მფლობელები მზად არიან

AutoSharing Option
გუშინ, ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის კლუბების მფლობელებმა სატელეფონო კონფერენცია გამართეს, რომლის დროსაც განიხილეს მოთამაშეებთან მოლაპარაკებები ლოკაუტთან დაკავშირებით. ამერიკული პრესის ინფორმაციით, მფლობელები პრაქტიკულად მზად არიან სეზონის გაუქმებისთვის.

"ჩვენ უბრალოდ არასაკმარისი დრო გვაქვს. მიუხედავად ამისა, მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მოლაპარაკება შევძლოთ. არავის არ უნდა სეზონის დაკარგვა, მაგრამ მფლობელთა ნახევარი მზად არის ეს ნაბიჯი გადადგას იმისთვის, რომ საბოლოოდ მომგებიანი ხელშეკრულება გააფორმოს", - ამბობს კონფერენციის ერთ-ერთი მონაწილე.

ამასობაში, მოთამაშეთა პროფკავშირების აღმასრულებელ დირექტორს ბილი ჰანტერს სჯერა, რომ მოლაპარაკებების პროცესში სირთულეების მიუხედავად, ჯერ კიდევ შესაძლებელია შემოკლებული რეგულარული
ჩემპიონატის ჩატარება.

"ჩვენ გვაქვს საკმარისი დრო იმისთვის, რომ NBA-ში შემოკლებული სეზონი ჩავატაროთ. თუმცა ამისთვის ორმხრივი თანხმობაა საჭირო. კლუბების მფლობელები ბოლო რამდენიმე წელია არ ასრულებენ საკუთარ მოვალეობებს და ძალიან ბევრს ითხოვენ მოთამაშეებისგან", - უკვე ათასჯერ ნათქვამი გაიმეორა ჰანტერმა.

მანვე ისიც აღნიშნა, რომ კალათბურთელებს თავისუფლად შეუძლიათ საკუთარი ლიგა შექმნან, რომელიც კონკურენციას გაუწევს NBA-ს.
"შესაძლოა, ჩვენ საკუთარი ლიგა შევქმნათ. გვაქვს დარბაზები, რომლებშიც მატჩებს ჩავატარებთ. თუ ვერ შევძელით "მედისონ სკვერ გარდენთან" მოლაპარაკება, არსებობს სენტ ჯონის უნივერსიტეტის არენა", - ამბობს ჰანტერი.

* * *
გაირკვა, რომ ლოკაუტის გამო კალათბურთელებს შორის ყველაზე მეტად "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ლიდერი კობი ბრაიანტი დაზარალდა. NBA-ში სეზონი დროულად რომ დაწყებულიყო, კობი 15 ნოემბრისთვის კლუბისგან მილიონ 576 ათას დოლარს მიიღებდა.

გამოთვალეს, რომ საშუალოდ NBA-ის მოთამაშეებმა ორი კვირის განმავლობაში 250 ათასი დოლარი დაკარგეს. კონტრაქტის მიხედვით კალათბურთელები ფულს სწორედ ყოველ ორ კვირაში იღებენ. ასევე დათვლილია, რომ ოთხი თვის განმავლობაში მოთამაშეები ჯამში 100 მილიონ დოლარს დაკარგავენ.

* * *
სულ უფრო აქტიურად ვრცელდება ინფორმაციები NBA-ის მეგავარსკვლავების ევროპაში სავარაუდო გადაბარგების შესახებ.

მაგალითად, "მაიამი ჰიტის" ერთ-ერთმა ლიდერმა დუეინ უეიდმა განაცხადა, რომ მზად არის განიხილოს წინადადებები უცხოური კლუბებისგან: "ვუთხარი ჩემს აგენტს, რომ დაიწყოს შეთავაზებების განხილვა. სწორედ ამის დრო დადგა. დიდია იმის ალბათობა, რომ NBA-ში სეზონი არ იქნება, ასე რომ, საჭიროა სხვა ვარიანტებს გავეცნო. სერიოზულ დონეზე თამაში მსურს. ერთხელ მომიწია წლის გამოტოვება და არ მინდა ეს კიდევ ერთხელ განმეორდეს, რადგან კარიერის დასრულებამდე არც ისე დიდი დრო რჩება".

"ოკლაჰომა-სიტის" ლიდერის კევინ დურანტის აგენტმა აარონ გუდვინმა კი დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მისი კლიენტი მოლაპარაკებებს აწარმოებს გერმანიის "ბაიროიტთან". მიუხედავად ამისა, ჯერ საკმაოდ შორია კონტრაქტის გაფორმებამდე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული