NBA და საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია ტურნირს იწყებენ

AutoSharing Option
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია (NBA) და საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში იწყებენ ტურნირს, სახელწოდებით "JR.NBA - GBF ლიგა".

როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ტურნირი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის საგანმანათლებლო და კულტურული ურთიერთობების ბიუროს და საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ დაფინანსდება.

მათივე ინფორმაციით, NBA მოგვიანებით უხელმძღვანელებს კემპს ზაზა ფაჩულიასთან ერთად, რომელიც "დალას მავერიქსის" ღირსებას იცავს. ტურნირი 2004-05 წლებში დაბადებულ ბავშვთა შორის გაიმართება როგორც ვაჟებით, ისე გოგონებით დაკომპლექტებულ გუნდებს შორის.

დღეს ახალ სპორტის სასახლეში (უნივერსიტეტის ქუჩა) ტურნირის მონაწილე
გუნდების კენჭისყრა გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს და ბავშვებს მომავალ შეჯიბრებებში წარმატება უსურვეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა, მოადგილეებთან - შალვა გოგოლაძესთან და რევაზ ჯაველიძესთან ერთად, ასევე, საქართველოში ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკოლას ბერლინერმა, კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა მიხეილ გაბრიჩიძემ და გენერალურმა მდივანმა გიორგი ქართველიშვილმა.

"თანამშრომლობის ფარგლებში, ამერიკის საელჩოსთან ერთად, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მხარს დაუჭერს Jr.NBA-ს ლიგის ჩამოყალიბებას, რომელიც სათავეს უდებს ახალ ინიციატივას და თანამშრომლობას NBA-სა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს შორის, რომელსაც უკვე 80-ზე მეტი სპორტის დესპანი ჰყავს და ახორციელებს ამ პროგრამას მსოფლიოს გარშემო 50 ქვეყანაში, 2005 წლიდან მოყოლებული.

პირველი " JR.NBA - GBF ლიგა" ჩატარდება 6 ქალაქში: ბათუმი, გორი, ქუთაისი, თბილისი, თელავი და მოიცავს 30 საკალათბურთო სკოლას. თითოეული გუნდი ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის თითო გუნდს წარმოადგენს და ტურნირში მონაწილეობისთვის შესაბამისი კლუბის მაისურებს მიიღებს.

ჯუნიორ NBA, გოგონათა და ვაჟთათვის კალათბურთის ლიგის გლობალური ახალგაზრდული პროგრამა მოიცავს ფუნდამენტალურ საფუძვლებს, ასევე, თამაშის მთავარ ფასეულობებს, რომლებიც თავის მხრივ ეხმარება მომავალ კალათბურთელებს, ასევე, მწვრთნელებსა და მშობლებს, გაიღრმაონ სათამაშო ცოდნა და გამოცდილება.

მსოფლიოს 34 ქვეყნის მასშტაბით, 2015-16 წლების სეზონის ჯუნიორ NBA-ში მონაწილეობას იღებს 6.5 მილიონი ბავშვი", - აცხადებენ სამინისტროში.

მომზადებულია interpressnews.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული