორტს საკმაოდ დიდი ენერგია სჭირდება. თან, ჩვენი გუნდი ტოპ-16-ში გავედით, ანუ ევროლიგის პირველი ეტაპი გავიარეთ და მეორეში გადავედით. აქ შეგხვდა რამდენიმე ძლიერი გუნდი, პირველი თამაში იტალიაში უკვე მოვიგეთ. პირველი წრე რომ მორჩება, მეორე იწყება, ამიტომ დაძაბული ვარჯიშები გვაქვს. ჩვენს დარბაზში ამ ლიგის მიმდინარეობისას ჯერ არ წაგვიგია.

- რაიმეზე გიწევს უარის თქმა, დავუშვათ, რომელიმე კერძზე?
- არა, აკრძალული არაფერია.
ანი:
- უბრალოდ, უარის თქმა ძალაუნებურად გართობაზე უწევს, რადგან არც ამისი ენერგია აქვს და აღარც დრო რჩება. თუ გუნდი მოიგებს და მეორე დღეს დასვენება აქვთ, იმ საღამოს ან მეორე დღეს გავდივართ გასართობად, მაგრამ ძირითადად ძალიან დაკავებულია.
გიორგი:
- ლუბლიანა პატარა ქალაქია, ბევრი რესტორანი და კლუბი არ არის და ადრე იკეტება. ერთი კლუბია, რომელიც ბავშვსაც რომ ჰკითხო, იმანაც კი იცის, ყველა იქ დადის და ისიც უკვე მობეზრებული გვაქვს. თამაშის მერე გუნდელები ვიკრიბებით, მაგრამ ახლა კარგი ხანია აღარ ვყოფილვართ.

- მანდ თუ შეიძინეთ სამეგობრო?
- ბოისა აქ არის მეუღლესთან ერთად, რომელიც ანის ძალიან დაუმეგობრდა. მე ჩემს გუნდელებთან კარგი ურთიერთობა მაქვს. გუნდს აქვს საკუთარი რესტორანი და სანამ ანი ჩამოვიდოდა, მანამდე ყველა ერთად იქ ვიკრიბებოდით და ვჭამდით.
ანი:
- ჩამოვედი და დავაშორე მეგობრებს (იცინის). სამაგიეროდ, კარგ კვებაზე გადავიყვანე და მოვასუქე. ახლა ბლენდერი ვიყიდე და ვეღარც იგებს საჭმელს ხახვი აქვს თუ მწვანილი. ისე გავთავხედდი, რომ მის თვალწინ ვაბლენდერებ ხახვს (იცინის).

- არ გწყინდება მთელი დღე გიორგის გარეშე? რით ხარ ხოლმე დაკავებული?
- რადგან დედაჩემი აქ არის, მასთან ერთად გავდივარ ქალაქში. ამას წინათ გიორგი ხუთი დღით იყო წასული რომში და ძალიან მოვიწყინე, მთელი დღეები სახლში ვიჯექი. ისე, ძალიან კარგი ხალხია აქ, კეთილგანწყობილი და მოგერიდება კიდეც, რომ არ მიესალმო.

- გიორგი, მანდ გცნობენ?
- კი, რასაკვირველია. ხომ გითხარი, პატარა ქალაქია, თანაც ძალიან უყვართ კალათბურთი, დარბაზში 15 ათასი ადამიანი იკრიბება. მოთამაშეებს გვყავს სპეციალური მანქანები, რომლებიც გაფორმებულია გუნდის ემბლემით, ჩვენი ნომრებით. ყველგან გვცნობენ.

- საქართველოში ასევე უყვართ კალათბურთი?
- ჩემი აზრით, არანაკლებ უყვართ. ქართველებს ყოველთვის უყვარდათ კალათბურთი. ამას წინათ საქართველოს ჩემპიონატის თამაში იყო და დარბაზში 14 ათასი მაყურებელი მივიდა. ეროვნული ნაკრების საგულშემატკივროდ ხომ სულ დადის მაყურებელი.
ანი:
- ბიჭებიც ძალიან იხარჯებიან მოედანზე, ამას ხომ გრძნობს მაყურებელი?
გიორგი:
- ქართველების გულშემატკივრობას არაფერი სჯობს მაინც.

- არადა, ამბობენ, რომ უცხოეთში გაცილებით უკეთესი ქომაგობა იციან.
ანი:
- თბილისში უფრო მოწესრიგებული ქომაგები არიან და აქ და თუნდაც ათენში საშინელებებს ჩადიან.
გიორგი:
- შარშან, "პანათინაიკოსში" რომ ვთამაშობდი, "ოლიმპიაკს" შევხვდით და ამ გუნდის ქომაგები გევსროდნენ ყველაფერს, რისი სროლაც შეიძლებოდა, მობილურებს, ხურდა ფულს, ქვებს, დამტვრეული ბლოკის ნატეხებს... ათენში კალათბურთი უყვართ, მაგრამ ამ მხრივ უცნაური ხალხია. აბა, ქვების სროლას რომ დაგიწყებს ხალხი, იმაზე ხომ ვერ იტყვი, წესიერიაო? ასე გამოხატავდნენ მოწინააღმდეგე გუნდის მოთამაშეების მიმართ აგრესიას. კიდევ კარგი, არც ერთ მოთამაშეს არ მოხვედრია, ჩვენს ექიმს ხურდა ფულმა პირდაპირ თვალთან გაუარა. სლოვენიაში ხურდა ფულს და ზოგჯერ "კოკა-კოლის" ბოთლებს გვესვრიან, განსაკუთრებით კი მსაჯებს ერჩიან.

- მოკლედ, ძალიან სახიფათო პროფესია გქონიათ კალათბურთელებს.
ანი:
- მე ყველა თამაშს ვესწრები და მგონი, დროა "კასკა" შევიძინო (იცინის).

- კარგი, ამაზე საუბარს მოვრჩეთ და რომანტიკა არ­ის თქვენს ურთიე­რთობებში?
გიორგი:
- ოოოოოო...
ანი:
- ახლაც ხელი გადამხვია, ისეთი რომანტიკულობა მოაწვა. გიორგი, ხარ რომანტიკული? არა, ამას ვერ ვიტყვი, რადგან ტყუილი გამომივა. გიორგი და რომანტიკა ცოტა შორია. მეც თავის ყაიდაზე გადამიყვანა. ადრე მეგონა, რომ მე ვიყავი ასეთი, მაგრამ თვითონ ნეიტრალური დამოკიდებულება აქვს. იმდენად მხიარულები ვართ ორივე, რომ ჩვენი ურთიერთობების რომანტიზმით შევსება აღარ გვჭირდება. სულ ხუმრობა-ხუმრობაში ვართ, თუ არ სძინავს, ერთმანეთს დავდევთ. პატარა ბავშვებივით ვართ.

- ისე, გიორგი თუ გამოგეკიდა, არა მგონია, გაქცევა მოახერხო.
- (იცინიან) შენ არ იცი, მე რა ილეთები მაქვს (იცინის). ისე, საინტერესო იქნება, გიორგი რომ ვარჯიშიდან დაღლილი და ყურებჩამოყრილი მოვა და მე სანთლებით ხელში დავხვდე, რა სახეს მიიღებს. ალბათ იტყვის, გეტყობა მთელი დღე, საქმე არ გქონდა არაფერიო.

- გიორგი, სიურპრიზებს მაინც არ უკეთებ ანის?
- სადაც მივდივარ, ვცდილობ, ყოველთვის რაღაც ჩამოვუტანო. მართალია ამ ბოლო დროს არ ჩამომიტანია, მაგრამ ძირითადად საჩუქრებს ვუკეთებ ხოლმე (იცინის).

- რამდენიმე თვისება ჩამოთვალეთ ერთმანეთის, რაც ძალიან მოგწონთ...
ანი:
- ვაიმე, რაღა ვქნა? კარგი, გეტყვი, თავმდაბალი, გულჩვილი ადამიანია, კეთილი გული აქვს და არის ძალიან შრომისმოყვარე, მაქსიმალურად იხარჯება, რომ მიაღწიოს წარმატებას, რასაც ღვთის წყალობით აღწევს და კიდევ მიაღწევს. გიორგი, არ გითქვამს, კარგი დიასახლისიაო, ჩემზე და ნახავ... (იცინის).
გიორგი:
- ანი ძალიან კარგი ადამიანია, საყვარელი. ასევე კეთილია, ეს სიდედრმა შემახსენა (იცინის), ძალიან მორწმუნეა, დღეში 12 საათი ლოცვებს კითხულობს, თუ უფრო მეტი არა...
ანი:
- მერე შენი საშაყიროა ეგ? გიორგი, არ ვარ მზრუნველი?
გიორგი:
- ვარჯიშიდან რომ მოვდივარ, ჩანთას არ მადებინებს, მომვარდება, გამომართმევს და ფორმას ამოალაგებს (იცინის).
ანი:
- (იცინის) არადა, ჩემთვის მძიმის აწევა არ შეძლება, ექვსი თვის ფეხმძიმე ვარ. გოგონას ველოდებით, თუმცა რას დავარქმევთ, ჯერ არ ვიცით. გუშინ გავიგეთ სქესი. მშობიარობას თბილისში ვაპირებ.

- გიორგი, როგორი მამა იქნები?
- (იღიმება) ვეცდები, კარგი მამა ვიყო.



ნინო მურღულია
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)




.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული