მესამე მატჩი ლაშა გამყრელიძის გარეშე

AutoSharing Option
ბუნდესლიგის წარმომადგენელმა "გისენმა" ლაშა გამყრელიძის გარეშე უკვე მესამე მატჩი ჩაატარა. გისენელებმა ამჯერად "ულმის" წინააღმდეგ ითამაშეს და 80:100 დამარცხდნენ.

საქართველოს ნაკრების გამთამაშებელი წინა ორი შეხვედრის მსგავსად განაცხადში არ იყო. ამის მიზეზი შეიძლება ვინმეს ტრავმა ეგონოს, მაგრამ რეალურად ასე არაა. ლაშას მწვრთნელთან გაუფუჭდა ურთიერთობა.

შეგახსენებთ, რომ სეზონის სტარტზე "გისენმა" 5 მატჩი მოიგო (გამყრელიძე ხშირად 6 პასსაც აგროვებდა და 10-ქულაზე მეტსაც აგდებდა), თუმცა საწყისი წარმატებები წაგებათა უსასრულო სერიამ შეცვალა. ახალგაზრდა მწვრთნელი ვლადიმირ ბოგოიევიჩი (1976 წელსაა დაბადებული) გამოსავლის ძიებას შეუდგა და პირველი, რაც ამ
მიმართულებით გააკეთა, ლაშა გამყრელიძის ძირითადი შემადგენლობიდან ამოგდება იყო, რასაც განაცხადიდან ამოწერა მოჰყვა. მწვრთნელს უფროსობის წინაშე თავის გამართლება სჭირდებოდა და სცადა წარუმატებლობა ქართველი გამთამაშებელისთვის გადაებრალებინა, პლეიმეიქერზე გუნდში ხომ ბევრი რამაა დამოკიდებული. თუმცა, როგორც მოსალოდნელი იყო, ამით სიტუაცია ვერ გამოსწორდა და ვლადიმირ ბოგოიევიჩი "გისენის" მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვეს. მისი ადგილი ამერიკელმა სპეციალისტმა სტივენ კეიმ დაიკავა. თუმცა, ლაშასადმი მიდგომა არც ახალი მწვრთნელის მისვლის შემდეგ შეცვლილა. ამის მიზეზი ისევ ბოგოიევიჩია, რომელიც "გიესნის" შტაბში დარჩა.

აი, ასეთია სადღეისო მდგომარეობა. ისღა დაგვრჩენია, ვისურვოთ, რომ ლაშა მწვრთნელებთან ყოველგვარ პრობლემას მოაგვარებს და სეზონის დარჩენილ ნაწილში გუნდს სათანადოდ დაეხმარება. გამყრელიძე ეროვნული გუნდის სათადარიგო გამთამაშებელია და კლუბში მისი უთამაშებლობა სანაკრებო გამოსვლაზე დადებითად ნამდვილად არ იმოქმედებს.






.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული