ამბიციურობა შარშანდელ სუპერლიგაშიც დაამტკიცა - ფინალში ითამაშა. თუმცა "ოლიმპს" 22 იანვრამდე ერთი ჯილდოც არ ჰქონდა მოგებული.
22 იანვარს კი ანგარიში გახსნა - ქორქია-საკანდელიძის მემორიალში გაიმარჯვა და ლეგენდარული კალათბურთელების სახელობის თასი მოიპოვა.
მიზნის მიღწევა იოლი როდი იყო: წლეულს, როგორც არასოდეს, მემორიალზე ძლიერი და ამავე დროს, თანაბარი შემადგენლობა შეიკრიბა.
ჯგუფურ ეტაპზე "დინამომ" თვით ტურნირის შარშანდელი გამარჯვებული "არმია" დაამარცხა, მეორე დღეს კი დინამოელები "ოლიმპმა" დასცა - 85:59. გია
თუმცა კიდევ უფრო რთული ფინალური ორთაბრძოლა იყო. "რუსთავმა" ხომ "შსს აკადემიასთან" 16-ქულიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა და ფინალის საგზური ისე მოიპოვა.
როგორც მოსალოდნელი იყო, მემორიალის გადამწყვეტმა მატჩმა საინტერესოდ ჩაიარა. ნეიტრალური ქომაგი სანახაობით ნამდვილად ისიამოვნებდა, "ოლიმპისა" და "რუსთავის" ქომაგებს კი დიდი სანერვიულო ჰქონდათ. თბილისელები არაერთხელ ავიდნენ +10 ქულაზე, მაგრამ რუსთაველთა ტრადიციული აფეთქებები ოლიმპელებს არათუ მეტად დაწინაურების საშუალებას არ აძლევდა, არამედ ანგარიში ხშირად თანაბრდებოდა და ქვემოქართლელები წინაც გადიოდნენ.
შეხვედრა ბოლო წამებამდე ინარჩუნებდა ინტრიგას, თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ გამარჯვებულის ბედზე მესამე პერიოდის ბოლოსა და მეოთხის დასაწყისში თბილისელთა მიერ ჩაგდებულმა სამქულიანებმა დიდად იმოქმედა (ჯერ ტომარაძემ გამოიყენა შორეული ტყორცნა, შემდეგ - ესტონელმა სოკმა). მეოთხე რაუნდი დაძაბულობისა და დაცვაში დიდი მონდომების გამო ქულამწირი გამოდგა.
სწორედ ამიტომ იძენდა თითო ქულა ოქროს ფასს. საბოლოოდ ეს პერიოდი "ოლიმპმა" 14:8 მოიგო და ისტორიაში პირველ თასსაც დაეუფლა.
ორგანიზატორებმა გამოავლინეს ორი საუკეთესო კალათბურთელი: მიხეილ ბერიშვილი (15 ქულა, 8 მოხსნა) და სტევან მილოშევიჩი (17 ქულა, 20 მოხსნა). მათ პრიზები ვეტერანებმა გივი ბიჭიაშვილმა და ვალერი ლომაძემ გადასცეს.
22 იანვარი
ფინალი
ოლიმპი-რუსთავი 80:67
23:16, 18:21, 25:22, 14:8
ოლიმპი: გულისაბედაშვილი (3ქ), ტომარაძე (9ქ), სოკი (11ქ, 9პ, 6მ), ბერიშვილი (15ქ, 8მ, 3ჩ), მიქელაძე, ფაცაცია (13ქ, 9მ, 6პ), ა. დვალიშვილი (8ქ), მილოშევიჩი (17ქ, 20, 3დ), ანდრიუკაიტისი (4ქ, 6მ).
რუსთავი: ბოუი (16ქ, 5მ, 4პ), ცეკვავა (7ქ, 4მ, 3ჩ), ვატადი, აბაიშვილი, ჩაჩანიძე (3ქ), ნელსონი (12ქ, 5მ), ჭოჭუა (22ქ, 9მ), ტუჯანი (4ქ, 5მ, 3პ), ათანელიშვილი (3ქ), მაჭავარიანი, ხმელიძე.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"