მანუჩარ მარკოიშვილი: ჩვენი საქმე ჩვენვე უნდა გავაკეთოთ

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებმა საბოლოოდ დაადგინეს ნაკრების მოსამზადებელი გეგმა და იგი ეროვნული გუნდის ყველა წევრს გაუგზავნეს. პროგრამა მანუჩარ მარკოიშვილმაც მიიღო, მაგრამ, როგორც თავად ამბობს, მისი საქმე არა გეგმის შეფასება, არამედ კარგად მომზადებაა. თუმცა, ჯერ მასაც და ნაკრების სხვა წევრებსაც სხვა საქმე აქვთ - კლუბებთან ერთად ცდილობენ სეზონის წარმატებით ჩამთავრებას.

მარკოიშვილის "კანტუ" იტალიის ჩემპიონატში მეორე ადგილზეა და რეგულარული ეტაპის ბოლომდე ამ პოზიციის შენარჩუნებისთვის იბრძვის, რათა პლეი ოფში "მილანთან" (მესამე პოზიციაზეა) შეხვედრის შემთხვევაში მოედნის უპირატესობა "კანტუს" მხარეს იყოს.

მანუჩარს იტალიაში დავუკავშირდით, ნაკრებზეც
ვკითხეთ, თუმცა საუბარი იტალიური ამბებით დავიწყეთ.

- მიმდინარე სეზონში "კანტუ" იტალიის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული გუნდია...
- წინა სეზონთან შედარებით უკეთესი შედეგი გვაქვს. თუმცა, ჯერ რეგულარული ეტაპი არ დასრულებულა და კიდევ უნდა მოვუმატოთ.

- რისი "ბრალია" შედეგების გაუმჯობესება?
- გუნდის წარმატებები 99 პროცენტით მწვრთნელის, ანდრეა ტრინჩიერის დამსახურებაა. გადავხედოთ "კანტუს" შემადგენლობას: აქამდე არც ერთ კალათბურთელს ამაზე უკეთესი სეზონი არ ჰქონია. შემადგენლობაში ვარსკვლავები არ გვყავს, მაგრამ გუნდური თამაშის ხარჯზე ჩვენი გუნდი უკვე ანგარიშგასაწევი ძალაა. ანდრეა ტრინჩიერი "კანტუს" მეორე სეზონია წვრთნის და იცის, რასაც აკეთებს - თავისი გემოვნებით ისეთი კალათბურთელები ჰყავს შერჩეული, რომლებიც მის სტრატეგიაში კარგად ჯდებიან.

- ბოლო ტურში "ბრინდისის" სტუმრად სძლიეთ. პარალელურად ვიქტორ სანიკიძის "ვირტუსმა" მილანში "არმანის" წინააღმდეგ ითამაშა...
- ჩვენც გვინდოდა სანიკიძის გუნდის მილანში გამარჯვება, მაგრამ "არმანი" იმ კლუბების კატეგორიას არ მიეკუთვნება, შინ რამე იოლად დათმოს. ასეა თუ ისე, სხვის იმედად არ ვართ - ჩვენი საქმე ჩვენვე უნდა გავაკეთოთ...

- მალე მილანში "კანტუც" ჩავა...
- რეგულარული ეტაპის დასრულებამდე 5 ტურია დარჩენილი და ბევრი რამ გასარკვევია. თუმცა, "არმანისთან" გამარჯვებისთვის შემართულები გავალთ. მანამდე კი "ბიელასთან" თამაში გველის და ჯერ მასზე ვფიქრობთ.

- "კანტუ" იტალიის პირველობაზე მეორე ადგილზეა. გუნდის უფროსობა რა მიზნებს გისახავთ, ევროლიგის საგზურის მოპოვებას ხომ არ გთხოვთ?
- მოვლენების გასწრება და ევროლიგაზე ლაპარაკი აბსურდია. კაცმა, რამდენჯერაც უნდა თქვას - NBA-ში ვითამაშებო, მხოლოდ სიტყვები საქმეს ვერ უშველის. რეალურად რომ ვიმსჯელოთ, "კანტუს" სადღეისოდ ევროლიგის შესაბამისი არც შემადგენლობა ჰყავს და არც ბიუჯეტი... ვმუშაობთ, ვიბრძვით და რა გამოგვივა, სეზონის ბოლოს ვნახავთ.

- ზამთარში ცერი გქონდა მოტეხილი. ტრავმა სრულად მოიშუშე?
- არ მინდა წუწუნში ჩამეთვალოს, მაგრამ ახლაც გამაყუჩებლებით ვთამაშობ. ანთებითი პროცესი ჩამქრალი არ არის და ტკივილი მაწუხებს. დასვენება და მკურნალობაა საჭირო, რასაც მხოლოდ ზაფხულში თუ შევძლებ.

- რამ გამოიწვია გართულება?
- ტრავმა დეკემბერში მივიღე და 6 კვირა დავისვენე. ტკივილმაც მეტ-ნაკლებად გამიარა და, თითქოს, ყველაფერი წესრიგში იყო, მაგრამ 16 მარტს ფეხი ცუდად დავდგი და ტრავმა გამიმიზეზდა. თითქმის ერთი თვეა, ცერი ისევ მაწუხებს.

- სანაკრებო თემაზეც გკითხავ. კალათბურთის ფედერაციამ მოსამზადებელი ციკლის გეგმა დაადგინა.
- ვისაც მოსამზადებელი პროგრამის შედგენა ევალებოდა, ყველაფერი კარგად გააკეთა. ჩემი საქმე კი, არა გეგმის შეფასება, არამედ სათანადოდ მომზადებაა. მაგრამ ამაზე ლაპარაკი ჯერ ადრეა.

- იტალიის ჩემპიონატში ბევრი ბელგიელი შეიკრიბა. მათ შორის ერთი "კანტუში" თამაშობს...
- ბელგიელ კალათბურთელებს ვიცნობ და მათთან კარგი ურთიერთობა მაქვს, მაგრამ მოედანზე ყოველივე ამას დავივიწყებ, ისევე როგორც ბელგიელები... ჩემი თანაგუნდელი ჯონათან ტაბუ იმუქრება, უნდა მოგიგოთო, არც მე ვარ რამის დათმობის განწყობაზე, მაგრამ რეალურად რომ ვიმსჯელოთ, ჩვენ უფრო უნდა გავუწიოთ ანგარიში ბელგიას ვიდრე - პირიქით, რადგან ამ ქვეყნის ნაკრებმა ორივე მატჩი მოგვიგო.

- თამაშობდი სლოვენიასა და უკრაინაში. მათი ნაკრებები ჩვენს ჯგუფში ითამაშებენ.
- მეგობრები ამ ქვეყნებშიც მყავს, მაგრამ ყველას ერთს ვეუბნები - დღეს სანაკრებო თემაზე ლაპარაკი და მით უმეტეს მუქარა ნაადრევია. ამბობენ იოლ ჯგუფში მოვხვდით, თუ ვერ გავედით, ჩვენი საშველი არ ყოფილაო, მაგრამ ასეთ მოსაზრებას არ დავეთანხმები. ზოგმა შეიძლება ოცნების კოშკები ააგოს, მაგრამ კალათბურთელმა საქმეს ობიექტურად უნდა შეხედოს. ნაკრებზე მსჯელობისა და ანალიზის დრო ჯერ არ მოსულა - კალათბურთელებს კლუბებთან ერთად ჩემპიონატები აქვთ სათამაში. ახლა პლეი ოფებსა და საკლუბო თამაშებზე ვფიქრობ. ნაკრებზე მსჯელობის დროც მოვა და მაშინ უკვე საკლუბო საქმეებზე ფიქრი იქნება მიზანშეუწონელი.






.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული