მანუჩარ მარკოიშვილი: ვეძებ სტაბილურობას

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების უკანახაზელმა მანუჩარ მარკოიშვილმა გასულ კვირას "ტერამოსთან" 19 წუთში 16 ქულა ჩააგდო. ამ ამბავს იტალიური გაზეთი "ლა პროვინცია" გამოეხმაურა და მცირე სტატია მიუძღვნა, სათაურით "სტაბილურობის ძიებაში".

"მანუჩარ მარკოიშვილმა ფეხის ცერის ტრავმის მოშუშების შემდეგ პირველივე მატჩში "კრემონასთან" 5 ქულა ჩააგდო, "რომასთან" - 7, ხოლო იტალიის თასის სამ შეხვედრაში - 10 ქულა. ეს შთამბეჭდავი მაჩვენებელია, მით უმეტეს, როცა საქმე მარკოიშვილს ეხება, რომლისგანაც ქულათა მონაგარის ორნიშნა რიცხვებით შევსებას მივეჩვიეთ.

ზემოთ ნახსენებ 5 მატჩში ქართველის რეალიზების პროცენტული მაჩვენებელიც დაბალი იყო - 16-დან 5
ორქულიანი, 14-დან 2 სამიანი.

კვირას, 20 თებერვალს ტერამოს მოედანზე განსხვავებული მარკოიშვილი ვიხილეთ - 9-დან 5 ორქულიანი, 3-დან 2 სამიანი ჩააგდო და 16 ქულას მოუყარა თავი. საინტერესოა, ასეთი მაჩვენებლები გვაძლევს იმის თქმის უფლებას, რომ მანუმ ტრავმის შემდეგ ფორმა საბოლოოდ დაიბრუნა?

"იტალიის თასზე რამდენიმე ისეთი ტყორცნა ვერ ჩავაგდე, რომელიც, როგორც წესი, კალათში ეშვება ხოლმე. დღესაც ვერ ამიხსნია, რატომ მოხდა ასე. ტერამოში კი შეტევაში ჩემი თამაში ვიპოვნე. განსაკუთრებული არაფერი მომხდარა. თავიდანვე შედეგიანად ვისროლე და თვითრწმენაც მომემატა. ახლა სტაბილურობას ვეძებ", - ამბობს მანუჩარი.

საინტერესოა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაც:

"ტრავმისშემდგომი რეაბილიტაცია კარგად წარიმართა, რაც ჩვენი ექიმების დამსახურებაა. თერაპიულ მკურნალობას ახლაც ვაგრძელებ. ვარჯიშებზეც და თამაშებზეც ჩვეულად ვიტვირთები, მაგრამ მცირე ტკივილს მაინც ვგრძნობ. თუმცა საშიში არაფერია."

მარკოიშვილს 27 თებერვალს სერიოზული გამოცდა ელის - "კანტუ" იტალიის ჩემპიონატის ლიდერ "მონტეპასკის" ესტუმრება.




.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული