ზაზა ფაჩულია "ატლანტას" ტოვებს

AutoSharing Option
24 თებერვალს გამთენიისას "ატლანტა ჰოქსმა" "ფინიქს სანსის" წინააღმდეგ ითამაშა. "ჰოქსში" ზაზა ფაჩულია ირიცხება, "სანსში" - ქართველთათვის კარგად ნაცნობი პოლონელი მარცინ გორტატი, ხოლო სამწვრთნელო შტაბში იგორ კოკოშკოვი. საინტერესო იყო ფაჩულია-გჰორტატის დუელის კიდევ ერთხელ ხილვა, მაგრამ ბრძოლა არ შედგა. მიზეზი: ფაჩულიას არ უთამაშია. მის არყოფნაში გორტატმა 13 ქულა და 12 მოხსნა მოაგროვა, ხოლო "ფინიქსმა" 105:97 მოიგო.

"ჰოქსის" შემადგენლობაში გამოჩენილან მაიკ ბიბი, ჯორდან კროუფორდი და მორის ევანსი. მათი არყოფნის მიზეზი მარტივია: "ატლანტას" ხელმძღვანელობამ ვაშინგტონელ კირკ ჰინრიხსა და ჰილტონ არმსტრონგში გაცვალა. ჰინრიხი ბიბის თანაამპლუელია
(გამთამაშებელი), ხოლო როგორც ატლანტური გაზეთები წერენ, ტანმაღალი არმსტრონგი ჯეისონ კოლინზის ახალგაზრდა პროტოტიპია.

მთავარი კითხვა: რატომ არ ითამაშა ზაზა ფაჩულიამ? პასუხს გაზეთი "ატლანტა კონსტიტუშენი" გვცემს: "კროუფორდის, ბიბის, ევანსის გვერდით არ უთამაშია ზაზა ფაჩულიას. მიმდინარეობს მუშაობა მის ტრანსფერზეც, მაგრამ ჯერ კონკრეტული გუნდი არ სახელდება."

უნდა ვივარაუდოთ, რომ ზაზამ თავად მოითხოვა გუნდიდან წასვლა. მან ზაფხულშიც აღნიშნა: 2010-11 წლების სეზონის წინ "ატლანტაში" დარჩენას არ ვაპირებდი, მაგრამ მთავარი მწვრთნელი შეცვალეს და წასვლაც ამიტომ გადავიფიქრეო. ქართველ ცენტრს იმედი ჰქონდა, რომ მანამდე სათადარიგოებთან მომუშავე ლარი დრიუ მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ მაიკ ვუდსონზე მეტად ენდობოდა. თუმცა, მოლოდინი არ გამართლდა - არც დრიუს ემეტება (თუ ემეტებოდა) ზაზასთვის სათამაშო დრო.

იმასაც შეგახსენებთ, რომ ფაჩულიას საუკეთესო ვარიანტი 2009 წელს გამოუჩნდა - "სან ანტონიოში" გადასვლა თითქმის გადაწყვეტილი იყო, თუმცა "ატლანტამ" საკონტრაქტო თანხა ბოლო მომენტში მოუმატა და ზაზაც ჯორჯიაში დარჩა.

ვნახოთ ამჯერად რომელი კლუბი აიყვანს ზაზას.  მოვლენების განვითარებას დაველოდოთ.





.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული