სასტვენის ხმა გაისმა, სუპერლიგა გაიხსნა

AutoSharing Option
მას შემდეგ რაც გადაწყდა, რომ სუპერლიგაში 11 გუნდი ითამაშებდა, დაგვაფიქრა ერთმა გარემოებამ - ევროჩელენჯის მონაწილე გუნდებსა და ჩემპიონატის აუტსაიდერებს შორის დიდი სხვაობა იქნებოდა, რაც პირველობის სანახაობრივ მხარეზე დადებითად არ იმოქმედებდა.

თუმცა დღეს ეს საშიშროება ნაკლებადაა მოსალოდნელი, რადგან კლუბების უმეტესობა ლეგიონერებით ძლიერდება, თანაც კარგი უცხოელებით.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო პირველობა (თუ საუკეთესო არა) გველის.

15 ოქტომბერი, თბილისი
სპორტის სასახლე
შსს-ბათუმი 101:77
25:26, 18:17, 32:20, 26:14
შსს: ბოქოლიშვილი (5ქ), კრეპსი (22ქ, 10პ), თენიეშვილი
(13ქ), ტუჯანი (14ქ), დვალიშვილი (13ქ), ლაფანაშვილი (5ქ, 8მ), ნიკოლაძე (3ქ), ლონდარიძე (22ქ, 6მ), ლომოური, იმნაძე (4ქ).
ბათუმი: მიქელაძე (16ქ), ნინუა (6ქ), ელიაძე (8ქ), ელიაშვილი (22ქ), კეშელავა (12ქ), ჩორგოლაშვილი, რამიშვილი (1ქ), ემირიძე (2ქ).
მსაჯები: დ. ბერეკაშვილი, ხ. გაბედავა
კომისარი: რ. გელოვანი

რობო
შესავალში ლეგიონერებზე ნათქვამი სუპერლიგის პირველმა მატჩმაც დაადასტურა: საქართველოს ჩემპიონატის კვალობაზე შსს-ს მეტად ძლიერი ამერიკელი ჰყავს - რობო კრეპსი, რომელმაც ეროვნულ პირველობაზე სადებიუტო შეხვედრაში ორმაგი დუბლი შეასრულა (22 ქულა, 10 პასი). მისი კარგი გარჯა ძალოვანთა გამარჯვების საწინდარი აღმოჩნდა. შსს-მ აჯობა "ბათუმს", რომელიც ძირითადად ახალგაზრდებითაა დაკომპლექტებული და გაძლიერებას აშკარად საჭიროებს.

შსს-მ ბათუმელები განსაკუთრებით ფარქვეშ დაჩაგრა: მოხსნებში თითქმის ორჯერ აჯობა - 47:24.

15 ოქტომბერი, თბილისი
სპორტის სასახლე
სამედიცინო-სტუ 75:104
17:25, 14:24, 22:28, 22:27
სამედიცინო: აბაიშვილი (3ქ), ტომარაძე (12ქ), ჩიკვილაძე (21ქ), კვეტენაძე (7ქ), ბექაური (7ქ), ყველაშვილი, შიოლაშვილი, პირველაშვილი, გაბისონია (5ქ), შვანგირაძე (7ქ), ჭოჭუა (8ქ), ჯინჭარაძე (5ქ).
სტუ: ხანიაშვილი (12ქ), ირაკლი ძიძიგური (10ქ), ვ. ბერუაშვილი (12ქ), ანთაძე (14ქ), კობიძე (10ქ), ტეტელაშვილი (2ქ), თევზაძე (6ქ), ჩაჩიბაია (17ქ), ჭოხონელიძე (6ქ), მაჩალაძე (10ქ), დეკანოიძე (1ქ), კორძაძე (4ქ).
მსაჯები: მ. კუპატაძე, დ. ბერეკაშვილი, გ. მიქელაძე
კომისარი: მ. რატიშვილი

ტატო
დუდუ დადიანის მემორიალზე "სამედიცინოს" სასტარტო გამთამაშებელი ახალგაზრდული ნაკრების წევრი გივი ბაქრაძე იყო, რომელიც ჩემპიონატის დაწყების წინ "დინამოში" გადავიდა; მედიკოსებმა ვერ ჩამოიყვანეს ჯეფ როჯერსი; კონტრაქტი გაუფორმეს ბალკანელ მეფარე ნემანია ილიჩს, თუმცა იგი პირველ ტურში გუნდს ვერ დაეხმარა. ამ გარემოებების გათვალისწინებით ცხადია, რომ "მედიკოსებს" დასალაგებლად დრო სჭირდებათ. ეს პირველი მატჩისასაც გამოჩნდა - ბევრისთვის მოულოდნელად სტუ-მ "სამედიცინო" 104:75 დაამარცხა. ბომბარდირი ტატო ჩაჩიბაია გახდა, რომელმაც 17 ქულის პარალელურად 8 მოხსნა გაიფორმა.

საფინალო ანგარიშზე დაყრდნობით კიდევ ერთი რამ უნდა დავასკვნათ: წინასასეზონოდ სტუ-ს მწვრთნელმა ზურაბ ტომარაძემ გუნდში ვინც სჭირდებოდა ის აიყვანა და ჩემპიონატს კარგად მომზადებული შეხვდა. თუმცა, ისევე როგორც "სამედიცინო" ვერც სტუ უნდა იყოს ოპტიმალურ ფორმაში - ჩემპიონატი ხომ ეს-ესაა დაიწყო.


15 ოქტომბერი, თბილისი
სპორტის სასახლე
სოხუმი-რუსთავი 108:62
28:16, 27:11, 21:13, 32:22
სოხუმი: ფარღალავა (19ქ, 10პ, 8მ), ჩლაიძე (11ქ), ფაცაცია (16ქ), გაი (31ქ, 10მ), ათუაშვილი (11ქ, 10მ), როგავა (2ქ), კანკია (11ქ), გაფრინდაშვილი (5ქ), ქადარია (12ქ, 9მ).
რუსთავი: არწივიძე (4ქ), ჩაჩანიძე (5ქ), ხმელიძე (19ქ), მაჭავარიანი, გუგავა (6ქ), გ. არაბული (2ქ), ბააკაშვილი (13ქ), ჯ. არაბული, კოპალიანი (13ქ)
მსაჯები: გ. მიქელაძე, მ. ანდღულაძე
კომისარი: რ. ხომერიკი

ბრენდონი
ევროჩელენჯიდან გამოვარდნის შემდეგ "სოხუმი" დატოვეს პიერ პირსმა, მარკ სალიერსმა და ფრენკ რობინსონმა. დარჩა ბრენდონ გაი, რომელმაც შაბათსაც დაამტკიცა საკუთარი შესაძლებლობები: პირველ ტურში რეკორდული 31 ქულა ჩააგდო. სროლის სიზუსტეს არ იკითხავთ? - 6-დან 4 ორქულიანი, 12-დან 6 სამიანი, 6-დან 5 საჯარიმო. 31 ქულის გარდა ბრენდონის ანგარიშზე 10 მოხსნა და 6 პასია.

ორმაგი დუბლი შეასრულა სერგო ათუაშვილმა (11 ქულა, 10 მოხსნა), ხოლო "ტრიპლ-დაბლამდე" ორად-ორი მოხსნა დააკლდა ლაშა ფარღალავას - 19 ქულა, 10 პასი, 8 მოხსნა.

"სოხუმი" "რუსთავს" რომ აჯობებდა, ეს წინასწარ ყველას მოეხსენებოდა. ისიც ცხადია, "ბათუმის" მსგავსად რუსთაველებსაც აუცილებლად სჭირდებათ გაძლიერება.

15 ოქტომბერი, თბილისი
სპორტის სასახლე
თსუ-ოლიმპი 68:69
17:18, 17:16, 14:18, 20:17
თსუ: ჩიტაშვილი (7ქ), ზ. მაისურაძე, ფანჩულიძე (12ქ, 11მ), მარკოიშვილი (4ქ), ნინიაშვილი (19ქ, 13მ), დ. ბერიშვილი (9ქ), შერმადინი (17ქ).
ოლიმპი: გამყრელიძე (10ქ, 7პ), გულისაბედაშვილი (8ქ), სლიუკა (12ქ), მ. ბერიშვილი (19ქ), მილუტინოვიჩი (13ქ, 16მ), სიგუა, ტუტუსი (5ქ).
მსაჯები: მ. კუპატაძე, ზ. მაჩალაძე
კომისარი: რ. ხომერიკი

ილიცა
პირველ დღეს ყველაზე თანაბარი "ოლიმპისა" და თსუ-ს დაპირისპირება გამოდგა და ოლიმპიელთა მინიმალური გამარჯვებით დასრულდა. მათ რიგებში საზღვარგარეთიდან ახლახან ჩამოსული ოთხი კალათბურთელი ირჯებოდა, რომლებსაც ურიგო შთაბეჭდილება არ დაუტოვებიათ. ლაშა გამყრელიძე შარშან გერმანიის "გისენში" თამაშობდა და სამი წლის შემდეგ საქართველოს ჩემპიონატში დაბრუნება 10 ქულითა და 7 პასით აღნიშნა.

დიდი მოცულობის სამუშაო შეასრულა ილიცა მილუტინოვიჩმა, რომელმაც 16 მოხსნა, 13 ქულა, 6 დაფარება და 2-2 პასი-ჩაჭრა მოაგროვა. მის გარდა მატჩში დუბლი შეასრულა ორმა თსუ-ელმა თორნიკე ნინიაშვილმა (19 ქულა, 13 მოხსნა) და მიხეილ ფანჩულიძემ (12 ქულა, 11 მოხსნა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
"სასტვენი გაისმა" რა არის, ძმურად? იქნებ უფრო - სტვენა? სპორტი კარგია, მაგრამ ქართულსაც არა უშავს.
ზეზვა
12:58 17-10-2011
0
პატივცემულებო, ან ჩემი კომენტარი დადეთ, ან სათაური შეასწორეთ. "სასტვენის ხმა გაისმა" დაწერეთ - გრამატიკულად ხომ სწორი იქნება და რიტმშიც უკეთესად ჩაჯდება.
პატივისცემით.
:)

ადმინი: გმადლობთ, სწორი შენიშვნაა
ზეზვა
13:07 17-10-2011
0

სიახლეები პოპულარული