"კლდის მეფე" - სოხუმელი ქადარია

AutoSharing Option
საქართველოში უკვე მეორედ ჩატარდა შესარჩევი ტურნირი ერთი-ერთზე კალათბურთში, სახელწოდებით RED BULL KING OF THE ROCK. გამარჯვებულმა მიიღო ფინალური ეტაპის საგზური, რომელიც სან ფრანცისკოში, ალკატრასის ციხეზე გაიმართება.

KING OF THE ROCK ინგლისურიდან ქართულ თარგმანში "კლდის მეფეს" ნიშნავს. ჰოდა, ქართული კლდის მეფე ვახტანგ ქადარია გახდა.

სწორედ მას მოუწევს სან ფრანცისკოში, კლდოვან კუნძულზე აგებულ ციხეში მსოფლიოს საუკეთესო ინდივიდუალისტებს შორის საქართველოს სახელის დაცვა. სხვათა შორის, შეჯიბრების დასახელებაც სწორედ ალკატრასის ციხის მდებარეობამ და კუნძულის ლანდშაფტმა განაპირობა.

სწორედ ასეთი ადგილი შეარჩიეს ორგანიზატორებმა ქართული შესარჩევი ეტაპის ჩასატარებლად,
ჩვენს სამშობლოში კლდეების ნაკლებობაა თუ ციხესიმეგრეების?! ახალციხის განახლებულ სიმაგრე "რაბათში" თითქოს განგებ ამ შეჯიბრებისთვის აუგიათო - საკალათბურთო მოედანთან ამფითეატრივით იყო ამაღლებული საფეხურები. წინ ორკოშკიანი ნაგებობა დგას, რომელიც შაბათს 64 სპორტსმენის აპარტამენტად იქცა.

მოკლედ, შაბათს სრული საბრძოლო გარემო იყო, ორგანიზებაც საერთაშორისო სტანდარტების შესაფერისი, რაც დიდწილად ამიერკავკასიაში "რედ ბულის" წარმომადგენლობის (სპორტული ღონისძიებების მენეჯერი ბექა გოლეთიანი) დამსახურება იყო.

"რაბათის" ციხესიმაგრის ერთ-ერთ განყოფილებაში საინტერესო ექსპონატებით გავსებული მუზეუმის თვალიერებას არცთუ ცოტა დრო სჭირდება.

დამთვალიერებელს შეუძლია იხილოს 10 მილიონი წლის წინათ სამცხეში აღმოჩენილი ნიანგის ქვედა ყბა, კოლხური ტიპის ცული, თამარ მეფის დროინდელი მონეტები, ქართული ხმლები, დამბაჩები... თოფებს რომ მივადექი, გარეთ საბრძოლო მუსიკა გაისმა - რაც საკალათბურთო შეჯიბრების დაწყებას მოასწავებდა. ოღონდ, მოგეხსენებათ, კალათბურთი ამერიკაში გამოიგონეს და მუსიკაც ამერიკული იყო.

64 მონაწილე ბრძოლაში 1/32-ფინალიდან ჩაერთო. პირველ წრეში რამდენიმე ფავორიტი წინასწარ განთესეს, რათა ერთმანეთს არ დაპირისპირებოდნენ, თუმცა საწყის ტურში ფავორიტთა დუელს მაინც ვერ ავცდით - პირისპირ წარსდგა "რუსთავის" ორი წარმომადგენელი - მიხეილ ჭოჭუა და ლევან ხმელიძე. მომდევნო ეტაპზე მიშა გავიდა.

თითო შეხვედრა ხუთწუთიანი იყო, პერიმეტრიდან ნატყორცნი სამ ქულად ითვლებოდა, ხოლო რკალის შიგნიდან - ორად.

რაც დრო გადიოდა, სინათლეს ღამის ფერები ენაცვლებოდა, ჰაერში სიგრილე მატულობდა, მით მეტად ხურდებოდა ტურნირი. ერთ შეცდომასაც კი ოქროს ფასი ჰქონდა. მაგალითად: მეოთხედფინალში შარშანდელი ჩემპიონი ვატო თევზაძე აკაკი ლომოურთან ბოლო წამებამდე 9:7-ს იგებდა. უკანასკნელი იერიში კაკიმ წამოიწყო, ვატომ იგი წესების დარღვევით შეაჩერა და მეხუთე ფოლი მიიღო. ხუთი ჯარიმა კი ამ შეჯიბრებაში წაგებას ნიშნავს...

საინტერესოა, მეოთხედფინალში ყველა ის კალათბურთელი გავიდა, ვინც სუპერლიგას წარმოადგენს (ან წარმოადგენდა). ნახევარფინალში ლომოურმა მიხეილ ფანჩულიძესთან დათმო, ხოლო დათო ბარბაქაძემ ვახტანგ ქადარიას ვერაფერი მოუხერხა. დათო ამ ეტაპზე ძალიან დაღლილი ჩანდა, ქადარია კი ფინალშიც ფანჩულიძეზე ენერგიულად გამოიყურებოდა და დამსახურებულად მოიგო "კლდის მეფის" წოდება.

ფინალური ეტაპი 28 სექტემბერს სან ფრანცისკოში გაიმართება. ჩემპიონი 20 ათას დოლარს მიიღებს.

1/8-ფინალი
თევზაძე-ფურცელაძე 17:10
ჩლაიძე-გონგაძე 8:5
გაბისონია-ბარბაქაძე 7:8
ლომოური-ჭოჭუა 21:13
ქადარია-ვახანია 16:5
ფანჩულიძე-დეკანოიძე 7:4
ათანელიშვილი-ტატალაშვილი 12:6
ყიფიანი-ბააკაშვილი 6:18

1/4-ფინალი
ბარბაქაძე-ჩლაიძე 12:6
თევზაძე-ლომოური 9:7
(ხუთი ფოლის გამო, წაგება
თევზაძეს ჩაეთვალა)
ფანჩულიძე-ბააკაშვილი 7:3
ქადარია-ათანელიშვილი 7:5

1/2-ფინალი
ფანჩულიძე-ლომოური 8:6
ქადარია-ბარბაქაძე 6:0

ფინალი
ქადარია-ფანჩულიძე 8:4

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული