"არმიას" ამერიკელი ლეგიონერი "დონეცკში" გადადის

AutoSharing Option
უკრაინულ საიტებზე გიორგი ცინცაძის შესახებ ინფორმაციის ძიებისას ერთ ბლიც-ინტერვიუს წავაწყდით: ამერიკელ უკანახაზელ კურტის მილეიჯს დონეცკის აეროპორტში უკრაინელი ჟურნალისტი დახვდა და ჩასვლის მიზეზი ჰკითხა.

- საახალწლო საჩუქრებისთვის თბილისის მაღაზიებში დავდიოდი. მოულოდნელად ჩემს ტელეფონზე გაისმა ზარი - აგენტმა მითხრა, "დონეცკი" გეპატიჟებაო. აი, უკვე უკრაინაში ვარ.

მილეიჯი საქართველოს ჩემპიონის, "არმიას" ღირსებას იცავდა. იგი თბილისურ კლუბში მიმდინარე სეზონის დასაწყისში ჩაირიცხა და გუნდის მთავარი მექულეც იყო. ევროჩელენჯზე საშუალოდ 16.3 ქულასა და 3.7 შედეგიან გადაცემას აგროვებდა.

ლოგიკურია, ასეთი კალათბურთელის გადაბირების სურვილი უკრაინელებს რომ გაუჩნდათ, მაგრამ საკითხავია,
"არმიასთან" კონტრაქტის მიხედვით, ჰქონდა მილეიჯს შუა სეზონში გუნდის დატოვების უფლება?

სიტუაციაში გარკვევის მიზნით არმიელთა მთავარ მწვრთნელ კოტე ტუღუშს დავუკავშირდით.

- მილეიჯს მართლაც სურს გუნდის დატოვება. "არმია" ნამდვილად არ აპირებს წინაღობების აღმართვას, თუმცა კურტისს ოფიციალურად ჯერ არ მიუღია განთავისუფლების ფურცელი. მას კონტრაქტი სეზონის ბოლომდე ჰქონდა.

"არმიას" თავკაცმა ისიც გვითხრა, რომ, არ არის გამორიცხული, გუნდი კიდევ არაერთმა კალათბურთელმა დატოვოს, თუმცა მათ ვინაობას ახლო მომავალში შევიტყობთ.

რაც შეეხება მილეიჯს, დასანანია, მაგრამ მის ტრანსფერს წინ, ალბათ, ვეღარაფერი აღუდგება და 2013 წელს, ქართულის ნაცვლად, უკრაინის სუპერლიგაში განაგრძობს ასპარეზობას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული