როგორც ამბობენ, "შავ მამბას" ბოლონიურ კლუბთან თანამშრომლობის რამდენიმე ვარიანტს სთავაზობენ. მას შეუძლია ხელი მოაწეროს ერთწლიან, ორთვიან ან სულაც ერთთვიან კონტრაქტს. უფრო მეტიც, "ვირტუსი" მზად არის "ლეიკერსის" სუპერვარსკვლავს ყოველი კონკრეტული მატჩისთვის გადაუხადოს თანხა - "ხურდა ფული" (740 ათასი დოლარი) მოედანზე ერთი გასვლისთვის.
რა თქმა უნდა, მას ნებისმიერ მომენტში შეეძლება ამერიკაში დაბრუნება -
დათანხმების ხუთი მიზეზი
1. გამოცდილება. კობი იტალიაში გაიზარდა, სადაც მისი მამა პროფესიულ დონეზე თამაშობდა. მას უყვარს ეს ქვეყანა, საკმაოდ კარგად ლაპარაკობს იტალიურად და არაერთხელ უთქვამს, რომ კარიერის დასრულებამდე ცოტა ხნით სიამოვნებით ითამაშებდა იტალიის ჩემპიონატში. სწორედ ახლა უჩნდება მას ასეთი შანსი, თანაც მსოფლიო კალათბურთის სუპერვარსკვლავის სტატუსით. საკუთარი სიამოვნებისთვის ცხოვრება, ოჯახისთვის საინტერესო გამოცდილების მიცემა - ამაში ცუდი არაფერია.
2. გუნდის დონე. მართალია, "ვირტუსი" ევროლიგაზე არ გამოდის, მაგრამ ის იტალიის ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. იქ კობის ძლიერი პარტნიორები ეყოლება, მაგალითად, კრის დაგლას-რობერტსი, რომელიც შარშან "მილუოკიში" თამაშობდა. კლუბისა და მთლიანად ჩემპიონატის დონე უფრო მაღალია, ვიდრე იმავე "ბეშიქთაშისა".
3. სათამაშო პრაქტიკის აუცილებლობა. თუ NBA-ში სეზონი მთლიანად გაუქმდება, ბრაიანტს, ნებისმიერ შემთხვევაში მოუწევს დროებითი ნავსაყუდელის ძებნა. ასეთ მოთამაშეებს, მით უმეტეს ვეტერანის ასაკში, უფლება არ აქვთ ერთი წელი კალათბურთის გარეშე გაატარონ. "ვირტუსში" ან რომელიმე სხვა კლუბში კობიმ მომავალ სეზონში აუცილებლად უნდა ითამაშოს. მაშინ რატომ უნდა თქვას უარი მეტ-ნაკლებად ნაცნობ კულტურაზე, შესანიშნავ ქვეყანასა და ნორმალურ ჩემპიონატზე?!
4. ფული. 740 ათასი დოლარი ერთი თამაშის სანაცვლოდ - ეს კობისთვისაც დიდი ფულია. ცნობისთვის, შარშან, "ლეიკერსში" თითო მატჩისთვის 302.5 ათას დოლარს იღებდა. ასე რომ, თუ ბრაიანტი დათანხმდება თუნდაც მოკლევადიან კონტრაქტს, ან სულაც საშინაო მატჩებში მონაწილეობას, ნებისმიერ შემთხვევაში მოგებული დარჩება და ეს არ იქნება ფუჭად დახარჯული დრო. სხვათა შორის მისი ხელფასი გარანტირებული იქნება სპონსორის - კომპანია Canadian Solar-ის მიერ. ის მოთამაშეს კონტრაქტით გათვალისწინებული თანხების მიღებისას პრობლემებს ააცილებს თავიდან. ასეთი რამ კი ევროპაში ხშირად ხდება.
5. კომფორტი. ცხადია, რომ "ვირტუსში" ბრაიანტს ყველაფრის უფლება ექნება. თამაში მასზე აეწყობა - მისი სურვილების, ძლიერი მხარეებისა და გამოცდილების გათვალისწინებით. დაქირავებულ თანამშრომელს ასეთ პირობებს იშვიათად სთავაზობდნენ.
უარის ხუთი მიზეზი
1. რისკი. თავისი ჯანმრთელობა უდიდესი თანხითაც რომ დააზღვიოს, ეს ნაკლები შვება იქნება მისთვის და "ლეიკერსის" გულშემატკივრებისთვის იმ შემთხვევაში, თუ კობი დიდი ხნით გამოვა მწყობრიდან. უმაღლეს დონეზე სათამაშოდ მას არც ისე დიდი დრო დარჩა, ამიტომაც რატომ უნდა გარისკოს თავისი ჯანმრთელობით ისეთ ლიგაში, რომელიც მის სიდიადეს ბევრს ვერაფერს შემატებს. ეს ადამიანი ცხოვრობს და სუნთქავს NBA-ის საჩემპიონო ბეჭდების მოგებისთვის და არა იტალიის ჩემპიონატის ცალკეულ მატჩებში გამარჯვებებისთვის.
2. ფული საინტერესო არ არის. კარიერის განმავლობაში, მხოლოდ კალათბურთის თამაშით ბრაიანტმა დაახლოებით 200 მილიონი დოლარი გამოიმუშავა (ამ თანხაში გათვალისწინებული არ არის სარეკლამო კონტრაქტები). "ლეიკერსთან" მიმდინარე ხელშეკრულებით კობიმ კიდევ 80 მილიონი უნდა მიიღოს. ამიტომაც შეიძლება ვივარაუდოთ, რომ იტალიაში სავარაუდო გადაბარგება ფინანსური ინტერესებით არ არის ნაკარნახევი. კობის სურს იტალიაში თამაში? მას ამის გაკეთება თავისუფლად შეეძლება NBA-ში კარიერის დასრულების შემდეგაც - ნებისმიერი კლუბი დიდი სიამოვნებით აიყვანს "ბებერ" კალიფორნიელს. მართალია, უფრო ნაკლებ თანხად, ვიდრე დღეს სთავაზობენ, მაგრამ ხომ შევთანხმდით, რომ კობის ფული აღარ აინტერესებს.
3. ვალდებულებები. ყველამ ვიხილეთ, როგორ გამართა "ფილადელფია სიქსერზმა" ორი კვირის წინ UCLA-ის უნივერსიტეტის დარბაზში საწვრთნელი თამაშები. ასეთ მატჩებსა და ვარჯიშებს ლიგის თითქმის ყველა კლუბი აწყობს და არც "ლეიკერსია" გამონაკლისი. მით უმეტეს, რომ დერეკ ფიშერმა ამის შესახებ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. რა თქმა უნდა, ამ აქციაში კობიმაც უნდა მიიღოს მონაწილეობა, ბოლონიადან კი ამის გაკეთება პრობლემური იქნება.
4. ისევ ვალდებულებები. დღეს NBA-ის მოთამაშეებს უფლება აქვთ კონტრაქტი გააფორმონ ნებისმიერ ევროპულ კლუბთან - ასოციაციამ მათ ამის ნება დართო. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველას გაუმართლებს. ევროპულ კლუბებში ლეგიონერთა ვაკანსიების რაოდენობა შეზღუდულია და თანდათან იკლებს. ბრაიანტის ბოლონიაში გადასვლა - რომელიმე მისი დაბალრეიტინგიანი კოლეგისთვის სამუშაო ადგილის წართმევის ტოლფასია. დღემდე კობი იდეალურად იქცეოდა, ჩნდებოდა მოთამაშეთა პროფკავშირების ღონისძიებებზე და სოლიდარობას უცხადებდა კოლეგებს - მათ უმუშევრობის პერიოდში ფულის სესხებაც კი შესთავაზა. "ვირტუსთან" კონტრაქტის გაფორმება კი კობის ამ ინიციატივებს ეწინააღმდეგება. სხვათა შორის ეს ეხება არა მხოლოდ ბრაიანტს, არამედ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის სხვა ვარსკვლავებს. არ ღირს "პურის ფულის" წართმევა იმ თანამემამულეებისთვის, რომლებსაც დასაქმების პრობლემა აქვთ.
5. რა აზრი აქვს გადასვლა? თუ კობი "ვირტუსში" მთელს სეზონს ჩაატარებს, ამით ავტომატურად გაიზრდება ტრავმის მიღების რისკი. თუ იტალიური კარიერა ერთი ან ორი თვე გაგრძელდება და ფულს თითო მატჩისთვის მიიღებს, ეს გუნდს დიდ სარგებლობას არ მოუტანს. თავად განსაჯეთ - რა სარგებლობა უნდა იყოს მოთამაშისგან, რომელიც სეზონში ექვს-შვიდ შეხვედრას ითამაშებს? უკეთესია, თუ კობი ოჯახთან ერთად ტურისტის როლში ჩავა იტალიაში.
დასკვნა ასეთია: ბრაიანტისთვის "ვირტუსის" ვარიანტი უკეთესია, ვიდრე "ბეშიქთაშის". თუ კობის ფული და იტალია ძალიან არ უყვარს, მაშინ ან მოკლევადიან ხელშეკრულებას დათანხმდება ან საერთოდ უარს იტყვის აპენინებზე.
P. S. გუშინ გავრცელდა Jersey-guide-ის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კობიმ ბოლონიაში სახლის ძებნა დაიწყო, თუმცა კალათბურთელი და მისი აგენტი ჯერჯერობით არ ადასტურებენ ამ ინფორმაციას.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"