NBA. რეგულარული ჩემპიონატი: "ინდიანამ" და "ჩიკაგომ" "მაიამი" გარეთ დატოვეს

AutoSharing Option
რეგულარული ჩემპიონატის ბოლო დღეს აღმოსავლეთი კონფერენციიდან პლეი ოფის ორი საგზურის ბედი ირკვეოდა. საბოლოოდ, "ინდიანას", "ჩიკაგოსა" და "მაიამის" შორის, ზედმეტი ფლორიდული კლუბი აღმოჩნდა და ის პლეი ოფის მიღმა დარჩა.

სამივემ შეძლო გუშინ მოგება. "ჩიკაგომ" 112:73 გაანადგურა რეგულარულის ყველაზე სუსტი გუნდი "ბრუკლინი". "ხარების" რიგებში უნდა გამოვარჩიოთ დებიუტანტი ფორვარდი პოლ ციპზერი, რომელმაც 21 ქულით კარიერის რეკორდი დაამყარა.

"ინდიანას" უფრო რთული მეტოქე ჰყავდა "ატლანტას" სახით, მაგრამ "ჰოქსმა" იმ დღეს დაასვენა კენტ ბეიზმორი, ტიმ ჰარდუეი, დუაიტ ჰოვარდი, პოლ მილსეპი და დენის შრიოდერი. მათ გარეშე, ატლანტელებმა
წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს "ინდიანას", რომლის რიგებში ორმაგი დუბლი შეასრულა პოლ ჯორჯმა - 32 ქულა და 11 მოხსნა.

"ჩიკაგოსა" და "ინდიანას" მოგებებმა წყალში ჩაყარა "მაიამის" მონდომება სეზონის მეორე ნახევარში. "ჰიტმა" ჩემპიონატი დაიწყო 11 მოგებითა და 30 წაგებით, მაგრამ "ყველა ვარსკვლავის უქმეების" შემდეგ, ფლორიდელებმა 30 თამაში მოიგეს და 11-ჯერ დამარცხდნენ, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა პლეი ოფში გასასვლელად - "მაიამი" დამატებითი მაჩვენებელებით ჩამორჩა "ჩიკაგოს".

* * *
აღმოსავლეთში განთესვის პირველი ნომერი მიიღო "ბოსტონმა". "სელტიქსმა" ფინალამდე ყველა სერიაში საკუთარი მოედნის უპირატესობა შინ "მილუოკის" დამარცხებით გაინაღდა. თუმცა აშკარა იყო, რომ ბოლო მატჩებში "კლივლენდი" დიდად აღარ იბრძოდა აღმოსავლეთში პირველი ადგილისთვის და ბოლო თამაშებში დაასვენა ლებრონ ჯეიმსი და თავისი სხვა ლიდერები. ლებრონს, კაირი ირვინგსა და კევინ ლავს გუშინ არ უთამაშიათ "ტორონტოს" წინააღმდეგ და საუკეთესო მექულე იმან შამპერტი გახდა 11 ქულით.

* * *
დასავლეთში ინტერესს იწვევდა ორი გუნდის თამაში. ცნობილი იყო, რომ პლეი ოფში "იუტა" "კლიპერსს" ხვდებოდა და უბრალოდ, გასაკვევი იყო - მათ შორის რომელს ექნებოდა საკუთარი მოედანის უპირატესობა.

"იუტამ" იყოჩაღა და ლიდერებით მოთამაშე "სან ანტონიო" დაამარცხა. ეს "ჯაზის" ზედიზედ მეცხრე მოგება იყო შინ, "სპურსმა" კი აშკარად მოუკლო სეზონის ბოლოს და პლეი ოფს ოთხმატჩიანი წაგებათა სერიით შეხვდა.
"იუტას" მონდომება წყალში ჩაყარა "კლიპერსმა", რომელმაც შინ უპრობლემოდ დაამარცხა "საკრამენტო" და დასავლეთის მეოთხე გუნდი გახდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული