აქვე გეტყვით, რომ "კახასოლი"-"პანელინიოსის" მატჩის 12-კაციან სიაში ბექა არ იყო. მისმა გუნდმა ბერძნები 84:71 დაამარცხა და ევროთასის მეორე ეტაპზე წაუგებელი სერია ხუთამდე გაზარდა. "კახასოლს" მეოთხედფინალის საგზური ჯიბეში აქვს.
პლეი ოფში მოხვედრა დადებითად აქვს გადაწყვეტილი ტაირონ ელისის "ესტუდიანტესს": 4-მოგებითა და 1 მარცხით
მეხუთე ტურში "ესტუდიანტესმა" სტუმრად ჩეხეთის "ნიმბურკი" ორქულიანი სხვაობით დაამარცხა - 88:86. შაბათს ესპანეთის ჩემპიონატში 5-დან 5 სამქულიანის ჩამგდებმა ელისმა ევროთასის მატჩი 5 ქულით დაასრულა (4-დან 1 სამქულიანი, 1-დან 1 ორიანი), თუმცა ასეთი დაბალი შედეგიანობა გასაკვირი სულაც არ არის, რადგან ტაირონმა მხოლოდ 8 წუთი ითამაშა.
ესპანურ გამოცემა "სოლობასკეტში" ტორინ გრინის მონაგარში 13 ქულა და 13 პასი წერია. გაგვეხარდა, მით უმეტეს, რომ ტორინმა ასეთი ეფექტური შედეგი რუსულ "უნიქსთან" უჩვენა. თუმცა, როგორც გაირკვა, "სოლობასკეტის" სტატიაში კორექტურული შეცდომა გაპარულა - 13-ის ნაცვლად 3 პასი უნდა ყოფილიყო.
მოკლედ, გრინის მონაგარი რეალურად ასეთი იყო: 21 წუთი, 13 ქულა (2-დან 1 ორქულიანი, 4-დან 3 სამქულიანი, 2-დან 2 საჯარიმო), 3 პასი.
ტორინის "გრან კანარიამ" "უნიქსი" 76:73 დაამარცხა. პარალელურად, "ჰემოფარმს" 73:71 ხორვატულმა "ცედევიტამ" სძლია და მეოთხედფინალის საგზური "გრან კანარიას" აართვა. ბოლო ტურის წინ კანარელებს 2 მოგება და 3 წაგება აქვთ, ხოლო "ცედევიტას" - პირიქით, 3 მოგება, 2 მარცხი. მეექვსე ტურში "გრან კანარიამ" "ჰემოფარმი" რომც დაამარცხოს, ხოლო "ცედევიტამ" - "უნიქსი", გრინის გუნდი მომდევნო ეტაპზე მაინც ვერ გავა (ჯგუფიდან ორი გადის): თანაბარი ქულების შემთხვევაში მეოთხედფინალის საგზური ხორვატებს დარჩებათ, რადგან "ცედევიტამ" "კანარია" შინაც დაამარცხა და სტუმრადაც. პირველი ადგილი გარანტირებული აქვს "უნიქსს" - 4 მოგება.
.