ედი კასტელსი: არასოდეს დამავიწყდება საქართველოს ნაკრებთან გამარჯვება

AutoSharing Option
ჰენრიკ დეტმანი და ედი კასტელსი - ეს ორი საკალათბურთო მწვრთნელი ჩვენზე ცდადაა "გადაკიდებული". ჯერ ჰენრიკის ხელმძღვანელობით ფინელებს სტუმრად ერთი მატჩიც ვერ მოვუგეთ; შემდეგ, როცა მაინც მოვხვდით ელიტურ დივიზიონში, ყველაზე მწარე მარცხი კასტელსის ბელგიამ გვაგემა - 2012 წლის 20 აგვისტოს თბილისში 86:63 გაიმარჯვა.

13 ნოემბერს ედი კასტელსის მიერ გაწვრთნილმა "ანტვერპენმა" დაძაბულ ბრძოლაში "არმიას" სძლია (80:71). არადა, მომდევნო ეტაპის საგზურისთვის ბრძოლაში ამ შეხვედრის მოგება ჩვენთვის მეტად მნიშვნელოვანი იყო.

ბელგიელ მწვრთნელ ედი კასტელსს გავესაუბრეთ როგორც საკლუბო, ასევე სანაკრებო ამბებზე.

- "არმიამ" ისრაელში 15
ქულის სხვაობით დათმო. ის შეხვედრა ვნახე და დავრწმუნდი, რომ ქართველებს ძლიერი გუნდი გყავთ. ისიც შესანიშნავად ვიცოდი, რომ შინ არმიელები ყველა მეტოქესთან ფავორიტები იქნებიან.

ამიტომ ამ შეხვედრისთვის მაქსიმალურად მოვემზადეთ, მეტოქის პლუს-მინუსები კარგად შევისწავლეთ და მძიმე მატჩში გამარჯვებასაც მივაღწიეთ.

- მაინც რა მნიშვნელობა ჰქონდა თბილისურ შეხვედრას თქვენთვის?
- პირველ ტურში შინ გერმანიის "ბონთან" წავაგეთ და თუ მომდევნო ეტაპზე გასვლა გვინდოდა, თბილისში არ უნდა დავმარცხებულიყავით. სხვათა შორის, სწორედ ასეთ სიტუაციაში იყო "არმია".

- რა იყო ანტვერპენში გერმანელებთან წაგების მიზეზი?
- მუხლის ტრავმა მიიღო ჩვენმა მთავარმა გამთამაშებელმა ტიმოთი ბლეიქმა. "ბონთან" მის გარეშე ვითამაშეთ და წაგების მთავარი მიზეზიც ეს იყო. ბლეიქი "ანტვერპენისთვის" ისეთივე ძალაა, როგორიც "არმიასთვის" კურტის მილეიჯი.

- ყველა მეტოქის თამაში გინახავთ. ჯგუფის ფავორიტად ვინ მიგაჩნიათ?
- აქ ფავორიტი არ არსებობს. იმდენად თანაბარი გუნდები არიან შეკრებილნი, რომ თითოეულ ქულას ოქროს ფასი აქვს. განსაკუთრებული ღირებულებისაა სტუმრად გამარჯვებები.

- ალბათ, კარგად გახსოვთ ორი წლის წინანდელი თბილისური გამარჯვება, რომელსაც ბელგიის ნაკრებთან ერთად მიაღწიეთ.
- არასოდეს დამავიწყდება ისეთ ძლიერ გუნდთან 25-ქულიანი გამარჯვება, როგორიც საქართველოს ნაკრებია.

- 25 არა, 23 ქულის სხვაობით მოიგეთ...
- მაინც სასიამოვნო გასახსენებელია. ქართველები არა მხოლოდ კონკრეტულ მატჩში, ჯგუფშიც ფავორიტები იყვნენ. ეს მომდევნო წელს ევრობასკეტზეც დაამტკიცეს.

- 2011 წელს ლიტვაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფში ხუთივე მატჩში დამარცხდით, მათ შორის, საქართველოსთან. რამ განაპირობა ასეთი წარუმატებლობა?
- ლიდერის, აქსელ ერველეს გარეშე ვთამაშობდით. მან მოსამზადებელ ეტაპზე გერმანიასთან მატჩში მუხლის ტრავმა მიიღო და ევრობასკეტზე ვეღარ დაგვეხმარა.

წარმოიდგინეთ საქართველოს ნაკრები ზაზა ფაჩულიას გარეშე. სწორედ ასეთი გუნდი იყო ბელგია უაქსელოდ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული