თანაბარ ანგარიშზე, საფინალო სირენამდე 0.9 წამით ადრე სტუმართა ლიდერმა ტომაშ სატორანსკიმ 2-ქულიანი ჩააგდო. ვიტორიელებს წუთშესვენება აღარ ჰქონდათ და ბურთი საკუთარი ფარის ქვემოდან გამოიტანეს და მიუხედავად უმცირესი დროისა, ანგარიშის გათანაბრება მოახერხეს.
დაახლოებით ასეთი რამ საბჭოთა კავშირის ნაკრებმა 1972 წლის ოლიმპიადის ფინალში ამერიკელების წინააღმდეგ მოახერხა, ოღონდ მაშინ საბჭოელებს 3 წამი ჰქონდათ და ივან ედეშკოს პასით ალექსანდრ ბელოვმა გამარჯვების ბურთი ჩააგდო. ლაბორალელებმაც ფარქვეშიდან შორი პასი
ბერძენი ვარსკვლავის ნასროლი კალათში ჩაეშვა და ანგარიში გათანაბრდა.
ასეთი წარმოუდგენელი ხერხით ანგარიშის გათანაბრების შემდეგ მასპინძლებმა ოვერტაიმში ბარსელონელთა ძლევა იოლად მოახერხეს - 89:83 გაიმარჯვეს და სერიაში ჩამორჩენა 1:2 შეამცირეს.
ხსენებულ დრამატულ ეპიზოდზე მეტად ჩვენთვის ის ფაქტი იყო გასახარი, რომ თორნიკე შენგელიამ დიდი პასუზის შემდეგ სრულფასოვანი მატჩი ჩაატარა. ოპერაციის შემდეგ მას 3-თვიანი რეაბილიტაცია დასჭირდა, 2 კვირის წინ მოედანზე დაბრუნებული კი მატჩში საშუალოდ 4-5 წუთს თამაშობდა. "ბარსელონასთან" ყოფნა-არყოფნის მატჩში (წაგების შემთხვევაში ვიტორიელები სერიას აგებდნენ) კი თორნიკემ არასრული 22 წუთი ითამაშა და გამარჯვებულთაგან ერთ-ერთი საუკეთესო იყო.
ქართველმა ფორვარდმა 3-დან 1 ორქულიანი, 2-დან 1 სამიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. 8 ქულასთან ერთად შენგელიამ 5 მოხსნა, 2 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა. თორნიკე არ დაჯარიმებულა, ხოლო მასზე მეურვეებმა 3-ჯერ დაარღვიეს წესები. შენგელიას მარგი ქმედების კოეფიციენტმა 15 ერთეული შეადგინა, რაც ვიტორიელთაგან მესამე შედეგია იანის ბურუსისისა და მაიკ ჯეიმსის შემდეგ.
ბურუსისმა სეზონის საუკეთესო მატჩი ჩაატარა. სტატისტიკით ის აქამდეც ხშირად გამორჩეულა, თუმცა ამ მატჩში მოპოვებულ 32 ქულას, 10 მოხსნა და 4 პასს მან საფინალო სირენის თანხლებით ჩაგდებული გამათანაბრებელი ჯადო-სროლა მოაყოლა და "ლაბორალ კუჩას" პლეი ოფში ყოფნა გაუხანგრძლივა.
მიუხედავად გამარჯვებისა, ვიტორიელები მაინც რთულ სიტუაციაში არიან. თუკი შინ 10 ივნისს გასამართ მომდევნო მატჩსაც მოიგებენ, სერიის მე-5, გადამწყვეტი შეხვედრის ჩატარება ბარსელონაში მოუწევთ. თუმცა შანსი არსებობს და მის გამოყენებას ფორმააღდგენილი თორნიკე შენგელიას გუნდელები ბოლომდე შეეცდებიან.
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით