ბარსი-ქუთაისი 78:74 - "ბარსა" არა, "ბარსი"...

AutoSharing Option
დუდუ დადიანის თასი "ბარსიმ" მოიგო. "ბარსამ" არა, "ბარსიმ" - ყაზახურმა გუნდმა, რომელიც გასულ სეზონში ქვედა ლიგის ჩემპიონი გახდა და ყაზახეთის ჩემპიონატში საუმაღლესლიგოდ ემზადება.

მხოლოდ უმაღლესისთვის? - არა, ბატონებო, "ბარსის" მწვრთნელმა ედუარდ სკრიპეცმა "ქუთაისთან" ფინალური მატჩის შემდეგ გვითხრა, რომ მისი გუნდი გამალებით ემზადება ბალტიის ლიგაზე სათამაშოდ...

"21 ოქტომბერს პირველი მატჩი გველის. ბალტიის ლიგა ყაზახეთის ჩემპიონატთან შედარებით გვიან იწყება, ამიტომ სადღეისოდ მთავარი აქცენტი საერთაშორისო შეჯიბრებაზე გვაქვს გა
დატანილი.

კარგად გვესმის, რომ კალათბურთის განვითარებისთვის ევროპულ გუნდებთან თამაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ამიტომაც გადავწყვიტეთ ბალტიის ლიგაში ჩართვა და ამიტომაც ჩამოვედით თბილისში დადიანის მემორიალზე სათამაშოდ.

ქართულ კლუბებთან დაპირისპირებით დიდი გამოცდილება მივიღეთ. განსაკუთრებით სასარგებლო იყო ფინალი. "ქუთაისი" ძლიერი გუნდია და ტაქტიკური მრავალფეროვნებითაც გამოირჩევა.

მატჩის მეორე და მესამე პერიოდები კარგად ჩავატარეთ. გამოვარჩევ ჩვენს ლიდერ მახეევს, თუმცა მეოთხე მეოთხედში "ქუთაისმა" მჭიდრო ზონური დაცვა შემოგვთავაზა, ვერ გავუმკლავდით და მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნება ვერ მოვახერხეთ..."

"ბარსის" მწვრთნელის სიტყვებიდან ფინალის შესახებ ბევრი რამ გავიგეთ. აქ ცოტა შევავსებთ: პაველ მახეევმა მატჩი 26 ქულით დაასრულა (7-დან 5 სამქულიანი) და მემორიალის საუკეთესო კალათბურთელადაც დასახელდა.

რაც შეეხება "ბარსის" მიერ მოპოვებული უპირატესობის გაფლანგვას, მოგახსენებთ: 10:0 გაქცევის შემდეგ ბარსელები 61:49 დაწინაურდნენ, ამის შემდეგ უკვე ქუთათურთა ჯერი დადგა.

კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა გუნდმა მატჩის დასრულებამდე 15 წამით ადრე სხვაობა 2 ქულამდე შეამცირა (ლევან ცეკვავამ ურთულესი სიტუაციიდან ჩააგდო სამქულიანი). საპასუხო შეტევისას ყაზახებმა ბურთი დაკარგეს, ჩაჭრა ზაურ ფაშაევმა, თუმცა ფარისკენ არ წავიდა, სამქულიანის ხაზზე გავიდა და შორიდან სტყორცნა.

ბურთმა მიზანს ვერ მიაღწია და საბოლოოდ 74:78 დავმარცხდით.

დუდუ დადიანის მემორიალი. ფინალი
6 ოქტომბერი
ბარსი-ქუთაისი 78:74
25:18, 14:20, 25:16, 14:20
ბარსი: ბურველი (11ქ, 7მ, 5პ), კუკი (18ქ, 8მ, 4პ), ჰარისონი (5პ), სავჩენკო, გუბაშევი (7ქ), მიხეევი (26ქ, 5მ), მანაბაევი (9მ), ევსტიგნეევი (16ქ, 9მ).
ქუთაისი: ბოისა, ფაშაევი (6ქ, 4პ), ბაბუნაშვილი (3ქ), ქადარია (5ქ), ცეკვავა (12ქ, 3პ), დ. ბარბაქაძე (4ქ), გ. ბარბაქაძე (16ქ, 3ჩ), მათიაშვილი (10ქ, 7მ), წივწივაძე (5ქ, 7პ, 6მ), ბექაური (13ქ, 7მ, 3პ).
მსაჯები: მ. კუპატაძე, დ. ბერეკაშვილი, ი. ბერიშვილი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული